"არ გიღალატებთ, მალე შევხვდებით"
მუხლის ჯვარედინი იოგის გაწყვეტა ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი დაზიანებაა ფეხბურთელისთვის, რომელიც თითქოს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ფეხბურთელის შესაძლებლობებს და ყველას აფიქრებინებს, იქნება თუ არა ეს ფეხბურთელი ისევ ისეთი.
2020 წლის ოქტომბერში ვირჯილ ვან დაიკმა "ლივერპულში" თამაშისას წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა. ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ ის ფეხბურთს დაუბრუნდა.
ალან შირერმა კარიერის დასაწყისში, 1992 წელს, წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, თუმცა მოგვიანებით ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან თავდამსხმელად იქცა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 2017 წელს მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო. ოპერაციისა და რეაბილიტაციის შემდეგ ის უმაღლესი დონის ფეხბურთს დაუბრუნდა.
მსგავსი ტრავმა კალათბურთელებსაც მიუღიათ. კაირი ირვინგს 2025 წლის მარტში მარცხენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაუწყდა. ტრავმის გამო მას დიდი ხნით მოუწია თამაშის გამოტოვებამ, დაბრუნების შემდეგ კი ფორმა ვეღარ აღიდგინა.
"რუსეთში წავედი. მოსკოვში. 17 წლის, თითქმის 18-ის და სრულიად მარტო. მამა ძალიან ღელავდა. ეს ჩემთვისაც რთული იყო - ოჯახის დატოვება მომიხდა, დასტრესილი ვიყავი. მაგრამ როცა ვარჯიში დავიწყე, საკუთარ თავს ვკითხე: "რისთვის მოვედი აქ? მაისურზე ჩემი ოჯახის გვარი წერია, ანუ ისინი ჩემთან არიან. მათთვისაც უნდა ვიმუშაო. არა მხოლოდ ჩემთვის. იმედს ვერ გავუცრუებ. ჩემით უნდა იამაყონ", - იხსენებს ხვიჩა კვარაცხელია.
გავიდა ხანი და არა მხოლოდ ოჯახის გვარი, მაისურზე უკვე "საქართველო" გაწერია და ზურგით მხოლოდ ოჯახის სიამაყეს არ ატარებ. ამიტომ უნდა დაბრუნდე. შენი ჟინით, შენი ქვეყნისთვის.
"საწვრთნელ ბაზაზე ცხოვრება მოსაწყენი იყო. მეგობრების გარეშე. მხოლოდ მე და დაცვის ბიჭები ვიყავით. დანარჩენი ფეხბურთელები სხვაგან ცხოვრობდნენ. ღამე ბაზაზე განათება არა გვაქვს. ხანდახან სიბნელეში ვვარჯიშობ, თუმცა არ ვნებდები. იშვიათად, დაცვის ბიჭი შემოივლის ხოლმე. სიბნელის გამო შეშინებულია.
- ჰეი, ვინ დარბის ბალახზე?
- მე"...
"ბევრს უთქვამს მსოფლიოში, ყველა ფეხბურთელი რომ თამაშის წინ ლოცულობდეს, მატჩი ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო, მაგრამ მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, თუმცა ამაოდ. დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს - რატომ მაინცდამაინც მე? არასდროს არაფერი დამიკლია თამაშისთვის, საუკეთესოდ მოვემზადე. მეგონა, ყველაფრისთვის მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა, და მაინც ვხვდები, რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მოედანზე მყოფი სხვა ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავატარო. ვიცი, რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემ გვერდითაა. არ გიღალატებთ, პირობას ვდებ, წამს არ დავაკლებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. მალე შევხვდებით. ხვიჩა კვარაცხელია"
დღეიდან უამრავი ღამე იქნება, სადაც შენი ბრძოლები უნდა მოიგო. ძალიან ბევრჯერ დასვამ კითხვას - "რატომ მე?!" ზოგჯერ შესაძლოა დანებებაც მოგინდეს, მაგრამ შედეგი წინასწარ ვიცით. როდის დანებებულხარ! მთავარი ბრძოლები ისევ უსინათლობაში გექნება. ღამე, დაძინებამდე, რუტინულ კითხვებს დასვამ. ისევ და ისევ, გამუდმებითა და აკვიატებით და მაგ დუელიდან ყველა ჯერზე გამარჯვებული უნდა გამოხვიდე. სიბნელეში ვარჯიშის შემდეგ შენ მარტო აღარ ხარ. ჩვენ ერთად ვართ, ერთ ძლიერ მუშტად, ერთ ძლიერ ერად. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ლხინსა და ჭირში.
კრიშტიანუ რონალდუ: "ფეხბურთში ყველაზე რთული ბრძოლები ხშირად ისეთია, რომლებსაც ვერავინ ხედავს. მე კარგად ვიცნობ ამ გრძნობას, კვარა, მაგრამ არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე და არ მისცე უფლება რთულ მომენტს, ეჭვი შეიტანო იმაში, თუ რამდენის მიღწევა შეგიძლია. არ ჩააქრო ეს ცეცხლი. შენი საუკეთესო პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის".
ნიკოლოზ თევდორაშვილი