3 ნოემბრის არჩევნებამდე ტრამპი ზელენსკის „მიაწვება“, არჩევნების შემდეგ კი ირანის დაბომბვას გააგრძელებს - კვირის პალიტრა

3 ნოემბრის არჩევნებამდე ტრამპი ზელენსკის „მიაწვება“, არჩევნების შემდეგ კი ირანის დაბომბვას გააგრძელებს

2026 წლის 3 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება უმნიშვნელოვანესი შუალედური არჩევნები - აშშ-ის კონგრესის არჩევნები. ამ დღეს ამომრჩევლები ხმას მისცემენ შემდეგ პოზიციებზე: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გადაირჩევა ყველა, 435-ვე ადგილი, ხოლო აშშ-ის სენატში კენჭი ეყრება 100-დან 35 ადგილს (33 გეგმური და 2 რიგგარეშე არჩევნები ფლორიდასა და ოჰაიოში). ასევე ქვეყნის მასშტაბით აირჩევენ 39 შტატისა და ტერიტორიის გუბერნატორს. გარდა ამისა, ჩატარდება შტატების საკანონმდებლო ორგანოების, გენერალური პროკურორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებიც.

ეს შუალედური არჩევნები ითვლება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ გამოცდად, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი პარტია (დემოკრატები თუ რესპუბლიკელები) მოიპოვებს კონტროლს აშშ-ის კონგრესზე.

3 ნოემბერი ერთგვარი "პოლიტიკური ზღურბლია" აშშ-ის 47-ე პრეზიდენტისთვის, რის გამოც მისი სამხედრო-პოლიტიკური ქმედებები ნაწილდება შემდეგნაირად: 3 ნოემბრამდე უდიდესი ზეწოლა უკრაინაზე რუსეთთან ომში სერიოზულ დათმობებზე იძულებისთვის და 3 ნოემბრის შემდეგ ირანზე საჰაერო დარტყმების განახლება, მათ შორის ისრაელთან ერთად.

შესაბამისად, დღე არ გავა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი უკრაინელი კოლეგა მკაცრად არ გააკრიტიკოს - ტრამპი ზელენსკის აბრალებს რუსეთთან ომის დამთავრების სურვილის უქონლობასა და რუსული ნავთობტერმინალების სპეციალურად დაბომბვას იმ მიზნით, რომ თურმე... ამერიკელ ფერმერებსა და ტრაილერების მძღოლებს დიზელის საწვავი გაუძვირდეთ და ამით უკმაყოფილმა ამერიკელმა ამომრჩეველმა მოახლოებულ კონგრესის შუალედურ არჩევნებში ტრამპის რესპუბლიკელი კანდიდატების წინააღმდეგ მისცენ ხმა და ამით დემოკრატებს გაამარჯვებინონ.

პრეზიდენტ ტრამპისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად წარმომადგენელთა პალატასა და სენატში, ასევე გუბერნატორების პოსტებზე ისევ მისი მხარდამჭერი რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობა შენარჩუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დემოკრატი კანდიდატების უმრავლესობის მოსვლით ტრამპს შეიძლება პრეზიდენტობის მეორე ვადის ბოლომდე "მიჩოჩებაც" კი გაუჭირდეს. არადა, უკვე არის იმის დიდი საფრთხე ტრამპისთვის, რომ მისმა პარტიამ წააგოს 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები, რაშიც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა პირველ რიგში თავისივე თავი უნდა დაიდანაშაულოს, რადგან 2024 წლის იანვრის ბოლოდან მოყოლებული, მან და მისმა ადმინისტრაციამ იმდენი უხეში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო შეცდომა დაუშვეს, როგორც თავად აშშ-ში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, რომ კიდევაც საკვირველია, საფრანგეთის ქალაქებში ქუჩის "ცეცხლოვანი" პროტესტისმაგვარი ამერიკულ მეგაპოლისებშიც აქამდე რომ არ დაიწყო.

დემოკრატები შეიძლება ბევრად არაფრით არიან უკეთესი რესპუბლიკელებზე, მაგრამ 3 ნოემბრის არჩევნების წინ მათ სერიოზული კოზირები უჭირავთ ხელში პრეზიდენტის წინააღმდეგ, მათ შორის "გაყინული" და გაურკვეველი ომი ირანთან, რაც კიდეც გახდა იმის მთავარი მიზეზი, რომ მსოფლიოში დღეს საწვავის დეფიციტი და კრიზისია, რამაც "ააგდო" არა მარტო დიზელის ფასი მთელ მსოფლიოში.

მაგრამ თავისნათქვამა და "ტყუილების პრეზიდენტ" ტრამპისთვის უმთავრესია ამ სიტუაციიდან რამენაირად "გამოძრომა" და ის ყოველდღიური დაჟინებული ბრალდებებით ყოველივე ამაში სწორედ უკრაინის პრეზიდენტს ადანაშაულებს, თითქოს სწორედ ის ეწინააღმდეგება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას, ხოლო პუტინს თურმე "მშვიდობა" დიდი ხანია სურს.

ზელენსკის, რა თქმა უნდა თავისი შეცდომებიც ჰყოფნის (შიდაკორუფციის სახითაც, რაც უკრაინის თავდაცვით რესურსებს ხრავს), მაგრამ მისი იმაში დადანაშაულება, რომ ომის დამთავრების წინააღმდეგია, არასწორია - პირიქით, ზელენსკის მთავრობა წლებია იხვეწება ფრონტის ხაზის გასწვრივ საბრძოლო მოქმედებების "გაყინვასა" და მოლაპარაკებების დაწყებას, რაზეც არ თანხმდება ის პუტინი, რომელმაც ეს საშინელება წამოიწყო, და მით უმეტეს, კრემლი ომს არ შეაჩერებს მოახლოებულ ზამთრის პერიოდში, როდესაც უკრაინის მოსახლეობის ისეთ ურთულეს საყოფაცხოვრებო მდგომარეობაში (უშუქობა, გათბობის, წყლისა და კანალიზაციის სისტემების განადგურება კიევსა და სხვა მსხვილ უკრაინულ ქალაქებში) ჩაგდება სურს, რათა საჰაერო დაბომბვებით დაშინებულმა და გაყინულმა მილიონობით უკრაინელმა ზელენსკის ხელისუფლებისგან ამ საშინელი ომის სასწრაფოდ დამთავრება კატეგორიულად მოითხოვოს, თუნდაც აგრესორ რუსეთთან უსიტყვო კაპიტულაციითაც კი.

და ამ ყველაფერში ოკუპანტი რუსეთის ლიდერ პუტინს შეგნებულად თუ შეუგნებლად მხარს უჭერს აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტი ტრამპი, როდესაც ასეთ პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს უკრაინის ხელმძღვანელობაზე.

3 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა, თუ მასში დემოკრატებმა გაიმარჯვეს, პრეზიდენტი ტრამპი, დიდი ალბათობით, მაინც არ იტყვის უარს ირანის ბირთვული ობიექტების საჰაერო დაბომბვების განახლებაზე, რაც იმის საბაბი გახდება, რომ აიათოლების რეჟიმს როგორმე გაახსნევინოს ჰორმუზის სრუტე, რათა სპარსეთის ყურის ნედლი ნავთობი და დაჭირხნული ბუნებრივი აირი ტანკერებმა უსაფრთხოდ გამოიტანონ ინდოეთის ოკეანეში.

დღე არ გავა, ირანულმა მხარემ ერთი-ორი ტანკერი მაინც არ დააზიანოს, რომლებიც ომანის სანაპიროს გასწვრივ ჩუმად "მიიპარებიან" ჰორმუზის სრუტიდან გასასვლელად.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა მთელ მსოფლიოს საზეიმოდ აუწყა იმის თაობაზე, თითქოს ჰორმუზის სრუტე სრულად გაწმინდეს ირანული საზღვაო ნაღმებისგან ამერიკელმა სამხედრო მეზღვაურებმა, ასე არ არის - სწორედ საზღვაო ნაღმებზე ფეთქდებიან ჰორმუზის სრუტეში ნედლი ნავთობით დატვირთული ტანკერები, რომელთა სრული დაცვა ამერიკულმა მხარემ დღემდე ვერ შეძლო.

პრეზიდენტ ტრამპის თავმოყვარეობიდან გამომდინარე, ის ირანის აიათოლების რეჟიმს ამას არ აპატიებს და 3 ნოემბრის შემდეგ პასუხს მოსთხოვს, რაც გადაიზრდება ორმხრივ "საჰაერო ომში" ირანული ბალისტიკური რაკეტების "გააქტიურებით", რაც კატასტროფულ დონემდე გაზრდის ბენზინის, დიზელისა და საავიაციო ნავთის მსოფლიო ფასებს.