"ოთახში ბუნებრივი აირი გაუშვა და  უბედური შემთხვევის ინსცენირება მოაწყო"- ვინ არის 4 შვილის დედა, რომელიც ქმარმა მოკლა - კვირის პალიტრა

"ოთახში ბუნებრივი აირი გაუშვა და  უბედური შემთხვევის ინსცენირება მოაწყო"- ვინ არის 4 შვილის დედა, რომელიც ქმარმა მოკლა

ფოთში კაცმა ცოლი მოკლა. ჩვენი ინფორმაციით, მოკლული ქალი ინგა ყალიჩავაა, მის მკვლელობაში ბრალდებული კი მისი ქმარი ზაზა კარბაიაა. გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კაცმა დღეს დილით 112-ში თავად დარეკა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს სახლში ქალი გარდაცვლილი დახვდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, როგორც ირკვევა, ძალოვნებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია და დანაშაულის ერთ-ერთ მოტივად ეჭვიანობა სახელდება. არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის დროს ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ

დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. ერთი ვერსიით, დამნაშავემ ცოლი ბალიშით გაგუდა, რის შემდეგ ოთახში ბუნებრივი აირი გაუშვა და უბედური შემთხვევის ინსცენირება მოაწყო.

“ეს ამბავი რომ გავიგე, დავინტერესდი ვინ იყო მოკლული ქალი, ბაზრის ბინებში ვცხოვრობ და ცოლ-ქმრის ფოტო რომ ვნახე, ვიცანი ისინი. ადრე, დიდი ხნის წინ ჭანტურიას ქუჩაზე ქირით ცხოვრობდნენ. ოთხი შვილი ჰყავთ და სულ ერთად დადიოდნენ. მერე გადავიდნენ სხვაგან და კარგა ხანია არ მინახავს. არ ვიცი ეს უბედურება რატომ დატრიალდა, ვერაფერს გეტყვით”, - მითხრა ადგილობრივმა.

მეტი დეტალის გასაგებად ახლობელს დავუკავშირდით:

“მომხდარის დეტალებზე ვერაფერს გეტყვით. გაოგნებულები ვართ ყველანი, ვინც ვიცნობდით ამ ოჯახს. ახლახან გავიგე ეს ამბავი. მხოლოდ კარგის მეტი არაფერი შემიძლია ვთქვა ამ ოჯახზე. ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდათ და არ ვიცი რა მოხდა ასეთი, რომ ამხელა უბედურება დატრიალდა. მე თვითონ შოკში ვარ. ინგა ოთხი შვილის დედა იყო. დიდი შვილები ჰყავთ, მართლა შოკში ვარ. ძალიან კარგი დედა იყო. კარგი ოჯახი ჰქონდათ, რა მოხდა, რამ გადარია ზაზა, არ ვიცი. მე მათი ჩხუბი არასოდეს გამიგია. პირდაპირ შოკში ვარ. ქმარი, ზაზა დევნილია აფხაზეთიდან, თვითონ ინგა ჩხოროწყუდან იყო. ვიცნობდი ოჯახს და ამ ოჯახზე, მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა და კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვიცი რა მოხდა იქ. ვუსამძიმრებ მის შვილებს ამ დიდ ტრაგედიას”.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

თეა ხურცილავა

(სპეციალურად საიტისთვის)