ყავარჯენი... „ოქროს ბურთის“ წინ
სეზონი დაიხურა. საფეხბურთო წარმოდგენები, ჯადოსნური საღამოები, რომლებსაც ხვიჩა კვარაცხელიამ მიგვაჩვია, მომავალ წლამდე გადაიდო. "ბარსელონასთან" მატჩის დროს კვარამ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი (ACL) გაიწყვიტა. ფეხბურთში ეს ერთ-ერთ ყველაზე რთულ ტრავმად მიიჩნევა, სარეაბილიტაციო პერიოდი კი, საშუალოდ, 7-9 თვე გრძელდება...
პარიზულ კლუბში შეშფოთებული ფიქრობენ, როგორ ითამაშონ ქართველი ვარსკვლავის გარეშე, რომელიც მიმდინარე სეზონის სტარტს უჩვეულოდ ინერტული კი შეხვდა (ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის გარდა, ამის მიზეზები მწვრთნელების გადაწყვეტილებებშიც უნდა ვეძებოთ), მაგრამ "პარი სენ-ჟერმენისთვის" ხვიჩა შეუცვლელი ფეხბურთელია და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია გასულ სეზონებშიც და წელსაც - როცა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა მიეცა.
ოღონდ პარიზულმა კლუბმა თავისი იდარდოს (პსჟ-ში არავის სჯერა, რომ აკლიუში ან გოდსი კვარაცხელიას სრულფასოვნად ჩანაცვლებას შეძლებენ, ამიტომაც უკვე დაიწყეს ლაპარაკი იანვრის სატრანსფერო "ფანჯრის" დროს ახალი "ვინგერის" დამატებაზე), ჩვენ კი იმაზე ვიფიქროთ - რა ეშველება ისედაც უთავბოლოდ მოთამაშე საქართველოს ნაკრებს კაპიტნისა და ლიდერის გარეშე - ხვიჩა ხომ მხოლოდ კაპიტანი არ არის?! ბოლო რამდენიმე წელიწადია, ის ეროვნული ნაკრების უპირობო ლიდერი, ბომბარდირი და იმედია.
ჰოდა, მივადექით კიდეც პრობლემას, რომელიც არამხოლოდ მარგი ქმედების კოეფიციენტს - ჯანმრთელობასაც საფრთხეს უქმნის. ფეხბურთელები დოღის ცხენები არ არიან, ლიმიტი მათ გამძლეობასაც აქვს. არ შეიძლება მწვრთნელისა და გუნდის ინტერესებს ფეხბურთელის ჯანმრთელობა შესწირო!
გახსოვთ, უმძიმესი ტრავმის მიღებამდე წამებით ადრე, რამხელა მანძილი რა ინტენსივობით გაირბინა ხვიჩა კვარაცხელიამ, "ბარსელონას" 19 წლის მცველს - ხავი ესპარტს რომ დასწეოდა და ბურთი დაებრუნებინა?! მილანის "ინტერთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალში, საიდან დაეწია და აართვა ბურთი (იმ მომენტში, პსჟ უკვე 4:0 იგებდა!) დენზელ დუმფრისს? გვესმის, რომ თანამედროვე ფეხბურთში სათამაშო პოზიციები ლამის ფორმალობად იქცა, უნივერსალიზმიც ყველას მოეთხოვება და თანაგუნდელების დახმარებაც, მაგრამ... შეუძლებელია, რომელიმე ფეხბურთელმა მთელი მატჩის განმავლობაში, მთელ მოედანზე გაუჩერებლად ირბინოს! ლუის ენრიკეს ხელში კვარა გუნდისთვის კიდევ უფრო სასარგებლო მოთამაშედ იქცა, მაგრამ დაცვაში გაუთავებელმა ჩარბენებმა, შეტევითი პოტენციალის გარდა, ხვიჩას ჯანმრთელი მუხლი და ყველაზე კარგ შემთხვევაში - მინიმუმ ნახევარი წელი დააკარგვინა!
ორთაბრძოლის ან დაცემის დროს კი არა, სპორტსმენები გაცილებით "უწყინარ" სიტუაციაში დაშავებულან, მაგრამ ერთია შემთხვევა და უიღბლობა, მეორე - გადამეტებული დატვირთვით ტრავმის პროვოცირება... შორს რომ არ წავიდეთ და ხვიჩას პოზიციაზე მოთამაშე სხვა ვარსკვლავებს თავი დავანებოთ, პსჟ-ს შემტევებიდან რამდენს ჩამოთვლით - დაცვას იმავე დოზით ეხმარებოდეს, იმდენს დარბოდეს მთელ მოედანზე, რამდენსაც ქართველი გარემარბი?!
შემთხვევითი არ არის ლუის ენრკეს ფრაზები ერთ-ერთი ინტერვიუდან: "ერთმა სკაუტმა მითხრა: "ბურთს ნუ უყურებ, მცველებს შეხედე". მართლაც: ყოველთვის, როცა ხვიჩა ბურთს იღებდა, მეტოქე გუნდის ორი ან სამი მოთამაშე მაშინვე იცვლიდა პოზიციას მის შესაჩერებლად. მოწინააღმდეგის მთელი განლაგება ერთი მოთამაშის გამო იცვლებოდა. 20 წუთის შემდეგ კვარაცხელიას დრიბლინგის ყურება შევწყვიტე და თამაშზე მისი გავლენის ყურება დავიწყე..."
არავინ დაობს: "თამაშზე ხვიჩას გავლენა" ესპანელი მწვრთნელის ხელში კიდევ უფრო გაიზარდა. მაგრამ არ შეიძლება, გუნდის ერთ-ერთ ყველაზე კრეატიულ შემტევს მთელი ფლანგის გაკონტროლება, დაცვაში გაუთავებლად სირბილი დაავალო...გამძლეობის ლიმიტი ყველა ადამიანს აქვს და ხვიჩაც კი, რომელმაც მიგვაჩვია, რომ უდიდეს დატვირთვებსაც უძლებდა და მეტოქის მცველების გაუთავებელ უხეშობასაც, ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე რთულ ტრავმამდე "მიირბინა".
თუმცა, აქვე ისიც ვთქვათ, რომ თანამედროვე სპორტში იოგების გაწყვეტა აღარ არის ისეთივე მკაცრი განაჩენი, როგორიც 30 ან თუნდაც 10 წლის წინ იყო. მუხლის წინა იოგის გაწყვეტა, უკანასთან შედარებით, უფრო მსუბუქ (თუ გაწყვეტას შეიძლება "მსუბუქი" ვუწოდოთ) დაზიანებად მიიჩნევა. დღეს არსებული ართროსკოპიული მეთოდები და გრაფიტების, ანუ - ახალი იოგების გამოყენება ფეხბურთელს შესაძლებლობას აძლევს, ტრავმამდელ კონდიციას დაუბრუნდეს. ხვიჩას გამძლე ორგანიზმი და მტკიცე ხასიათი აქვს (ასეთი ტრავმების შემდეგ მთავარ პრობლემად ფსიქოლოგიური ფაქტორი, მოედანზე დაბრუნების შიში იქცევა ხოლმე) და დარწმუნებული ვარ, იმაზე ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე გვგონია. შეუძლებელია, მოთამაშე, რომელმაც ქართველებს ფეხბურთი, სიამაყე, გამარჯვების გემო დაგვიბრუნა, მოედანზე ვერ დაბრუნდეს!
კვარას ემოციურ წერილში დასმულ კითხვას კი (რატომ მაინცდამაინც მე?!) შეიძლება რამდენიმე პასუხი ჰქონდეს: იქნებ "გადატვირთვა" აუცილებელიც იყო... შესაძლოა, სწორედ ეს პაუზა გჭირდება, ახალი მხრიდან რომ შეხედო შენს კარიერას, ცხოვრებას, აქამდე გავლილ და ხვალ გასავლელ გზას? იმისთვის იყო საჭირო, რომ მიზანი არ დაკარგო, საყვარელ თამაშს კიდევ უფრო დიდი მონდომებით დაუბრუნდე? ამიტომაც, ამ განსაცდელსაც ისე შევხედოთ, როგორც ცხოვრების მორიგ გამოცდას. "ზოგი ჭირი მარგებელია", რაც იმას ნიშნავს, რომ ხვიჩა მოედანს ახალი ენერგიით და მოტივაციით სავსე დაუბრუნდება!
სამწუხაროა, მაგრამ... იმ დროს, როცა ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმას უამრავი ქართველი, ფრანგი თუ იტალიელი გულშემატკივარი გამოეხმაურა და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ერთმანეთს ასწრებენ კვარას გამამხნევებელი პოსტების გამოქვეყნებას, საქართველოში კიდევ დარჩნენ ადამიანები, რომლებიც... ხვიჩას ტრავმას გესლიანი კომენტარებით, ნიშნის მოგებით შეხვდნენ. არავინ არის ვალდებული, ფეხბურთი ან ხვიჩა კვარაცხელია უყვარდეს, მაგრამ ახალგაზრდა კაცის (რომელმაც ქართული ფეხბურთი და თავისი ქვეყნის ცნობადობა ახალ ნიშნულზე აიყვანა) ჯანმრთელობის პრობლემაზე ქილიკი, "ქვეყნის უფრო მეტად სიყვარულით" გამართლებულ პირად ბოღმას უფრო ჰგავს და ამ ტიპის ადამიანებზე მომდევნო წერილში დავწერ.
როცა კვარა არ თამაშობს, საქართველო მოწყენილია - ეს შეფასება "ნაპოლიში" თამაშის დროინდელია. მაშინ მატჩიდან-მატჩამდე გაძლება გვიჭირდა. ახლა გაცილებით დიდი ხნით მოგვიწევს ჯადოსნური საღამოების ლოდინი. მაგრამ მთავარია, რომ ხვიჩა აუცილებლად დაბრუნდება. იმაზე სწრაფად, ვიდრე ჩვენ გვგონია. იმაზე ძლიერი და მოტივირებული, რაც აქამდე გვინახავს!
ხვიჩას ტრავმამ და 21 ოქტომბრის სამწუხარო ამბავმა (სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე) ყველას დაავიწყა საღამო, რომელსაც ასე მოუთმენლად ველოდით: 26 ოქტომბერი - "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიალი.
დაესწრება თუ არა წლის მთავარ დაჯილდოებას და რაც მთავარია - რომელ ადგილზე გავიდა ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში, ორშაბათს ვნახავთ. მე კი "რატომღაც" 2024 წლის 28 ოქტომბერი გამახსენდა. დღე, როცა დაჯილდოების ცერემონიალზე ყავარჯნებით მისული როდრი შინ... "ოქროს ბურთით" დაბრუნდა. როდრისაც მარჯვენა მუხლის წინა იოგები ჰქონდა გაწყვეტილი...
მაგრამ დაბრუნდა. ჩვეული ფორმაც დაიბრუნა და წელს გამართულ მუნდიალზე მსოფლიო ჩემპიონიც გახდა!
ასე რომ, ხვიჩა, მოედანზე გელით. ახალი ენერგიით და მოტივაციით!
"ოქროს ბურთის" დროც მოვა!