ონკოპაციენტის ჩანაწერები - კვირის პალიტრა

ონკოპაციენტის ჩანაწერები

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" N##40-42)

ტაქსიმი

ტაქსიმზე ავტობუსით გადავწყვიტეთ წასვლა, აპლიკაციაში ვნახეთ, რომელი ნომერი მიდიოდა და გაჩერებაც იმის საშუალებით მოვძებნეთ. არ ვიცი, იმ დღეს იყო არეული მოძრაობა თუ რა მოხდა, ეს ბოლომდე ვერ გავარკვიეთ, მაგრამ გაჩერებაზე კარგა ხნის ლოდინის მერე მივხვდით, ან რაღაც ვერ იყო რიგზე აპლიკაციაში, ან ჩვენ შეგვეშალა და არასწორ გაჩერებაზე ვიდექით. იქვე მამაკაცი იჯდა და ვცადეთ ინგლისურად გაგვერკვია რამე, მაგრამ სტამბოლის თავისებურება ისიც არის, რომ ძალიან ცოტა ადამიანმა იცის ინგლისური. ბევრს ეცადა ასაკოვანი, დარბაისელი თურქი როგორმე დაგვხმარებოდა, რა ჟესტი, მიმიკა და მოძრაობა არ გამოიყენა და ბოლოს და ბოლოს მაინც მიგვახვედრა, რომ ამ ადგილიდან ტაქსიმზე ვერ მოვხვდებოდით.

ისევ ტაქსის გამოძახება გადავწყვიტეთ.

სტამბოლის კიდევ ერთი უცნაურობა ჩვენთვის ის აღმოჩნდა, რომ ადამიანებს ქუჩაში ყურსასმენები ფაქტობრივად არ ეკეთათ, არც ახალგაზრდებს მათ შორის. ნატა პირდაპირ გაფაციცებული იყო და დღის განმავლობაში ითვლიდა, რამდენი ადამიანი შეგვხვდებოდა ყურსასმენით - მაქსიმუმ 20-მდე... მახსოვს, ერთ-ერთი მორიგი დაკვირვებისას დაასკვნა, გამოდის, ეს არის ხალხი, რომელიც ერთმანეთს უსმენსო. საქმე ის არის, რომ შვედეთში ასაკს არა აქვს მნიშვნელობა, ადამიანები ძირითადად ყურსასმენებში არიან ჩაძირული... რომ დავფიქრდეთ, საქართველოშიც უკვე თითქმის ასეა.

სიმართლე გითხრათ, პირველი შთაბეჭდილება ტაქსიმზე ცოტა იმედის გამაცრუებელი იყო... ჩემი აღქმით, სტამბოლის მთავარი მოედანი, რომელიც ვიდეოკადრებში მენახა, გაცილებით გრანდიოზული უნდა ყოფილიყო, განსაკუთრებით ხალხმრავალი აქციებისას პროტესტანტებით გადაჭედილი მოედნის კადრების გათვალისწინებით... თუმცა ეს მხოლოდ პირველი შთაბეჭდილებით. მალევე მივხვდი, რომ ტაქსიმი მხოლოდ ერთი მოედანი არ არის, ეს არის ადგილი, ფაქტობრივად რეალითი-შოუ, თუ როგორ იკვეთება შენ თვალწინ ორი სამყარო - აღმოსავლეთი და დასავლეთი, ასევე წარსული და აწმყო. ეს არის ერთდროულად ჰარმონიისა და ქაოსის სინთეზი.

გარშემო უამრავი კონტრასტია - ერთ მხარეს ტაქსიმის ახალი, მონუმენტური მეჩეთი გადაჰყურებს სივრცეს, იქვე წმინდა სამების (Aყა თრიადა) მართლმადიდებელი ეკლესიის აღმოჩენა პირადად ჩემთვის მოულოდნელობა იყო, ოდნავ მოშორებით კი უკვე წმინდა ანტონ პადუელის კათოლიკური ტაძარი ვნახეთ, თავისი მშვიდი, გოტიკური ეზოთი.

ყოველ ას ნაბიჯში ქუჩის მუსიკოსებს ხვდები და რას აღარ მოისმენ, თურქული ხალხური ინსტრუმენტებით დაწყებული, ჯაზითა და ქუჩის როკით დამთავრებული.

ვიწრო, ქვაფენილიან ქუჩებზე ჩარიგებულ ჩაიხანებში ფიქრობ, რომ დრო გაჩე­რდა და წინა საუკუნეების სტამბოლში მოხვდი. პატარა, დაბალი ხის სკამები და მაგიდები პირდაპირ ქვაფენილზეა გაშლილი, შენ თვალწინ მარდად დარბიან მეჩაიეები, ლითო­ნის ლანგრებზე შემოდგმული ჩაის ტრადიციული ჭიქებით, ისმის ხმამაღალი გადაძახილები... ბოლავენ თურქული ჩაიდნე­ბიც, ნარგილეს ბოლთან ერთად. ეს ყველაფერი ვიზუალურად ზუსტად იმ "ძველი სამყაროს" განცდას ქმნის, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიები და ცივილიზაცია თითქოს არ არსებობს.

და თვლემენ ირგვლივ, ყოველ ნაბიჯზე, ყოველ კუთხეში, მათ შორის ამ ჩაიხანებიდან 15 წუთის სავალზე არსებულ ნიშანთაშში, ნამდვილ ლაქშერი-კვარტალში, სტამბოლელი კატები, ზარმაცად ათვალიერებენ მიდამოს და გახსენებენ რაღაც მთავარს გარემოსა და ადამიანის ჰარმონიულ თანაცხოვრებაზე, თუმცა ეს სულ წამით, მალევე შენს ფიქრებს დიდი გამზირის ხმაური წყვეტს.

იმ დღეს მოვასწარით და მოვინახულეთ გალათას კოშკი, დოლმაბაჰჩეს სასახლე და კიდევ ერთ საინტერესო კონტრასტი აღმოვაჩინეთ. ტაქსიმის ხმაურიანი ქუჩებიდან ქვემოთ, ბოსფორის სანაპიროსკენ რომ ეშვები, შენ თვალწინ იშლება სურათი - ერთ მხარეს სულთნების დიადი სასახლე დოლმაბაჰჩე, მეორე მხარეს კი საფეხბურთო კლუბ "ბეშიქთაშის" ახალი სტადიონი - გრანდიოზული არენა... გამაოგნებელი იყო, თუ როგორ არის შერჩეული მისთვის ადგილი, სადაც საუკუნოვანი სასახლის სიმშვიდესა და ათასობით ფეხბურთის ქომაგის გიჟურ გუგუნს მხოლოდ ერთი ქუჩა ყოფს.

ამის მერე ბოსფორის სანაპიროზე გავისეირნეთ, თევზის რესტორანში ვისადილეთ და უკან ჩვენს ჩალმიჯას ბორცვზე ავტობუსით დავბრუნდით...

პარასკევი

11 საათზე გვქონდა დანიშნული ექიმ ფათიჰ აიდოგანთან შეხვედრა. დროულად მოგვაკითხა მანქანამ, თეაც კლინიკის ფოიეში შემოგვეგება... მალევე აღმოვჩნდით ნაცნობ კაბინეტში - წიგნებისა და სერტიფიკატების გარემოცვაში. ექიმი აიდოგანიც ისევ ძველებურად, მორიდებული ღიმილით შეგვეგება. სახეზე, ალბათ, მეც და ნატასაც დაძაბულობა გვქონდა აღბეჭდილი... დავსხედით... ბატონმა ფათიჰმა თვალებში შემომხედა, მერე თეასკენ გაიხედა და...

- მოდი, დავიწყოთ კარგი ამბით, პეტ-კატემ აჩვენა, რომ მეტასტაზი არსად არის წასული.

ვიგრძენი, როგორ ერთდროულად ამოვისუნთქეთ მე და ნატამ.

- რაც შეეხება სიმსივნეს, - გააგრძელა ბატონმა ფათიჰმა, - ჩატარებული კვლევების თანახმად, წარმონაქმნი მიეკუთვნება სამჯერ უარყოფით ძუძუს კარცინომას. სამედიცინო ენაზე ეს ნიშნავს, რომ სიმსივნის ზრდა არ არის დამოკიდებული ჰორმონებზე (ესტროგენი და პროგესტერონი) და მას არ აქვს HER2 ცილის ჭარბი ექსპრესია - უჯრედებში სამივე ეს მაჩვენებელი უარყოფითია. შესაბამისად, სტანდარტული ჰორმონოთერაპია ან HER2 - სპეციფიკური ტარგეტული მკურნალობა ამ შემთხვევაში ეფექტიანი ვერ იქნება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მკურნალობის შედეგიანი მეთოდები არ არსებობს. პირიქით - სამჯერ უარყოფითი ფორმა, როგორც წესი, მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევა სისტემური ქიმიოთერაპიის მიმართ. ეს ფორმა აგრესიულ სიმსივნეებს მიეკუთვნება, თქვ­ენს შემთხვევაში განსაკუთრებით დადებითი გარემოებაა ის, რომ პროლიფერაციის ინდექსი (Ki-67), ანუ უჯრედების გამრავლების სიჩქარე, არ არის მაღალი... ჩვენი შემდგომი სამოქმედო გეგმა ასეთი იქნება: კლინიკურ ონკოლოგთან ერთად განვსაზღვრავთ მკურნალობის სქემას. დავიწყებთ ოპერაციამდელი ქიმიოთერაპიით - სავარაუდოდ, იმუნოთერაპიასთან კომბინაციაში. ამის მიზანია სიმსივნის ზომის მაქსიმალური შემცირება და მიკრომეტასტაზების პრევენცია, რათა შემდგომში ქირურგიული ჩარევა ჩატარდეს. არსებული მონაცემებით, რადიკალური ქირურგია არ უნდა დაგჭირდეთ, თუმცა პროცესს დინამიკაში დავაკვირდებით და მკურნალობის მსვლელობისას, საჭიროებისამებრ, კორექტირებას შევიტანთ... იმედია, ამომწურავად აგიხსენით ვითარება, ახლა კი მზად ვარ, ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს...

ისეთი დაძაბული ვიყავი, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე კარგად კი ვერ გავიგე ექიმის მონაყოლი და თეას თარგმნილი ტექსტი, იმედი მქონდა, რომ ნატა ჩემზე უფრო ფხიზლად უსმენდა, მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა თავში, რომელი სტადიის იყო ჩემი კიბო? და ეს ვიკითხე.

ექიმს გაეცინა მას მერე, რაც ჩემი კითხვის თარგმანი მოისმინა.

- სტადია მეორეა, თუმცა ეს არ არის დიდად მნიშვნელოვანი, მთავარია იცოდეთ და სულ გახსოვდეთ, რომ ამ სიმსივნის გაცილებით შორს წასული შემთხვევებიც ექვემდებარება მკურნალობას.

38f7f659-10a1-49b3-a7b3-91b20873d8e2-1792931909.jpg

ამის მერე ნატამაც დააზუსტა რაღაცები, თუმცა სადღაც შორიდან მესმოდა თითქოს ეს ყველაფერი.

დასასრულ, ექიმმა აიდოგანმა კლინიკურ ონკოლოგს პირადად დაურეკა და უთხრა, რომ გვგზავნიდა მასთან და სასურველი იყო დღესვე შეედგინა სამკურნალო სქემა.

კლინიკურმა ონკოლოგმა გაგვაცნო, რომ ოპერაციამდე ჩემი მკურნალობა 6 თვეს გაგრძე­ლდებოდა, პირველ 3 თვეს ქიმიოთერაპიის 12 გადასხმა დამჭირდებოდა - კვირაში 1, შემდგომ 3 თვეში შეიცვლებოდა მედიკამენტი და კიდევ 4. ამ ხნის განმავლობაში და შემდგომი 6 თვეც უნდა ჩამეტარებინა იმუნოთერაპიის კურსი მედიკამენტით "კეიტრუდა" ყოველ 21 დღეში ერთხელ. იმწუთას რომ ვუსმენდი, ძალიან მარტივად ჩანდა ყველაფერი, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რა გზის გავლა დამჭირდებოდა სრულყოფილი მკურნალობის უფლების მოსაპოვებლად.

პირველი გადასხმის თურქულ კლინიკაში გაკეთებას ვფიქრობდი, თუმცა ფასი - 8.000 დოლარი რომ მითხრეს, უარი ვთქვი.

სასტუმროში მე და ნატა დაიმედებულები, მეტიც, მხიარულადაც კი დავბრუნდით... შინ წინადღეს ნაყიდი უგემრიელესი ტკბილეული გვქონდა შემორჩენილი, ყავა მოვადუღეთ, ეზოში დავსხედით და დავიწყეთ იმ მედიკამენტების შესწავლა, რისი მიღებაც დამჭირდებოდა მკურნალობის პროცესში. დარწმუნებული ვიყავი, საქართველოში უფასოდ ვიმკურნალებდი - ეს იმ სამთავრობო პროპაგანდის გავლენით, რომელიც ლამის ყოველდღიურად გვიმტკიცებდა, რომ ონკოლოგიური სერვისები ქვეყანაში სრულად ფინანსდებოდა. არადა, ამ კვლევა-კვლევაში აღმოვაჩინეთ, რომ იმუნოთერაპიის მედიკამენტის ერთი გადასხმა საქართველოში 13.000 ლარი ღირდა, რასაც სახელმწიფო არ აფინანსებდა. ჩემი მთელი წლის მკურნალობა კი 208.000 ლარი ჯდებოდა. კიბოს დიაგნოზი შოკი არ ყოფილა, შოკი იყო ამის გაგება...

არასდროს დამავიწყდება ნატას სასოწარკვეთილი სახე, როდესაც ეს ამბავი გავარკვიეთ. ჩემთვის ამ თანხის შოვნა სრულიად წარმოუდგენელი იყო... დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რა უნდა გვექნა - ერთი გზა საფრანგეთში წასვლა იყო, რომელიც არაერთმა ქართველმა გაიარა და დღესაც გადის. ამ ქვეყანამ საქართველოს უამრავი მოქალაქე იხსნა სიკვდილისგან, სრულიად უცხო და უცნობი ადამიანები შეიფარა და სრულიად უსასყიდლოდ სიცოცხლის შანსი აჩუქა. ჰუმანურობის სხვა უფრო დიდი მაგალითი სხვა რა უნდა იყოს, არც ვიცი - ჩემს შემთხვევაშიც ეს ჩანდა ყველაზე რეალურ გზად... თუმცა ფიქრიც კი მიმძიმდა ამაზე, უპირველესად დედაჩემის გამო. ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა დამეტოვებინა მარტო, თან გაურკვეველი დროით... ნატა კი მაიმედებდა, დათო იქ არის, ჩვენც უფრო ხშირად ჩავალთო, მაგრამ...

თან იმის ბოღმა მახრჩობდა, რატომ უნდა ყოფილიყო უცხო ქვეყანა უფრო მეტად საიმედო, ვიდრე ჩემი სამშობლო, რომლის დატოვებაც ცხოვრების ვერც ერთ ეტაპზე ვერ შევძელი, თუმცა უფრო ღირსეული ცხოვრების შანსი მქონდა. რატომ ვერ შევძელით აგვეშენებინა სახელმწიფო, რომელშიც თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება იქნებოდა დაცული, სადაც ისევე როგორც თურქულ კლინიკებში, პაციენტი იქნებოდა მთავარი და ყველა სერვისი და სამედიცინო მომსახურება მასზე მორგებული, და არა ჯანდაცვის ჯიბეგასქელებულ ჩინოსნებზე, კლინიკების თავგასულ მეპატრონეებსა და რიგ შემთხვევაში არაპროფესიონალ მედპერსონალზე.

ნატა უკვე ხვალ მიფრინავდა, მე დამატებით ერთი კვლევა დამინიშნეს და ამიტომ კიდევ მიწევდა კლინიკაში მისვლა. საქართველოში ორშაბათს ვბრუნდებოდი.

შაბათს ისევ მედიკამენტისთვის საჭირო თანხის მოძიების გზებზე ვფიქრობდი. შუადღეზე ნატას ტრანსფერმა მოაკითხა და გავაცილე. მე იმავე საღამოს საფრანგეთში რამდენიმე ადამიანს ველაპარაკე, დაწვრილებით ვცდილობდი გამერკვია, რა გზის გავლა მომიწევდა, თუ მართლაც იძულებული გავხდებოდი, რომ წავსულიყავი და თავშესაფარი მომეთხოვა. თითქმის ყველა დარწმუნებით მირჩევდა, რომ არ მეფიქრა საქართველოში მკურნალობაზე და დროულად ჩავსულიყავი საფრანგეთში, თუმცა მე ცოტა ხნით ტაიმ-აუტის აღება გადავწყვიტე... თავს ისევ ავუკრძალე ფიქრი. საქართველოში დაბრუნებამდე მაინც...

სწორედ ამ დღეს გავიცანი თბილისელი 6 თვის დათი და მისი მშობლები, რომლებიც ჩვენს სასტუმროში გაჩერდნენ. ბავშვისთვის საქართველოში თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაესვათ, სტამბოლში ამის გადასამოწმებლად იყვნენ ჩამოსული. დედ-მამა თვითონაც ბავშვებს ჰგავდა - 25-26 წლისანი თუ იქნებოდნენ, ამ დიაგნოზით ჯერაც გონს ვერ მოსულები, დაბნეულები, შეშინებულები... საკუთარი უილა­ჯობა მკლავდა, დათი არ იყო პირველი ქართველი ბავშვი, ვინც თურქულ კლინიკაში ვნახე... მათი შემყურე ვფიქრობდი, როგორ შეიძლება მეწუწუნა, ერთი ძვირიც კი დამცდენოდა საკუთარი დიაგნოზის გამო, როცა ამდენი წელი სრულიად ჯანმრთელად ვიც­ხოვრე... ამის რა უფლება მქონდა. ან მეფიქრა, რატომ მაინცდამაინც მე-მეთქი? ვინ არის დაზღვეული ამისგან?! თუ ვაღიარებთ, რომ ათასგვარი საწამლავით გაჯერებულ გარემოში ვცხოვრობთ, არ ვიცით, რას ვსუნთქავთ, რას ვჭამთ, რა საყოფაცხოვრებო ქიმიას ვიყენებთ და ა.შ., მაშინ სრულიად კარგავს აზრს კითხვა - რატომ მაინცდამაინც მე? - და რატომაც არა...

კვირა. ჩალმიჯას ბორცვზე

სასტუმროდან ტელეანძა ისე ახლოს ჩანდა, არც კი მიფიქრია ტრანსპორტით წასვლა. ნატას წასვლიდან მეორე დღეს დილითვე გავემზადე, ჩავრთე "გუგლმეპი" და გავუდექი გზას, რომელიც მოულოდნელად საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა, შესაძლოა აღმართის გამოც მომეჩვენა ასე, თუმცა თანდათან უფრო და უფრო დამძიმდა ჩემი ნაბიჯი, უფრო ხშირად ვისვენებდი... თან ჩამოცხა, ვცდილობდი ჩრდილქვეშ მევლო, მაგრამ ეს მაინცდამაინც მარტივი არ აღმოჩნდა, რადგან გზის პირები მოშიშვლებული იყო, ხეები ალაგ-ალაგ დაერგოთ. გარშემო ძირითადად სასწავლო დაწესებულებები იყო, კერძო სკოლები. შუა ზაფხული ანუ არდადეგების პერიოდი იყო, შესაბამისად, ქუჩებიც და ეზოებიც, რომლებიც მაღალი ღობეების იქით ნაწილობრივ ჩანდა, ცარიელი იყო.

ასე სვენებ-სვენებით, თუმცა ხალისით ავედი ჩამილჯას, ასე ვთქვათ, მწვერვალზე, ანძასთან, სადაც დაახლოებით მთაწმინდის პარკის ტიპის ვითარება დამხვდა, ოღონდ ატრაქციონების გარეშე... ღია ცის ქვეშ მოწყობილი პატარა კაფე-რესტორნები, დასასვენებლად და საპიკნიკედ გამოსული ოჯახები და გასაოცარი ხედები ბოსფორზე... კარგა ხანს ვისეირნე ბოსფორის მხარეს საფეხმავლო ბილიკით, დავტკბი გადასახედებით, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო იქ თავშეყრილ საზოგადოებაზე დაკვირვება. ოჯახები ლამის სრული შემადგენლობით იყვნენ გამოსული დასასვენებლად, ასაკოვან ბებია-ბაბუებთან ერთად... აქაც ყველაფერი ეკლექტური იყო, მაგალითად, ერთ ოჯახში თავსაფრიანი, მეტიც, ჩადრიანი ქალებიც შეგეძლოთ გენახათ და ნახევრად შიშველი, ნაირფრად თმაშეღებილი გოგონებიც... კარგა ხნის ხეტიალის შემდეგ მომშივდა. ერთ ღია კაფესთან რიგში ჩავდექი, ყავა და რამდენიმე სახის სიმითი ვიყიდე და იქვე ხეებს შორის ხის კუნძებით გარშემორტყმულ ფიცრულ მაგიდასთან ჩამოვჯექი.

ამასობაში ყვავი მოფრინდა და პირდაპირ ჩემი მაგიდის შორეულ კიდეზე ჩამოჯდა, ნელი მოძრაობით დავფხვენი სიმითი და მისი გამასპინძლება ვცადე, სწრაფად დაიწყო კენკვა... სტამბოლში ისევე როგორც კატები, არც ყვავები უფრთხიან ადამიანებს.

სასტუმრომდე ისევ ფეხით გადავწყვიტე წასვლა... გზად უცებ საიდანღაც ნაცნობი მელოდია მომესმა, ზერინ ოზერი მღეროდა "Hერ Şეყ შენინლე Güზელ" ("ყველაფერი ლამაზია შენთან ერთად") - წლების წინ "იუთუბზე" შემთხვევით ვიპოვე ეს სიმღერა და კარგა ხანს ვუსმენდი. მეტიც, ტექსტი ჯერ გუგლთრანსლეითით ვთარგმნე, მერე კი მისი მხატვრულად თარგმნაც ვცადე. ამ ტიპის მუსიკას დიდად არ ვუსმენ, თუმცა რატომ მომეწონა წლების წინ, არ ვიცი... და ახლა ისეთი მშობლიური იყო მისი გაგონება. მივიწყებული ტექსტი ნელ-ნელა აღვიდგინე... სიმღერა შეწყდა, თუმცა მე გზა ღიღინით გავაგრძელე.

საღამოს, როცა ბოსფორზე ღამე ჩამოწვა და წყლის ზედაპირზე ფერადი სინათლეები აკიაფდა, ჩავრთე ეს სიმღერა და თავდავიწყებით დავიწყე ცეკვა ნომერში, მეც ბოლო ხმაზე ვმღეროდი. ვინმეს რომ დავენახე, თმაგაშლილი ალქაჯი ვეგონებოდი, თან ვფიქრობდი, რომ მალე სასტუმროს პერსონალი ამომაკითხავდა, თუმცა გადავრჩი. არ ვიცოდი, რა იქნებოდა ხვალ-ზეგ ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ აქ და ახლა სარკის ნატეხებში გაბნეულ და სრულიად გაუცხოებულ ჩემს სხეულს ბოსფორი და ზერინ ოზერი ამთელებდნენ...

"ყველაფერი ლამაზია შენთან ერთად, გზაზე უბრალოდ სიარული და შეუსრულებელი ოცნებების დევნაც კი...

ყველაფერი ლამაზია შენთან ერთად, ეს მიწა, ეს ქვაც... ჩემში არსებული ეს შიში და თვალზე ცრემლიც...

მოულოდნელად განშორებაც რომ დადგეს, შენთან გატარებული თუნდაც ერთი დღე მეყოფა...

ყველაფერი ლამაზია შენთან ერთად - ეს ხმა, რომელიც მესმის... მხოლოდ წყალი კი არა, ჰაერიც კი, რომელსაც ვსუნთქავ...

ყველაფერი ლამაზია შენთან ერთად - ეს წვიმა, ეს თოვლი და ჩემს სახეზე ცრემლების ნაკვალევიც კი...

მოულოდნელად განშორებაც რომ დადგეს, შენთან გატარებული თუნდაც ერთი დღე მეყოფა..."

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)