ჯონ გალიანო - გენიოსი, რომელიც გარიყეს
ჯონ გალიანო მოდის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, დიზაინერი, რომლის კარიერაც შთამბეჭდავი და იმავდროულად, წინააღმდეგობრივია. თავბრუდამხვევი წარმატება, რევოლუციური ხედვა და საჯარო სკანდალი გალიანოსთვის დამახასიათებელი შტრიხებია. თითქმის მივიწყებული გენიოსი, რომელიც მოდის სამყარომ გარიყა, კვლავ დაბრუნდა, დაბრუნდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ველოდით - "ზარას" მიწვეული დიზაინერის როლში. როგორია ჯონ გალიანოს შემოქმედებითი გზა და რატომ აიძულა ჩვენი დროის უდიდესი ხელოვანი საზოგადოებამ "ჩრდილში დარჩენილიყო"? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას "კვირის პალიტრის" მკითხველისთვის მედიაში გავრცელებული სტატიების მიხედვით შევეცადეთ.
გიბრალტარელი პატარა ბიჭი
ჯონ გალიანო 1960 წლის 28 ნოემბერს გიბრალტარში დაიბადა. ბავშვობაში მისი ოჯახი ინგლისში გადავიდა, სადაც მომავალმა დიზაინერმა განათლება მიიღო. მოგვიანებით ის ლონდონის Central Saint Martins-ში სწავლობდა. 1984 წელს მისმა სადიპლომო კოლექციამ მოდის სამყაროს ყურადღება მიიპყრო. კოლექციაში უკვე ჩანდა ის თვისებები, რომლებიც მომავალში გალიანოს ხელწერად იქცა - ისტორიით შთაგონება, თეატრალურობა და ექსტრავაგანტური სილუეტები.

Givenchy - პირველად სცენაზე
გალიანოს კარიერაში მნიშვნელოვანი გარდატეხის წელია 1995, როდესაც ის Givenchy-ის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. ამით ის პირველი ბრიტანელი დიზაინერი გახდა, რომელმაც ფრანგული მაღალი მოდის ერთ-ერთი ისტორიული სახლი ჩაიბარა. Givenchy-ში მისი მუშაობა ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა მოახდინა გალიანოს კარიერაზე. მან დაამტკიცა, რომ დამოუკიდებელი და ექსპერიმენტული დიზაინერიდან დიდი მოდის სახლის ხელმძღვანელად გარდაქმნა შეეძლო.
Dior-ის მოდის სახლი, მსოფლიო აღიარება და სკანდალი
1996 წლის ოქტომბერში გალიანო Christian Dior-ის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. მისი პირველი Dior Haute Couture კოლექცია 1997 წლის იანვარში წარადგინეს და ამით დაიწყო პერიოდი, რომელმაც ის მსოფლიო მოდის ერთ-ერთ ცნობილ დიზაინერად აქცია. Dior-ში გალიანო ცნობილი გახდა გრანდიოზული ჩვენებებით, ისტორიული კოსტიუმებით, რთული სილუეტებითა და პოდიუმისადმი მისი არტისტული მიდგომით. მისთვის მოდა მხოლოდ ტანსაცმელი არ ყოფილა, თითოეული კოლექცია გარკვეულ პერსონაჟებსა და ისტორიას ქმნიდა.
გალიანოსთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა 2011 წელი. მედიაში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დიზაინერის ანტისემიტური გამონათქვამები ისმის. ამ შემთხვევას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან იმ დროს მსახიობი ნატალი პორტმანი Dior-ის სუნამოს, Miss Dior Chérie-ის სახე იყო. პორტმანი ებრაული წარმოშობისაა და გალიანოს სიტყვებს საჯაროდ გამოეხმაურა: "როგორც ადამიანს, რომელიც ამაყობს, რომ ებრაელია, ბატონ გალიანოსთან არანაირი კავშირი აღარ მექნება".
პორტმანის განცხადება სკანდალის მიზეზი გახდა. მალევე მოდის სახლმა Dior-მაც დაგმო დიზაინერის ქცევა და გალიანო თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მოგვიანებით გალიანომ ბოდიში მოიხადა. მან ასევე ისაუბრა ალკოჰოლსა და სხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულების პრობლემებზე და მკურნალობა გაიარა. მიუხედავად ამისა, 2011 წლის მოვლენებმა მის კარიერაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა - ჯონ გალიანო რამდენიმე წლით გაქრა მოდის სამყაროდან.

დაბრუნება Maison Margiela-ში
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ გალიანომ მოდის სამყაროში დაბრუნება შეძლო. 2014 წელს ის Maison Margiela-ს კრეატიულ დირექტორად დაინიშნა. Margiela-ში გალიანომ თეატრალური ხედვა მოდის სახლის დეკონსტრუქციულ ესთეტიკას შეუთავსა. თანამშრომლობა თითქმის ათწლეულს გაგრძელდა და დიზაინერის კარიერის მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი შექმნა. ამ პერიოდის ერთ-ერთ მწვერვალად 2024 წლის Maison Margiela Artisanal კოლექცია იქცა. კორსეტები, დრამატული მაკიაჟი, სხეულის ფორმის შეცვლაზე აგებული სილუეტები და ძველი პარიზის ატმოსფერო კვლავ აჩვენებდა გალიანოს უნარს, ჩვენება ნამდვილ სპექტაკლად ექცია. 2024 წლის ბოლოს მისი Maison Margiela-ში მუშაობის პერიოდი დასრულდა.
ახალი თავი - John Galliano x Zara
2026 წელს გალიანომ კარიერაში კიდევ ერთი მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა - დაიწყო Zara-სთან ორწლიანი შემოქმედებითი თანამშრომლობა. პირველი კოლექცია, Re{form} Zara Authored by the Couturier John Galliano, 2026 წლის 1-ელ ოქტომბერს გამოვიდა. თანამშრომლობა ოთხ კოლექციას მოიცავს. გალიანო ძარა-სთან თანამშრომლობას თავისი პროფესიული ცხოვრების "მესამე აქტად" მიიჩნევს: პირველი მისთვის საკუთარი ბრენდის, Givenchy-სა და Dior-ის პერიოდია, მეორე - Maison Margiela, ხოლო მესამე სწორედ Re{form}-ით იწყება. ახალი ეტაპის მიზანი მან ძალიან მარტივად ჩამოაყალიბა: "მინდოდა, სახალისო ყოფილიყო".

რა ვერ აპატიეს გალიანოს?
ჯონ გალიანოს სკანდალიდან უკვე 15 წელი გავიდა, თითქოს დროა დავიწყებას მისცემოდა, თუმცა როგორც კი მეტროპოლიტენ-მუზეუმმა 2027 წლის "მეტგალას" თემად გალიანო დაასახელა, ამას საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. ასეთ დროს ბუნებრივად იბადება კითხვები - შეიძლება თუ არა ხელოვანის ნიჭი მისი ქმედებებისგან დამოუკიდებლად განვიხილოთ? სად გადის ზღვარი ხელოვანისთვის მეორე შანსის მიცემასა და მისი განცხადებების გამართლებას შორის?
საინტერესოა, ვინ დაუპირისპირდა ჯონ გალიანოს Met Gala-ს გამოფენას, რის საფუძველზეც 2027 წლის Met Gala-სთვის დაგეგმილი ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი პროექტი, ჯონ გალიანოს კარიერისადმი მიძღვნილი გამოფენა John Galliano: Horizons აღარ გაიმართება. გამოფენა The Metropolitan Museum of Art-ს Costume Institute-ში 2027 წლის მაისში უნდა გახსნილიყო.
დაპირისპირების მთავარი ფიგურა გახდა ჯული მენინი (Julie Menin), ნიუ-იორკის საქალაქო საბჭოს სპიკერი. მან Met Gala-ს ხელმძღვანელობას წერილით მიმართა და გადაწყვეტილებას "სერიოზული შეცდომა" უწოდა. მენინი, რომელიც ჰოლოკოსტგადარჩენილის შვილია, ამბობდა, რომ გალიანოს პატივსაცემად გამოფენის გამართვა, განსაკუთრებით ანტისემიტიზმის ზრდის ფონზე, ებრაელი საზოგადოებისთვის მტკივნეული იყო. თუმცა ეს მხოლოდ მენინის პროტესტი არ ყოფილა. გამოფენის წინააღმდეგ გამოვიდნენ ებრაელი საზოგადოების ლიდერები, პოლიტიკოსები და Met Gala-ს ზოგიერთი მნიშვნელოვანი დონორი. მათ შორის იყო Pace Gallery-ის დამფუძნებელი არნე გლიმჩერი და Met-ის დიდი დონორი ალის ტიში. პროტესტის მიზეზად დასახელდა გალიანოს 2011 წლის სკანდალი.
საბოლოოდ, 31 აგვისტოს გალიანომ თავად განაცხადა, რომ გამოფენის ჩატარება ამ ეტაპზე აღარ იყო სწორი. მან ბოდიში კიდევ ერთხელ მოიხადა და აღნიშნა, რომ სრულ პასუხისმგებლობას იღებს თავისი წარსული სიტყვებით მიყენებულ ტკივილზე. გამოფენის ორგანიზატორებმა მისი გადაწყვეტილება ოფიციალურად დაადასტურეს.
დღეს ჯონ გალიანოს მემკვიდრეობის შეფასება მხოლოდ მისი წარმატებების ჩამოთვლით შეუძლებელია. ერთი მხრივ, მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თანამედროვე მაღალი მოდის ვიზუალურ ენაზე და პოდიუმის ჩვენება ნამდვილ სპექტაკლად აქცია. მეორე მხრივ, მისი 2011 წლის სკანდალი მისი ბიოგრაფიის მძიმე ნაწილია. გალიანოს კარიერა მუდმივი ქარტეხილების ისტორიაა და მაინც, ის ჩვენი დროის უდიდესი შემოქმედია, რომელიც კიდევ იტყვის თავის სათქმელს მოდის ისტორიაში.