ერთგულების გაკვეთილები - მურას ყოველდღიურად განსაკუთრებული გრაფიკი აქვს, საიდანაც ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტს არასდროს ღალატობს, ყოველდღე პატრონის საფლავზე დადის
სამყაროში ბევრი რამ არის, რასაც ერთი შეხედვით ვერ ახსნი. მათ შორის, ხშირად უცნაურია ძაღლების ქცევა. ამ საოცარ, უტყვ არსებებს ზოგჯერ შეუძლიათ იმაზე მეტს შესწვდნენ, ვიდრე თანამედროვე მეცნიერების უახლესი ტექნოლოგიებით არის შესაძლებელი. თითქოს უანგარო სიყვარულისა და უსაზღვრო ერთგულების უნარი ძაღლებში ტელეპათიის ფენომენალურ შესაძლებლობებს ავითარებს. სწორედ ამის გამო ბევრი მათგანი ლეგენდის გმირი ხდება. თუნდაც ისე, როგორც მცხეთის რაიონში, სოფელ ახალუბანში მცხოვრები, გერმანული ნაგაზის მეტისი მურა, რომელსაც ყოველდღიურად განსაკუთრებული გრაფიკი აქვს, საიდანაც ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტს არასდროს ღალატობს, ყოველდღე პატრონის საფლავზე დადის.
მურას პატრონი ჰყოლია, სახელად ვაჟა. ძალიან ჰყვარებია, სულ თან დასდევდა, მაგრამ ერთ დღეს დაღონებული შინ მარტო დაბრუნებულა. ვაჟა დაიკარგა. ეძია სოფელმა, საქმეში უამრავი სპეციალისტი ჩართეს, მაგრამ კაცი თითქოს ცამ ჩაყლაპა, კვალსაც ვერსად მიაგნეს. ძაღლი ხან მაშველ-მაძებრებს დასდევდა, ხანაც ერთ ადგილზე დაჯდებოდა და თითქოს რაღაცას დაჟინებით ელოდა. მაშინ განსაკუთრებული ყურადღება არავის მიუქცევია მურასთვის, მაგრამ როცა ყველამ ხელი ჩაიქნია და დაკარგული კაცის ძებნა შეწყვიტეს, იმ ღამით მურა სახლში არ მისულა, მეორე დღეს კი, დილით ადრე, ყეფით შეძრა სოფელი და ხალხი აიძულა გაჰყოლოდა. ვაჟას ცხედარი არხში იპოვეს. ვარაუდობენ, რომ კაცს ფეხი დაუცდა, ჩავარდა და გაიგუდა, ან შესაძლოა ცხედარი რაღაცას გამოედო და წყლის ზედაპირზე ვერ ამოაღწია. ერთადერთი, რასაც ზუსტად მიხვდნენ, ის იყო, რომ გაწუწული მურა გარდაცვლილი პატრონის არხიდან ამოყვანას ითხოვდა.
მურას ერთგულება
გგონიათ, რომ პატრონის მიმართ ერთგულება ამით დასრულდა? არა, მურა ყოველდღე სასაფლაოზე ადის. იქ, სადაც მისი პატრონი ასვენია, გარკვეულ დროს ატარებს, მერე ისევ სოფელში ბრუნდება, თუმცა, არა იქ, სადაც გარდაცვლილი ვაჟას ოჯახი ცხოვრობს. კარგა ხანია მურამ ახალი ვაჟა აირჩია, ვაჟა კაკაბაძე, პენსიონერი პროფესორი. სწორედ მან მიამბო მურას შესახებ:
- ახალთუბანში, აგარაკზე გადმოვსახლდი. ერთ დღესაც მურა გავიცანი, რომელსაც სოფელში `ვაჟას ძაღლს~ ეძახიან. თვითონ მომადგა ეზოში. ვაჭამე. მომეჩვია. სხვა მიუსაფრებსაც ვპატრონობ, მაგრამ მურა მათ არ ჰგავს, უცნაურია. ვიფიქრე, სახელს დავარქმევ, ეზოში მეყოლება-მეთქი, მაგრამ გასვლას მთხოვს ხოლმე და კარგა ხნით იკარგება, საღამოს კი ბრუნდება და ეზოში სძინავს. ერთ დღესაც მურა სოფელში ქალთან ერთად დავინახე, ჩვენი ძაღლიაო და მისგან გავიგე მურას ამბავი. გარდაცვლილი პატრონის ქვრივმა მურას უცნაური თავგადასავალი მიამბო და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ის ჩვეულებრივი ცუგა არ არის.
ბავშვობიდან მომდევს ამბავი, რომელიც მთელი ცხოვრება დიდ ტკივილად მომყვება. კომუნისტების დროს მამაჩემი სამუშაოდ აფხაზეთში, გუდაუთაში გაანაწილეს. იქ დავიბადე და მესამე კლასამდე იქ ვსწავლობდი. სწორედ მაშინ ავიყვანეთ მაწანწალა ძაღლი, რომელსაც ბობი ერქვა. აფხაზეთში ყოფნის დროს ბობისთან მეგობრობა ოჯახმა არ დამიშალა, მაგრამ თბილისში დაბრუნების დრო რომ მოვიდა, ჩემი სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად ბობი გავაჩუქეთ. სამი თვის შემდეგ, როცა ბარგი ჩავაწყვეთ და მანქანით თბილისისკენ წამოვედით, ბობიმ როგორღაც იგრძნო, რომ მოვდიოდით, ჯაჭვი გაწყვიტა და გამოგვეკიდა. დიდხანს გვდია. როცა დაიღალა, გზაზე დაწვა და ტკივილიანი მზერით გამოაცილა ჩვენი მანქანა. მისი მზერა მთელი ცხოვრება მახსოვს. იქ იკითხებოდა, რატომ? მე, პატარა ბიჭს, არ მქონდა პასუხი, რადგან მეც იგივე კითხვა მტანჯავდა.
ახლა წიგნს ვწერ და იქ ბობის და მურას ცალკე თავებს ვუძღვნი. რას ვწერ? ეს არის ერთი რიგითი ადამიანის აღსარება - მიუხედავად იმისა, რომ ნიუტონმა მიზიდულობის კანონი აღმოაჩინა, აინშტაინმა მათემატიკურად დაადგინა სინათლის სიჩქარე, დარვინმა ევოლუციის კანონს მიაგნო, სამყარო უკეთესი არ გახდა. ჩვენ, ადამიანები, მათ შორის მეც, უფრო კეთილი არ გავხდით. უკეთესი მაშინ გავხდებით, როცა სამყაროს შევიყვარებთ. სამყარო კი ერთი ციდა ყვავილშია მოქცეული, რომელიც შეშინებული გვიყურებს, ფეხი რომ არ დავადგათ. სამყარო გვიყურებს ძაღლის თვალებიდან, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს, არჩევანის უქონელი, ჩვენი, ადამიანების უპასუხისმგებლობის გამო და წიხლის ნაცვლად მოწყალებას, სიყვარულს ელოდება. უნდა შევიცვალოთ და ჩვენი მიდგომა ძაღლების მიმართ უნდა გამოსწორდეს. ადამიანი, რომელიც ძაღლს ერჩის, სახეს კარგავს.
მურა ერთ-ერთი დიდებული ცუგაა, რომელსაც შეუძლია ადამიანისთვის შეუძლებელი დაინახოს, მკვდარი პატრონიც კი იგრძნოს და მასთან ჩვენთვის ერთი შეხედვით აუხსნელი გზებით კავშირი შეძლოს. არ მინდა მისი ამბავი უკვალოდ დაიკარგოს და ისევე როგორც მსოფლიოში მისი მოდგმის უამრავი წარმომადგენლის შესახებ იციან, მინდა მურაზეც იცოდნენ.

მსოფლიომ იცის უამრავი შემთხვევა, როცა მაშველებმა ხელი ჩაიქნიეს, ძაღლმა კი სასწაული შეძლო
ბლადჰაუნდი დეჟას ამბავი ასე იყო: აშშ-ში, ვირჯინიაში, უღრან ტყეში დაკარგულ პატარა გოგონას ვერტმფრენებითა და დრონებით 24 საათზე მეტხანს ეძებდნენ. როცა ძებნა თითქმის შეწყდა, მოიყვანეს ძაღლი დეჟა, რომელმაც სუნის აღებიდან ზუსტად 12 წუთში, ტყეში კვალი გაჭრა და ბავშვი უვნებელი იპოვა.
ავსტრალიელმა ბანჯომაც ბავშვი გადაარჩინა. გერმანულმა ნაგაზმა ტყეში დაკარგული 2 წლის ბავშვი მას შემდეგ იპოვა, რაც პოლიციამ ღამის სიბნელისა და გაუვალი ჯუნგლების გამო სამძებრო ოპერაცია ოფიციალურად შეაჩერა. ბანჯო არ შეჩერდა, პაწიას მიაგნო და მთელი ღამე სხეულით ათბობდა, დილით კი მაშველებთან მარტო გამოვიდა და ხევში გაყოლა ანიშნა.
ახალუბნელი მურა, ამერიკელი დეჟა თუ ავსტრალიელი ბანჯო, ყველა ერთ დიდ ჭეშმარიტებას ადასტურებს - მათ აქვთ სიყვარულის, თავგანწირვისა და ერთგულების აუხსნელი უნარი. მათში მუდმივად ცხოვრობს მხსნელი, მაშველი და საჭიროების შემთხვევაში ეს უნარი წარმოუდგენელი ძალით ერთვებათ.

როგორ ახერხებენ ძაღლები იმას, რასთანაც ხშირად ადამიანი და უახლესი ტექნოლოგიები უძლურია?
ადამიანის ცხვირში 5 მილიონი ყნოსვის რეცეპტორია, ნაგაზებს კი 300 მილიონამდე აქვთ. მათი ტვინის ყნოსვის ცენტრი ადამიანისაზე 40-ჯერ დიდია. შეუძლიათ იგრძნონ სუნის მოლეკულა ისეთი მცირე კონცენტრაციით, როგორიცაა ერთი წვეთი სისხლი ან ოფლი ოლიმპიურ აუზში.
როდესაც ადამიანი წყალში იხრჩობა, მისი სხეულიდან გამოიყოფა ქიმიური ნაწილაკები და აირები, რომლებიც წყლის ზედაპირზე ამოდის. ძაღლს შეუძლია ნავში ჯდომისას ან ნაპირზე სირბილისას იგრძნოს წყლიდან ამოსული ადამიანის სუნი, თუნდაც დინებას შორიდან მოჰქონდეს.
მიწის ქვეშ დაკრძალული სხეულიდან მაინც გამოიყოფა მიკრონაწილაკები, რომლებიც ნიადაგის ფორებიდან ზედაპირზე აღწევს. ადამიანისთვის მიწას მხოლოდ მიწის სუნი აქვს, მურასთვის კი მისი ძველი პატრონის ინდივიდუალური `ქიმიური ნაწილაკები~ ადვილი ამოსაცნობია.
თუმცა მეცნიერებას არ შეუძლია ახსნას, ძაღლმა ბობიმ 1923 წელს პატრონების მოსაძებნად როგორ გაიარა 4 000 კილომეტრი...
ბრაზიერების ოჯახი აშშ-ში, ორეგონიდან ინდიანაში მოგზაურობდა თავის ძაღლთან, ბობისთან ერთად. ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე ბობის სხვა ძაღლები დაესხნენ თავს, შეშინებული გაიქცა და დაიკარგა. ხანგრძლივი ძებნის მიუხედავად, ოჯახი იძულებული გახდა შინ მის გარეშე დაბრუნებულიყო. 6 თვის შემდეგ, ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა გოგონამ, მშობლიური ქალაქის ქუჩაში შენიშნა საშინლად გამხდარი, დაუძლურებული და კოჭლი ძაღლი. ეს ბობი იყო. მან მარტომ, ყოველგვარი დახმარების გარეშე, ზამთარში გადაჭრა კლდოვანი მთები, უდაბნოები და მდინარეები, რათა თავისი სახლი და საყვარელი ადამიანები ეპოვა. სამწუხაროდ, ბობის არ შეეძლო მოეყოლა ეს როგორ შეძლო. არც ვინმემ იცის.
ვერც ავსტრალიური ნაგაზის მეტისი ნანუკი მოყვება როგორ გადაიარა ბერინგის ზღვის გაყინული წყლები, გადაურჩა თეთრ დათვებსა თუ მგლებს და მიაგნო დასახლებას, სადაც ადგილობრივებმა სოციალური ქსელის მეშვეობით 240 კილომეტრის დაშორებით მყოფი მისი პატრონი იპოვეს და შეახვედრეს.
ჰაჩიკო იაპონიაში ერთგულების ეროვნული სიმბოლო გახდა. მისი პატრონი, პროფესორი ჰიდესაბურო უენო ყოველდღე მატარებლით მიდიოდა უნივერსიტეტში და ყოველ საღამოს მას სადგურზე ხვდებოდა. 1925 წელს პროფესორი მოულოდნელად გარდაიცვალა, მაგრამ ჰაჩიკო მაინც აგრძელებდა მის ლოდინს - ყოველ დღე, 9 წლის განმავლობაში, ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილას. ჰაჩიკოს უპირობო ერთგულება მთელმა მსოფლიომ გაიგო, დღეს კი მისი ძეგლი სადგურთან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა.