შეიარაღების "შეჯიბრი" კავკასიაში - რა სახის თანამედროვე იარაღს ყიდულობენ ერევანი და ბაქო ?! - კვირის პალიტრა

შეიარაღების "შეჯიბრი" კავკასიაში - რა სახის თანამედროვე იარაღს ყიდულობენ ერევანი და ბაქო ?!

სამხრეთ კავკასიის რეგიონში დღეს, საბედნიეროდ, საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, განსხვავებით ჩვენს ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებისგან, თუმცა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნიდან ორი კვლავ აგრძელებს თანამედროვე შეიარაღების პარტიების შეძენასა და საკუთარი არსენალების გაძლიერებას.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს ორი ქვეყანა საქართველოს მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანია, რომლებიც მართალია აღარ არიან აქტიურ საბრძოლო დაპირისპირებაში და თითქოს ერთმანეთთან მშვიდობასაც ამტკიცებენ, მაგრამ ამის პარალელურად დაჩქარებული ტემპით აგრძელებენ საკუთარი არმიების გადაიარაღებას.

ბოლო ინფორმაციის თანახმად, სომხეთი ჩეხეთისგან ყიდულობს ახალი თაობის სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავ -­ L-39NG Skyfox-ებს. ეს ინფორმაცია ოფიციალურად 2026 წლის ოქტომბერში დადასტურდა, როდესაც სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, სურენ პაპიკიანმა ჩეხეთში მდებარე მწარმოებელ ქარხანაში ვიზიტისას განაცხადა, რომ "ეს ლამაზმანები მალე სომხეთის ცაზე იფრენენ".

ჩეხური მედიის ცნობით, სომხეთმა 4 ერთეული თვითმფრინავი შეუკვეთა. ეს არის არა ძველი, საბჭოთა დროინდელი ჩეხოსლოვაკიური L-39 Albatros-ი (ექვსი მოძველებული "ალბატროსი" სომხეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს 2004 წლიდან მოყოლებული ისედაც აქვს), არამედ მისი სრულიად მოდერნიზებული ახალი ვერსია - L-39NG (Next Generation) Skyfox. ეს თვითმფრინავები გამოიყენება როგორც პილოტების მომზადებისთვის, ასევე მსუბუქი, მოიერიშე და სადაზვერვო მისიებისთვის. მათ აქვთ ამერიკული ტურბორეაქტიული ძრავა, თანამედროვე ციფრული კაბინა და შეუძლიათ სხვადასხვა ტიპის ბომბების თუ რაკეტების საბრძოლო გამოყენება, მაგრამ რაც უმთავრესია, ასევე არსებობს მათი გამოყენების პოტენციალი საჰაერო დრონებზე სანადიროდ, რაც ძალზე მტკივნეული თემაა იმ სომეხი სამხედროებისთვის, რომლებმაც გამოცადეს 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომში აზერბაიჯანის ისრაელის წარმოების კამიკაძე-დრონების თითქმის დაუსჯელი საჰაერო შეტევები.

თავის მხრივ, აზერბაიჯანი ისრაელის კომპანია Elbit Systems-ისგან 235 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სარაკეტო სისტემებსა და მაღალი სიზუსტის შეიარაღებას ყიდულობს.

ხელშეკრულება მოიცავს PULS-ის ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო ცეცხლის რეაქტიულ სისტემებსა და საშუალო სიშორის EXTRA-MR რაკეტებს. ეს არის მაღალი სიზუსტის მრავალჯერადი სარაკეტო ცეცხლის რეაქტიული სისტემა. მისი უპირატესობა უნივერსალურობაა. სისტემას შეუძლია სხვადასხვა ტიპისა და კალიბრის რაკეტების გაშვება ერთი და იმავე პლატფორმიდან (არ არის მიბმული მხოლოდ ერთ კონკრეტულ მოდელზე) და ინტეგრირდება თითქმის ნებისმიერ ბორბლიან ან მუხლუხა შასიზე (სატვირთო მანქანაზე). მიზნის იდენტიფიცირებიდან გასროლამდე დრო მინიმალურია. სისტემა სრულად ავტომატიზებულია.

თავისი უნივერსალურობით ის წააგავს "გრად-ლარის" სისტემებს, რომლებიც საქართველომ ორი ათეული წლის წინ შეიძინა ისრაელისგან და ქართულმა არმიამ აგვისტოს ომში გამოიყენა ცხინვალის რეგიონში შემოჭრილი რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ.

თუმცა "გრად-ლარისგან" განსხვავებით, რომლის 122 მმ და 160 მმ კალიბრის (LAR-160) უმართავი რაკეტები, შესაბამისად, 21 კმ და 45 კმ-მდე მიფრინავენ, აზერბაიჯანის შესყიდული EXTRA-MR -ის 306 მმ კალიბრის მართვადი რაკეტები 150 კმ-მდე აღწევენ და ფაქტობრივად წარმოადგენენ ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსს, ანალოგიურს გაუმჯობესებული ამერიკული "ჰაიმარსისა".

150 კმ-ის სიშორეზე პოტენციური მოწინააღმდეგის სამიზნეების მაღალი სიზუსტით დაზიანების შესაძლებლობა აზერბაიჯანის არმიას დიდ ოპერატიულ-ტაქტიკურ უპირატესობას აძლევს სამხრეთ კავკასიის სავარაუდო საბრძოლო მოქმედებების თეატრში, თუმცა მის მეზობელ რუსეთს თუ ირანსაც მოუწევთ ამის გათვალისწინება.