„უკრაინაში ომი დონბასისთვის მიმდინარეობს“- ნუთუ თეთრ სახლში მართლაც ვერ ხვდებიან რუსეთ-უკრაინის ომის მთავარ მიზეზებსა და მიზნებს?
აშშ-ის დღევანდელმა ხელისუფლებამ მორიგი ძალზე საკამათო თეზისი გაავრცელა...
უკრაინაში ომი დონბასისთვის მიმდინარეობს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.
„ხალხი განუწყვეტლივ საუბრობს იმაზე, რომ ეს არის ომი უკრაინაში. ეს ომი დონბასს უკავშირდება. ის ქვეყნის ერთ რეგიონს უკავშირდება. არსებითად, ეს უკავშირდება ამ ქვეყნის ერთ-ერთი ნაწილის 11%-ს, რომელიც რუსეთს სურს და რომლის აღებასაც სამხედრო გზით ვერ ახერხებს, ხოლო უკრაინას მისი დათმობა არ სურს“, - განაცხადა რუბიომ.
ანუ პრეზიდენტ ტრამპის გარემოცვაში მართლაც დარწმუნებულები არიან იმაში, რომ რუსეთ-უკრაინის მეხუთე წელში გადასული ეს ფართომასშტაბიანი და დაუნდობელი ომი მაშინვე შეჩერდება, როდესაც პუტინი თავის ავადმყოფურ დაჟინებას დაიკმაყოფილებს და უკრაინის დონბასს სრულად დაიპყრობს?
მაშინ რატომ არის ამ ომის ფრონტის ხაზი გადაჭიმული 1 200 კმ-ზე მეტად და რატომ უტევენ რუსეთის საოკუპაციო ძალები დონბასის დარჩენილი არაოკუპირებული ნაწილის გარდა უკრაინის ზაპოროჟიეს სამხრეთიდან,ხოლო სუმი-ხარკოვს ჩრდილოეთიდან?
ნუთუ პენტაგონში აღარ დარჩნენ მაღალპროფესიონალი გენერლები,რომლებსაც შეუძლიათ აუხსნან ტრამპსა და მის გუნდს,რომ დონბასის სრული დაპყრობის შემდეგაც რუსეთის გენშტაბის ოპერატიული გეგმები ითვალისწინებს ახალი შეტევების მიმართულებებს ქალაქების დნიპროსა და ზაპოროჟიეს დასაპყრობად და რუსეთის საოკუაპაციო ძალების მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გასასვლელად?
ან კიდევ,ძნელია იმის გაანალიზება,რომ პუტინის დავალება თავისი გენერლებისთვის ისევ ძალაში რჩება,ნიკოლაევი-ოდესის მიმართულებით შეტევების განახლების მიზნით,რომ უკრაინას აზოვის ზღვის შემდეგ,შავ ზღვაზეც ჩაუკეტონ გასასვლელი?
კიევზე ხელახალი შეტევების ორგანიზება და უკრაინის დედაქალაქის დაპყრობისა და უკრაინის სრული ოკუპაციის სურვილიც ხომ არ გამქრალა კრემლში?
მაშინ, ასე მარტივ დონემდე რატომ დაჰყავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს პუტინის „მადა“,რომელსაც დონბასის სრულად „შესანსლვაც“ არ „გააძღობს“ და პირიქით, „მადა ჭამაში მოუვა“?
ყველაფერ ამის ფონზე,კარგი ის მაინცაა,რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხვდება,თუ უკრაინას რატომაც არ სურს დონბასის უბრძოლველად დათმობა.
„უკრაინას ძალიან კარგი მიზეზები აქვს, თუ რატომაც არ სურს დონბასის დათმობა.ეს მის სუვერენიტეტსა და გრძელვადიან უსაფრთხოებას ეხება. კითხვა იმაში მდგომარეობს, არსებობს თუ არა კომპრომისის შესაძლებლობა. იმისთვის, რათა ეს ომი დასრულდეს, ორივე მხარეს მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა. ეს ომი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.მაგრამ,კომპრომისი უკრაინის მხრიდან აგრესორ რუსეთთან,როგორიღა უნდა იყოს,მაინცდამაინც კრამატორსკი-სლოვიანსკის აგლომერაციის მოლაპარაკებებით ჩაბარება,რისკენაც ამერიკული მხარე უბიძგებს კიევს?
ყოველ შემთხვევაში,ბოლო მოლაპარაკებების დროს ამერიკელებმა გააჟღერეს შემდეგ ვარიანტი-დონბასის იმ ნაწილში,სადაც დღეს ბრძოლები მიმდინარეობს,გამოცხადდეს ბუფერული ზონა და შეწყდეს ცეცხლი,რის სანაცვლოდაც უკრაინა უარს აცხადებს ნატოში გაწევრიანებაზე,თუმცა ევროკავშირის სტრუქტურებში ერთიანდება,რუსეთს კი უხსნიან საერთაშორისო სანქციების ნაწილს...
უკრაინა(რომელიც მიხვდა,რომ მას, საქართველოსი არ იყოს,თავიდანვე მწარედ ატყუებდნენ ნატოში გაწევრიანების ცრუ დაპირებებით)თანახმაა თუნდაც დღესვე ცეცხლის შეწყვეტისა,ოღონდ ფრონტის მთელ ხაზზე და მოწინააღმდეგე მხარეების პოზიციების „გაყინვის“ სახით,ოღონდ კიევი კატეგორიულად გამორიცხავს დაეთანხმოს რუსეთის მიერ აქამდე ოკუპირებული უკრაინული მიწების ოფიციალურად აღიარებას.
კიევში არცთუ უსაფუძვლოდ შიშობენ,რომ კრემატორსკი-სლოვიანსკის აგლომერაციის ბეფერულ ზონად გამოცხადების შემთხვევაში არ იარსებებს არავითარი რეალური გარანტია,რომელიც ბოლომდე გამორიცხავდა პუტინის არმიის მოულოდნელად შეტევაზე გადასვლას დონბასის ბოლო,არაოკუპირებული ამ ქალაქების დასაპყრობად,კრემლის ისეთივე „მოტყუების მექანიზმით“,რაც მან საქართველოს მიმართ განახორციელა აფხაზეთის ომის დროს, ჯერ გაგრისა და შემდეგ სოხუმის წინაათმდეგ,მანამდე დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების ვერაგული დარღვევით...
ამასთან,სწორედ კრამატორსკი-სლოვიანკის აღმოსავლეთ მისადგომებთან უკრაინის არმიას მოწყობილი აქვს სერიოზული თავდაცვითი ზღუდეები,რომელთა შესაქმნელად წლები და უზარამაზრი რესურსები დაიხარჯა და მათი უბრძოლველად ჩაბარება წელში გატეხდა უკრაინის დამცველებს,რადგან აქედან დასავლეთით,მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპირომდე ტრამალებზე სწრაფი შეტევებით წინსვლა, რუსეთის საოკუპაციო ძალებს ძალიან გაუდვილდებოდათ...
მილიონობით პატრიოტი უკრაინელის ოცნებას,კრემლის მუდმივმა ბინადარმა იქნებ რაც შეიძლება მალე სხვა სამყაროში გადაინაცვლოს,რომ როგორმე დასრულდეს ეს საშინელი ომი,ემატება ახალი ოცნებაც-როგორმე კიდევ ორი წელი გავუძლოთ თეთრი სახლიდან მისი 47-ე ბინადარის საბოლო წასვლასო...