„ავტოვაზის“ ევაკუაციისთვის, „ლადა-ნივას“ მილიონობით რუსი გამწარებული მფლობელი, უკრაინული კამიკაძე-დრონების „მადლიერნი“ დარჩნენ... - კვირის პალიტრა

„ავტოვაზის“ ევაკუაციისთვის, „ლადა-ნივას“ მილიონობით რუსი გამწარებული მფლობელი, უკრაინული კამიკაძე-დრონების „მადლიერნი“ დარჩნენ...

რუსეთის სამარას ოლქის ქალაქ ტოლიატიში მდებარე ნავთობქიმიურ ქარხანა „ტოლიატკაუჩუკზე“ უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა მორიგი მასირებული დარტყმა განახორციელეს.

თავდასხმის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა და ცაზე სქელი შავი კვამლის სვეტები აღიმართა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკა დაიწყო

„ტოლიატკაუჩუკში“ (რომელიც ჯგუფ „ტატნეფტის“ შემადგენლობაში შედის) იწარმოება სინთეტიკური კაუჩუკი, მონომერები და ბენზინის დანამატები. აღნიშნული ნედლეული კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამხედრო მრეწველობისთვის, კერძოდ — ტაქტიკური და ბალისტიკური რაკეტების მყარი საწვავის წარმოებისთვის. საწარმო რუსეთის სინთეტიკური კაუჩუკის ბაზრის დაახლოებით 25%-ს აკონტროლებს

დარტყმის ფონზე სამარას ოლქში გამოცხადდა დრონების საშიშროების რეჟიმი, დროებით შეიზღუდა ადგილობრივი აეროპორტის მუშაობა და გავრცელდა ცნობები მეზობლად მდებარე ავტოგიგანტ „ავტოვაზიდან“ თანამშრომლების ევაკუაციის შესახებაც.

„ავტოვაზი“ წელიწადში საშუალოდ 300 000-დან 400 000-მდე ავტომობილს აწარმოებს. 2025 წელს კომპანიამ 324 558 Lada-ს მარკის ავტომობილი გამოუშვა.

რუსეთში რეგისტრირებულია დაახლოებით 12,6 მილიონი Lada-ს (VAZ) მარკის მსუბუქი ავტომობილი. რუსეთში აღრიცხვაზე მყოფი ყოველი მეოთხე მსუბუქი მანქანა Lada-ს მარკისაა, რაც ქვეყნის მთლიანი მსუბუქი ავტოპარკის დაახლოებით 27%-ს შეადგენს. ამ მანქანების უდიდესი ნაწილი (9,5 მილიონზე მეტი) საკმაოდ მოძველებულია და გამოშვებულია 2016 წლამდე.

კომპანია „ავტოვაზი“ კვლავ რჩება რუსეთის ავტოპარკის უპირობო ლიდერად, თუმცა „ავტოვაზის“ მიერ გამოშვებული ავტომობილების ხარისხი ტრადიციულად დაბალი საიმედოობით, მოძველებული ტექნოლოგიებითა და ბიუჯეტური მასალებით ხასიათდება.

სანქციების მოქმედებით, დასავლური კომპონენტების დეფიციტის გამო, ქარხანა იძულებული გახდა გამოეშვა მანქანები უსაფრთხოების ბალიშების, ABS-ის, სტაბილიზაციის სისტემებისა და ეკოლოგიური კონტროლის გარეშე.

ამჟამად ევროპული ნაწილები ჩანაცვლებულია ჩინური ან ადგილობრივი ალტერნატივებით, რაც ხშირად იწვევს თავსებადობისა და გამძლეობის პრობლემებს.

ხშირია ახალ მანქანებზეც კი ელექტრონიკის გაუმართაობა, სითხეების გაჟონვა და დეტალების უხარისხო აწყობა.სალონში გამოყენებულია უხეში და იაფი მასალა, რომელიც მალევე იწყებს ჭრიალს.ხმის იზოლაცია მინიმალურია, რაც მგზავრობას ნაკლებად კომფორტულს ხდის მაღალ სიჩქარეზე.ძველი მოდელები (მაგ. „ნივა“) კვლავ მიდრეკილია სწრაფი დაჟანგვისკენ.

„ლადებისა“ და „ნივების“ ხარისხით ძალზე უკმაყოფილო რუსი მომხმარებლები, არჩევანის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობას ჩინურ ავტომობილებს ანიჭებენ, რის გამოც „ავტოვაზი“ იძულებული გახდა, წარმოება პერიოდულად შეეჩერებინა, მოსკოვში დილერების რაოდენობა შეემცირებინა და მუშაობის ოთხდღიან რეჟიმზე გადასვლა განეხილა.

სოციალურ ქსელებში, „ლადებისა“ და „ნივების“ უკმაყოფილო რუსი მფლობელები დამცინავად აკომენტირებენ „ავტოვაზის“ ევაკუაციას ტოლიატზე უკრაინული საჰაერო შეტევების გამო და „მადლობას“ უხდიან უკრაინელ სამხედროებს იმისთვის, რომ ისინი მაინც „სჯიან“ „ავტოვაზის“ ხელმძღანელობას ისეთი უხარისხო მანქანების გამოშვებისთვის, რომლებიც მათ მფლობელებს წლების განმავლობაში აწამებენ...