სომხებმა აფხაზები გაამწარეს: "აბაზა" სინამდვილეში ძალიან უწმაწურ რაღაცას ნიშნავს" - სკანდალი ოკუპირებულ ტერიტორიაზე
ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივმა ბლოგერებმა ახალი ანტისომხური კამპანია ააგორეს. სკანდალის მიზეზი კრასნოდარში გამოცემული რუსულენოვანი ენციკლოპედია "შავიზღვისპირეთის სომხები" გახდა, რომლის შესავალ ნაწილშიც ეთნონიმ "აბაზას" განმარტებაა მოცემული. ნათქვამია, რომ შავიზღვისპირეთში მცხოვრები ჰამშენელი სომხების მეტყველებაში სიტყვა "აბაზამ" დროთა განმავლობაში ეთნიკური მნიშვნელობა დაკარგა და უცენზურო მნიშვნელობა შეიძინა.
კერძოდ, მათ მეტყველებაში "აბაზა" ევფემიზმად გამოიყენება და გამოთქმა "აბაზას ცემა" მასტურბაციას ნიშნავს... უკვე ერთ კვირაზე მეტია სოცქსელებში ამ თემის განხილვა და განრისხებული აფხაზების კომენტარები არ წყდება. ბლოგერები პასუხს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, ადგილობრივი სომხური თემისა და სომეხი "დეპუტატებისგან" მოითხოვენ. მათი მოთხოვნაა, აიკრძალოს ენციკლოპედიის გაყიდვა და ყველა ეგზემპლარი განადგურდეს.
ამ ამბავში საინტერესო ის არის, რომ სკანდალური განმარტების შემცველი პირველი ტომი ჯერ კიდევ 2020 წელს გამოიცა და მისი პრეზენტაცია კრასნოდარში დიდი ზარ-ზეიმით გაიმართა. გამოცემულია ენციკლოპედიის მეორე ტომიც, ისიც კრასნოდარში, 2024 წელს, და აფხაზეთში მხოლოდ ახლა ატყდა ისტერიკა. 500-გვერდიანია ენციკლოპედიის პირველი ტომი და მასზე რუსი და სომეხი ავტორები მუშაობდნენ. მე-13 გვერდზე ვკითხულობთ:
"აბაზა - ეთნონიმი, რომელსაც ჰამშენელი სომხები აფხაზების (აფხაზთა), აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის მიმართ იყენებდნენ. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ტერმინით "აბაზა" კავკასიის შავი ზღვის სანაპიროს მოსახლეობას, მათ შორის თანამედროვე აფხაზთა წინაპრებსაც მოიხსენიებდნენ. ამჟამად სიტყვა თითქმის აღარ გამოიყენება ასეთი ფართო მნიშვნელობით და ძირითადად აბაზების თვითსახელწოდებად შემორჩა. საუკუნეების წინ აბაზები შავი ზღვის სანაპიროდან ჩრდილოეთ კავკასიაში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში გადასახლდნენ. ჰამშენელი სომხების მეტყველებაში "აბაზა-ნ" გადატანითი მნიშვნელობითაც შემორჩა, როგორც ევფემიზმი (შედარებისთვის, გამოთქმა "აბაზას ცემა" მასტურბაციას ნიშნავს). ჰამშენელი სომხების ყოფილ მეზობლებს, ორდუდან წარმოშობილ პონტოელ ბერძნებს, დღემდე ახსოვთ მსგავსი გამონათქვამი, რომელსაც ზარმაც ვაჟს ეუბნებიან: "ჯობდა, მამაშენს თავისი აბაზა ეცემა, ვიდრე შენ გაეჩინე". "აბაზას" ეს მეორე მნიშვნელობა თანამედროვე თურქეთშიც არის ცნობილი. ნაკლებად განათლებულმა ადამიანებმა შესაძლოა არც იცოდნენ, რომ სიტყვა აბაზა(ნ)-ს სხვა მნიშვნელობაც აქვს, გარდა "ქალის მონატრებით დამშეულის".ძნელი სათქმელია, რას ეფუძნებოდა ეს ასოციაცია. ხანდაზმულ აფხაზებს ძლიერ სახეცვლილი ფორმით შემორჩენიათ გადმოცემები, რომ ძველად მათი წინაპრები, სავარაუდოდ, გვიან ქორწინდებოდნენ და ქალებთან ურთიერთობასაც გვიან იწყებდნენ. თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ ეს გამონაგონია - მეზობლების შესახებ ჩამოყალიბებული უცნაური წარმოდგენების ახსნის ცდა".
ამ ნაწყვეტზე სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბლოგერმა დაუთ ადლეიბამ "ტიკ-ტოკზე", "ინსტაგრამსა" და "ფეისბუკზე" ვიდეობლოგი გამოაქვეყნა და ენციკლოპედიის სქრინები გაავრცელა.
"რა წერია ერთ-ერთ გვერდზე, აბაზას განმარტებაში, ჩემს ვლოგში ვერც გავიმეორებ. მაინტერესებს, როგორ რეაგირებს აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო? ასევე, რას ფიქრობენ აფხაზეთში მცხოვრები სომხები, რომელთა შორის მეგობრებიც მყავს? ავტორს ვეკითხები: თქვენ თავში ყველაფერი წესრიგში გაქვთ? რა სისულელეს წერთ? ყველა აფხაზი და აბაზი, ვინც ამ წიგნს ნახავს, შეურაცხყოფილი დარჩება. ვინც ეს წიგნი გამოსცა, უნამუსოები ხართ. არ გრცხვენიათ? იმედია, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რეაგირებას მოახდენს და ამ ენციკლოპედიის განადგურებას, დაწვას მოითხოვს", - აცხადებს ბლოგერი.
აღშფოთებული მოწოდებები გააკეთა მეორე ბლოგერმა, ალიას ეზუგბაიამაც, რომელიც ენციკლოპედიაში "აბაზას" განმარტების გარდა სხვა მონაკვეთებსაც აკრიტიკებს: "ამ ენციკლოპედიაში ბევრი პროვოკაციული მომენტია. მაგალითად, წერია, რომ "აფხაზეთის ახალმა ხელისუფლებამ შეცვალა სოფლების დასახელებები". ეს წარმოდგენილია ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის დაპირისპირების კონტექსტში. შემდეგ წერია: "ეს ხდება 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური ომისა და ეთნიკური წმენდის შემდეგ". საინტერესოა, რას გულისხმობენ ავტორები ეთნიკურ წმენდაში და ვის პოლიტიკურ ნარატივს აგრძელებენ? წიგნში მუდმივად არის მითითებული ტოპონიმები, რომლებიც დღეს აფხაზეთში არ გამოიყენება. მაგალითად, წერია "სოხუმი" და არა "სუხუმ", მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ აღიარა ჩვენი ომისშემდგომი ტოპონიმიკა მას შემდეგ, რაც აფხაზეთთან მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებები გააფორმა. აფხაზეთის შესახებ სტატიას თან ერთვის ბატისტა ანიესეს 1550 წლის რუკა, რომელზეც სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე, ყირიმიდან სომხეთამდე, მითითებულია სახელწოდება "სამეგრელო" ("მიგრელია"). სტატიაში ამ ილუსტრაციაზე არაფერია ნათქვამი, თუმცა ავტორებმა ის მაინც დაურთეს. წარმოგიდგენიათ, აფხაზეთის შესახებ სტატიას ილუსტრაციად რუკა ერთვის, რომელზეც "სამეგრელოა" მითითებული. როგორ უნდა აღიქვა ეს, თუ არა პროვოკაციად? მოვუწოდებ ყველა ორგანოსა და სომხურ დიასპორას, რეაგირება მოახდინონ ამ პროვოკაციულ სტატიასა და ენციკლოპედიაზე", - ამბობს ეზუგბაია.
ეზუგბაიამ ინტერვიუ ჩაწერა კავკასიის ხალხთა ისტორიისა და კულტურის შემსწავლელ ცენტრ "აბაზას" ხელმძღვანელ ვლადიმირ შუნოკოვთან. შუნოკოვის შეფასებით, "აბაზას" განმარტება უცენზურო და დამცინავია, შეურაცხყოფს ამ ეთნონიმის ხალხის გრძნობებს და აკადემიური ნაშრომისთვის შეუფერებელია. მისი აზრით, ეს აღწერა რეალობას კი არა, ავტორის ფანტაზიას ეფუძნება. შუნოკოვი ამბობს, რომ ექვსი წელია სხვადასხვა ინსტანციას მიმართავს, რათა ენციკლოპედიაში შეურაცხმყოფელი განმარტება შეიცვალოს, თუმცა უშედეგოდ...
ბლოგერებმა ამ თემაზე კიდევ რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნეს. მათი თქმით, ენციკლოპედია ინტერნეტით კვლავ იყიდება და 800 რუბლი ღირს. პოსტებსა და ვიდეოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა:
"რატომ არ დაიბარეს პროკურატურაში ტრაპზონიანი, რომელიც ამ კრიმინალური გამოცემის პრეზენტაციას ესწრებოდა?.. თაღლითები მთელ აფხაზ ხალხს შეურაცხყოფენ, ხელისუფლება კი დუმს - შეაგროვეთ ტრაპზონიანის ამომრჩევლები და ყველა გააძევეთ აფხაზეთიდან - ასეთი პატარა წიგნებით დაიწყო ყარაბაღის მოვლენებიც", - წერენ კომენტარებში.
კომენტარებში ერთმანეთს აფხაზები და ქართველებიც დაუპირისპირდნენ. ქართველებმა დაწერეს: "რით ვერ გაიყავით ჩვენი მიწა აფხაზებმა და სომხებმა? მალე სომხები გამოგყრიან ჩვენი სახლებიდან!"

"აფხაზეთში სომხების რაოდენობა აფხაზებისას აღემატება"
მიხეილ კვატაშიძე, ახალგაზრდული ორგანიზაცია "ამრას" დამფუძნებელი: - სომხურ ენაში აფხაზების აღსანიშნავად გამოიყენება სიტყვა "აბაზა". ამავე დროს, არიან აბაზები, აფხაზებთან მონათესავე ხალხი, რომელთა ენა აფხაზურ-ადიღეურ ენათა ოჯახს მიეკუთვნება. თავდაპირველად სომხები ტერმინ "აბაზას" კონკრეტულად აბაზი ხალხის აღსანიშნავად იყენებდნენ, მოგვიანებით კი ამ ეთნონიმში აფხაზებიც და აბაზებიც გაერთიანდნენ. ენციკლოპედიაში წერია, რომ "აბაზას" ჰამშენელი სომხების ჟარგონზე უხამსი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამან გამოიწვია აფხაზების აღშფოთება. თუმცა პრეტენზიები მხოლოდ ამ სიტყვას არ ეხება. გამოცემაში წარმოდგენილია დასავლეთ საქართველოს რუკა, რომელსაც "სამეგრელო", ანუ "მეგრელია" აწერია და ამ ტერიტორიაში აფხაზეთიც არის მოქცეული. გარდა ამისა, გამოცემაში საუბარია აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის ეთნიკურ წმენდაზე. პრეტენზიები აქვთ ტოპონიმიკასთანაც. უკმაყოფილონი არიან, რომ გამოყენებულია სახელწოდება "სოხუმი" და არა "სუხუმ". აფხაზი ბლოგერების გავრცელებულმა ამონარიდებმა და სქრინებმა საკითხი ფართო განხილვის საგნად აქცია. აფხაზები მოითხოვენ, საქმეში ჩაერთონ დე ფაქტო საგარეო საქმეთა და შს სამინისტროები, რუსეთის მეცნიერებათა აკადემია და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ითხოვენ, წიგნიდან ამონარიდები ამოიღონ და ავტორებმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ და აფხაზეთში მცხოვრებმა სომხურმა დიასპორამ ბოდიში მოიხადონ. დიდი ნეგატივი გამოიწვია იმანაც, რომ 2020 წელს კრასნოდარში ენციკლოპედიის პრეზენტაციას აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი გალუსტ ტრაპიზონიანი ესწრებოდა. ის ცნობილია ანტიქართული დამოკიდებულებით, სეპარატისტული პოზიციითა და ბაგრამიანის ბატალიონის მხარდაჭერით. მისგანაც ითხოვენ ბოდიშსა და ახსნა-განმარტებას, თუ რატომ იმყოფებოდა ენციკლოპედიის პრეზენტაციაზე.
- წიგნი 2020 წელს გამოიცა. რატომ ატყდა ხმაური მაინცდამაინც ახლა?
- მანამდე არავინ იცოდა, რა ეწერა ენციკლოპედიაში. აფხაზმა ბლოგერებმა ახლა გაავრცელეს წიგნიდან ციტატები და ეკრანის სურათები, რაც ხალხმა აიტაცა. ზოგადად, აფხაზეთში ანტისომხური განწყობა ყოველთვის იყო, თუმცა დროდადრო მწვავდება. მაგალითად, ე.წ. არჩევნების დროს ან მაშინ, როდესაც ეთნიკურად სომეხი რომელიმე საკითხში საქართველოს მხარეს იკავებს. გვახსოვს, ბოლო დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების დროს სომეხ მოსახლეობაზე დიდი ზეწოლა ხდებოდა. აფხაზები სომხებს ურეკავდნენ და მუქარით სასურველი არჩევანის გაკეთებას ავალებდნენ. აფხაზებისთვის პრობლემაა სომეხი მოსახლეობის რაოდენობაც. არაოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთში სომხების რაოდენობა აფხაზებისას აღემატება. ამიტომ სომხებთან დაკავშირებული მცირე პრობლემაც კი ანტისომხურ განწყობას აღვივებს. მანამდე ანტისომხური გამოსვლების ჩახშობა ცალკეული აფხაზი და სომეხი ავტორიტეტების მეშვეობით ხდებოდა, ახლა კი პროტესტი მასობრივად აგორდა. ვარაუდია, რომ ეს თემა ადგილობრივ ბლოგერებს აბაზური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიაწოდა. ის წლებია, შეურაცხმყოფელი ციტატის ამოღებას ითხოვს, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევდა.
ახლა ბლოგერმა ადლეიბამ გაავრცელა წერილიც, რომელშიც რუსეთში მცხოვრები ჯავახეთის სომხური დიასპორის წარმომადგენლები ბოდიშს იხდიან. ეს დიასპორა უკვე 20 წელია, სეპარატისტულ განწყობებს ავრცელებს. ამ საკითხზე რამდენიმე სომეხი ბლოგერის ვიდეოც ვნახე. რაც შეეხება აფხაზეთში მცხოვრებ სომხებს, მათ ჯერ საჯაროდ პოზიცია არ დაუფიქსირებიათ, სოციალურ ქსელებში კი მწვავე დაპირისპირებაა. ადამიანები ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ, კომენტარებში ქართველებიც აქტიურობენ, სომხები - ნაკლებად. ზოგი წერს, რომ შესაძლოა აფხაზებმა მთიანი ყარაბაღის სომხების ბედი გაიზიარონ და "არცახი 2" მიიღონ.
- კომენტარებში გაიხსენეს, რომ "ანტიაფხაზური" წიგნის დაწერის გამო აფხაზებმა პავლე ინგოროყვას მონოგრაფიები საჯაროდ დაწვეს და ახლაც ასე უნდა მოიქცნენ...
- აფხაზებმა პავლე ინგოროყვას წიგნის გარდა, დაწვეს საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოც. 1954 წელს გამოვიდა ინგოროყვას მონოგრაფია "გიორგი მერჩულე", რომელშიც ნათქვამია, რომ თანამედროვე აფხაზები (აფსუები) ჩრდილოეთ კავკასიიდან შუა საუკუნეებში ჩამოსახლდნენ. ამის გამო 1957 წელს პროტესტი გაიმართა. აფხაზებმა ეს წიგნები იყიდეს და საჯაროდ გაანადგურეს. 1978 წელს პროტესტი სასკოლო ისტორიის სახელმძღვანელოს გამოც იყო, აფხაზებმა შიმშილობაც გამოაცხადეს, წიგნები დაწვეს და მოითხოვეს, სახელმძღვანელო სკოლებიდან ამოეღოთ. მაშინ კრემლს აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფის მოთხოვნითაც მიმართეს. საბოლოოდ, თბილისმა დათმო და სახელმძღვანელო სკოლებიდან ამოიღეს. ახლაც წიგნის გამოა აღშფოთება, თუმცა საჯარო გამოსვლები არ იმართება. არც დე ფაქტო ხელისუფლებას გაუკეთებია განცხადება, რადგან საკითხი ეთნიკურ ურთიერთობებს ეხება და ცდილობენ ვითარება არ გაამწვავონ.
ეკატერინე ბასილაია