გურჯი სათბურების ოსტატი ფესვებთან ბრუნდება
"ხუთი წლის წინ ფერეიდანში ჩვენი საწარმო საუკეთესო საწარმოდ დაასახელეს. სოციალურ ქსელში მსურველებს ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ, სწავლება ქართულად უფასოა", - გვეუბნება სადეყ ლაჩინანი (ლაჩინაშვილი). ის სოციალურ ქსელში ფერეიდნელი ფერმერის სახელით გადასცემს თავის ცოდნას დაინტერესებულ ადამიანებს, აქვს საიტიც. 38 წლის ფერმერი აგრონომია. სკოლა ფერეიდანში დაასრულა, უნივერსიტეტი - ქალაქ აჰვაზში, ჰყავს მშობლები, ორი უმცროსი ძმა, დაოჯახებულია და გოგონა მესამეკლასელია. ამჯერად ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში სათბური ააშენა და ჩვენც სადეყ ლაჩინაშვილს დავუკავშირდით.
- ფერეიდანში ვცხოვრობთ, სადაც უმეტესობას შენარჩუნებული გვაქვს ჩვენი იდენტობა. ქართველს ვერ ნახავთ ირანში, გადასახლებიდან 400 წლის მერეც, თავი ირანელად მიაჩნდეს. უმეტესობა კვლავაც ფიქრობს, რომ ერთ დღეს თავის სამშობლოში, საქართველოში დაბრუნდება.
ფერეიდანში ორი სათბური მაქვს, დიდი ბაღი, ღია გრუნტის მეურნეობაშიც ბევრს ვმუშაობ. ამ საქმეში 15-წლიანი გამოცდილება მაქვს. კრიზისებიც გადავლახე და დღეს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ მინდა სამშობლოში დავბრუნდე.

- კახეთი რატომ აირჩიეთ?
- მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს რომელ კუთხეში ვიქნები. მთავარია, ჩემს საქმეს ხელი მოვკიდო. ჩემთვის საამაყო ის არის, ავაწყო ბიზნესი, ხალხი დავასაქმო, ჩემი გამოცდილება საქართველოს მოვახმარო. მეგობარი მყავს კახეთიდან, რომელიც ახლა საქართველოში არ ცხოვრობს. მას ეკუთვნის ლელიანში სათბურის აშენების იდეა. ავაგეთ და ახლა დათესვას ვგეგმავთ.
ირანი სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი ძლიერი და დიდი გამოცდილების ქვეყანაა. მაგრამ საქართველოს უდიდესი პოტენციალი აქვს. არ შეიძლება ამხელა პოტენციალი არ გამოიყენო. ამიტომ ქართველებს, ქართულ კომპანიებს უნდა შეეძლოთ სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა, უნდა გააკეთონ ქვეყნისთვის სასიკეთო რამ...
- ალბათ, არ იყო ადვილი ჩანაფიქრის ასრულება.
- არ იყო მარტივი... მე და ჩემი უმცროსი ძმა ერთად ჩამოვედით საქართველოში. როცა უნივერსიტეტის დამთავრებისას ბიზნესის დაწყება მსურდა, ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი. არც ფინანსები მიწყობდა ხელს, მაგრამ აგრონომი ვარ და სოფლის მეურნეობაში მინდოდა მემუშავა. მეგობართან სათბური ვნახე და ძალიან მომეწონა. მივხვდი, ჩემთვის შესაფერისი საქმე იყო და დიდი პერსპექტივაც ჰქონდა. ბავშვობიდან მე და ჩემი ძმა სამშენებლო საქმეებზე ვმუშაობდით, ცოტა გამოცდილება გვქონდა და ვიფიქრე, პირველი სათბური თავად აგვეშენებინა, თან გზადაგზა ბევრ რამეს ვსწავლობდით. შემდეგ მეორე ავაშენეთ, სხვასაც ავუშენეთ და გამოცდილებაც დაგვიგროვდა. სულ მინდოდა საქართველოში რაღაც შემექმნა და როცა ადგილზე ბევრი რამ ვნახე, მივხვდი, რომ ყველაზე კარგად ეს შემეძლო. სასათბურე კულტურებზეც დიდი გამოცდილება მაქვს, მათ შორის სოკოზეც ბევრი მიმუშავია. ოჯახებს შეუძლიათ სოკოს მოყვანის მთლიანი პროცესი მართონ, თესლის გამოყვანით დაწყებული. ყველანაირი პრაქტიკული მეთოდი ჩემთან ონლაინ ისწავლება, სრულიად უსასყიდლოდ.
- ფიქრობთ საქართველოში ოჯახებით საცხოვრებლად გადმოსვლას?
- ჯერჯერობით, საქართველოში ჩემი ბიზნესი იმდენად არ არის გაზრდილი, რომ ოჯახით ჩამოსვლა შემეძლოს. ვფიქრობ, გაზაფხულიდან პირველ ეტაპს დავასრულებთ და ოჯახით ჩამოვალ. თუ ბიზნესი კარგად აეწყობა, მუდმივად დავრჩებით, თუმცა, ერთი უდიდესი პრობლემა გვაქვს: მოქალაქეობა არ გვეძლევა და უცხოელებად ვითვლებით. საბუთი მოგვცეს, რაც ადასტურებს, რომ ქართველები ვართ, საქართველოს გარეთ ვცხოვრობთ და აქ დარჩენა მხოლოდ 45 დღით შეგვიძლია. შემდეგ უნდა წავიდეთ და გარანტია არა გვაქვს, კიდევ დაბრუნებას შევძლებთ თუ არა. ახლა ვცდილობ ერთწლიანი ბინადრობა მაინც გავაკეთო. ბავშვი სკოლაში დადის და თუ ერთ წელიწადზე ნაკლებით დავრჩები, აქაურ სკოლაში ვერ წავა. უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ უცხოელები ვართ ჩვენს საქართველოში. სახლის ყიდვა მხოლოდ დიდ ქალაქებში შეგვიძლია, მე და ჩემს საქმეს, მეურნეობას კი სოფელში სახლი სჭირდება. ეზოიანი სახლი რომ ვიყიდო და სათბური ავაშენო, არც ამის უფლება მაქვს. მაინცდამაინც ჰექტრები არ მინდა, მხოლოდ სოფლის ეზოიანი სახლის შეძენა მსურს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს. ყოველთვის ვგრძნობ, რომ ჩემს სამშობლოში, ჩემს ოჯახში მოვდივარ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, თავს რომ მუდამ აქაურად მაგრძნობინებენ... აქ რომ დავბრუნდე, ბევრი პრობლემა უნდა გადავლახო, მაგრამ არ დავიღლები. კანონის მიხედვით, ათი წლის მერეც რომ იყოს მოქალაქეობა, მაინც გავაკეთებ! არ ვაპირებ, ჩემი მომავალი თაობა ირანში, საქართველოსგან შორს დარჩეს!