როცა ინფლუენსერი მშობელი კონტენტის შესაქმნელად  ბავშვის პირად სივრცეს არღვევს - კვირის პალიტრა

როცა ინფლუენსერი მშობელი კონტენტის შესაქმნელად  ბავშვის პირად სივრცეს არღვევს

ე.წ. ინფლუენსერი მშობლები, რომელთა ყოველდღიურობა სოციალური ქსელების კონტენტად იქცა, სულ უფრო ხშირად გვხვდებიან ციფრულ სივრცეში. მაკიაჟი, ემოციები, ოჯახური სივრცე - ყველაფერი შეიძლება ნახვების, მოწონებებისა და ზოგჯერ შემოსავლის წყაროდ იქცეს. როგორ აისახება ბავშვების მონაწილეობით შექმნილი სოციალური მედიის კონტენტი მათ პირად სივრცეზე, ემოციურ კეთილდღეობასა და განვითარებაზე? ამ საკითხზე„ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თინათინ გობაძე გვესაუბრა.

- პირველ რიგში, ერთმანეთისგან უნდა გავმი­ჯნოთ ბავშვის ფოტოსა თუ ვიდეოს პერიოდული გაზიარება და ბავშვის მონაწილეობით მუდმივი კონტენტის წარმოება - რა თქმა უნდა, ეს ორი მოცემულობა სრულიად განსხვავებული პრაქტიკაა.

სოციალური მედია შეიძლება ძალიან კარგი სივრცე იყოს მშობლებისთვის გამოც­დილების გასაზიარებლად, ინფორმაციის მისაღებად და ერთმანეთის მხარდასაჭერად. პრობლემას ვხედავ მაშინ, როდესაც ამ პროცესში მონაწილე ბავშვი კარგავს პირად სივრცეს და მისი ყოველდღიურობა საჯარო სანახაობად გადაიქცევა. მაგალითად, მშობელს შეუძლია გაგვიზიაროს, როგორ ასწავლის შვილს ფერების გარჩევას, როგორ ქმნის განმავითარებელ აქტივობას ან როგორ ეხმარება დამოუკიდებლობის განვითარებაში. მაგრამ ამისთვის აუცილებელი არ არის ბავშვის სახის, მისი ყველა რეაქციის, ემოციისა და სხვა დეტალების ჩვენება.

განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი ვიდეოები, რომლებშიც ჩანს ბავშვის ტირილი, ემოციური აფეთქება, შიში, დასჯა ან მისთვის უხერხული მდგომარეობა. თუ დავსვამთ მსგავს კითხავს: "ვის ინტერესს ემსახ­ურება ამ კონკრეტული ქცევის გასაჯაროება და რა სარგებელს იღებს თავად ბავშვი?" - მჯერა სრულიად სხვა პასუხს ვიპოვით, პასუხს, რომელიც ბავშვის საჭიროებას ან ინტერესს არ შეიცავს.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბავშვი დამოუკიდებელი პიროვნებაა, რომელსაც დაბადებიდან აქვს პირადი ცხოვრების, ღირსებისა და უსაფრთხოების უფლება. მასაც აქვს არჩევანის უფლება. მას, როგორც ცალკე პიროვნებას, დიდი პატივისცემითა და სიფრთხილით უნდა მოვექცეთ დაბადებიდანვე. ამიტომ ჩემთვის ზღვარი გადის იქ, სადაც ინფორმაციის გაზიარების სურვილი ბავშვის პირად სივრცესა და ინტერესებზე მაღლა დგება.

წარმოიდგინეთ მშობელი, რომელმაც ერთხელ გააზიარა შვილის ვიდეო და მას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შემდეგ კიდევ გამოაქვეყნა ერთი ვიდეო, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოეხმაურა. თანდათან ბავშვის ყოველდღიურობა შეიძლება იქცეს იმ ძირითად მასალად, რომლის საშუალებითაც მშობელი აუდიტორიას ინარჩუნებს.

ბევრი მშობელი შეიძლება გულწრფელად ფიქრობდეს, რომ კარგ საქმეს აკეთებს, თუმცა კეთილი განზრახვა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ჩვენი ქმედება ბავშვისთვისაც სასარგებლოა. წარმოიდგინეთ სამი წლის ბავშვი, რომელსაც ემოციური აფეთქება აქვს. ის ტირის, ბრაზობს, შესაძლოა იატაკზეც წვება. განვითარების თვალსაზრისით, ეს შეიძლება სრულიად ასაკობრივი გამოცდილება იყოს, ბავშვს ჯერ კიდევ უჭირს ძლიერი ემოციების დამოუკიდებლად მართვა. ამ დროს მას სჭირდება ზრდასრული, რომელიც დაეხმარება დამშვიდებაში, ემოციის გააზრებასა და რეგულაციაში, მაგრამ როდესაც მშობელი ამ ყველაფერს იღებს, სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ათასობით ადამიანი უყურებს, აფასებს ან კომენტარს აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს არ არის ჯანსაღი.

ბავშვები პირადი საზღვრების მნიშვნელობას მხოლოდ სიტყვებით არ სწავლობენ. ისინი აკვირდებიან, როგორ ექცევიან ზრდასრულები მათ საზღვრებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდობის პერიოდი, როდესაც აქტიურად მიმდინარეობს საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბება, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა და თანატოლებთან ურთიერთობების განვითარება.

წარმოიდგინეთ 13 წლის მოზარდი, რომელიც აღმოაჩენს, რომ ინტერნეტში დღემდე ხელმისაწვდომია მისი ოთხი წლის ასაკში გადაღებული ვიდეოები, როგორ ტიროდა, როგორ ბრაზობდა, როგორ სარგებლობდა საპირფარეშოთი... შესაძლოა ეს მას სირცხვილს ან ბრაზს უჩენდეს, შესაძლოა გაუჩნდეს განცდა, რომ საკუთარი ცხოვრების შესახებ გადაწყვეტილებები სხვებმა მიიღეს. ზოგიერთ შემთხვევაში ამ მასალამ შეიძლება თანატოლების დაცინვის ან კიბერბულინგის საფუძველიც შექმნას.

- რა საფრთხეებს ქმნის ბავშვის ფოტოებისა და პირადი ინფორმაციის ინტერნეტში გავრცელება?

- ეს საკითხი გაცილებით სერიოზულია, რადგან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მასალაზე სრული კონტროლის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელია.

პირველი საფრთხე არის ციფრული კვალი. ბავშვი შეიძლება ჯერ საუბარსაც ვერ ახერხებდეს, მაგრამ ინტერნეტში უკვე არსებობდეს მისი სახელი, დაბადების თარიღი, ფოტოები, საცხოვრებელი გარემოს დეტალები, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია და ყოველდღიური ჩვევები.

მეორე საფრთხე არის იდენტიფიცირება. ზოგჯერ მშობელი პირდაპირ არ ასახელებს ბავშვის მისამართს, მაგრამ ვიდეოში ჩანს საცხოვრებელი კორპუსი, საბავშვო ბაღის ან სკოლის დასახელება, ფორმა, ეზო ან ადგილი, სადაც ბავშვი ყოველდღიურად იმყოფება. ამ დეტალების ერთობლიობამ შესაძლოა უცხო ადამიანს ბავშვის იდენტიფიცირება და მისი გადაადგილების ჩვევების დადგენა გაუადვილოს.

მესამე და განსაკუთრებით საყურადღებო საფრთხე არის ბავშვების გამოსახულებების სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით გამოყენება. მშობელმა შეიძლება გამოაქვეყნოს ერთი შეხედვით უწყინარი ვიდეო, მაგალითად, ბავშვი საცურაო კოსტიუმით, საწოლში ან ყოველდღიური ჰიგიენის პროცესში. თუმცა ვერ გააკონტროლებს, ვინ შეინახავს მასალას, რა კონტექსტში გაავრცელებს ან როგორ გამოიყენებს.

თანამედროვე ტექნოლოგიებმა კიდევ ერთი საფრთხე წარმოშვა: ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია ჩვეულებრივი ფოტოს მანიპულირება და ბავშვის გამოსახულებით სექსუალური ხასიათის ყალბი მასალის შექმნა. აშშ-ის დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნულმა ცენტრმა (NCMEC) დააფიქსირა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის მასალების, მათ შორის რეალური ბავშვების ფოტოების მანიპულირების შემთხვევები.

თუმცა მნიშვნელოვანია არ შევქმნათ შთაბეჭდილება, თითქოს ბავშვის ნებისმიერი ფოტოს გამოქვეყნება აუცილებლად სექსუალურ ექსპლუატაციას გამოიწვევს. ჩვენ ვსაუბრობთ შესაძლო მძიმე რისკზე, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია.

აქვე მინდა ერთ გავრცელებულ არგუმენტს გამოვეხმაურო: ხშირად ამბობენ, რომ საფრთხე ყველგან არსებობს და ამ ლოგიკით ბავშვი სახლიდანაც არ უნდა გავუშვათ, მაგრამ ბავშვის უსაფრთხოებაზე ზრუნვა მის იზოლაციას არ ნიშნავს. როდესაც ბავშვს ქუჩაში გადასვლისას ხელს ვკიდებთ, თავისუფლებას კი არ ვართმევთ, უსაფრთხოდ გადაადგილებაში ვეხმარებით, როდესაც მანქანაში უსაფრთხოების სავარძელში ვსვამთ, მის უფლებებს კი არ ვზღუდავთ, რისკებს ვამცირებთ, იგივე მიდგომა გვჭირდება ციფრულ სივრცეშიც.

ბავშვის თავისუფლება და უსაფრთხოება ერთმანეთის საპირისპირო ცნებები არ არის. გარდა ამისა, პასუხისმგებლობა მხოლოდ მშობელს არ ეკისრება. საჭიროა სახელმწიფოს, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ციფრული პლატფორმების მონაწილეობა: ეფექტიანი რეგულაციები, მშობლების განათლება, ცნობიერების ამაღლება და ბავშვზე ორიენტირებული დაცვის მექანიზმები.

- რა დამატებითი რისკები ჩნდება, როდესაც ბავშვი კომერციული კონტენტის მონაწილე ხდება?

- როდესაც ბავშვის მონაწილეობით შექმნილი ვიდეოები ოჯახისთვის შემოსავლის წყარო ხდება, შეიძლება წარმოიშვას ინტერესთა კონფლიქტი. მაგალითად, მშობელმა იცის, რომ შვილის მონაწილეობით გადაღებული ვიდეოები გაცილებით მეტ ნახვას აგროვებს, ვიდრე სხვა ტიპის კონტენტი. შესაბამისად, შესაძლოა გაჩნდეს სურვილი, ბავშვი უფრო ხშირად გადაიღოს, მისგან კონკრეტული რეაქციები მიიღოს ან ისეთი სიტუაციები შექმნას, რომლებიც აუდიტორიისთვის საინტერესო იქნება. ბავშვი კი შეიძლება თანდათან აღმოჩნდეს გარემოში, სადაც მისგან მუდმივად ელიან კამერის წინ ყოფნას, ღიმილს, საუბარს, თამაშს ან კონკრეტული მოქმედებების შესრულებას. ამ დროს უნდა ვიკითხოთ: შეუძლია თუ არა ბავშვს უარის თქმა? რა ხდება მაშინ, როდესაც მას გადაღება არ სურს? განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებს არ შეუძლიათ სრულად გაიაზრონ, რას ნიშნავს საჯაროობა, რეკლამა, კომერციული ხელშეკრულება და საკუთარი გამოსახულების ხანგრძლივი გავრცელება. ამიტომ ბავშვის სურვილი, მაგალითად, "მინდა ვიდეოში გამოვჩნდე", არ უნდა გავაიგივოთ ინფორმირებულ თანხმობასთან. ბავშვის აზრი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ზრდასრულს ეკისრება. ბავშვს უნდა ჰქონდეს ბავშვობის უფლება და არა ვალდებულება, რომ ოჯახის შემოსავლის ან პოპულარობის შენარჩუნებაში მონაწილეობდეს.

ბავშვები სწავლობენ დაკვირვებითა და მიბაძვით, ეს განვითარების ბუნებრივი პროცესია. ისინი აკვირდებიან არა მხოლოდ მშობლებსა და უშუალო გარემოცვას, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ეკრანზე ხედავენ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონკრეტული ქცევა დაკავშირებულია პოპულარობასთან, მოწონებასთან და სოციალურ აღიარებასთან. მაგალითად, დღეს სოციალურ ქსელებში ვხვდებით მცირეწლოვანი ბავშვების ვიდეოებს, სადაც ისინი სკოლაში ან საბავშვო ბაღში წასვლამდე იკეთებენ მაკიაჟს, იყენებენ კოსმეტიკურ პროდუქტებს, იმეორებენ ზრდასრულების სილამაზის რუტინებს და საკუთარ გარეგნობას კამერის წინ წარმოაჩენენ. აქ პრობლემა არ არის ის, რომ ბავშვმა დედის ტუჩსაცხი მოსინჯა, სარკესთან მაკიაჟის გაკეთება მოინდომა. ბავშვები ბუნებრივად ბაძავენ ზრდასრულებს და ეს მათი თამაშისა და განვითარების ნაწილია. პრობლემა ის არის, როდესაც გარეგნობაზე მუდმივი ზრუნვა, სილამაზის სტანდარტებთან შესაბამისობა და საკუთარი თავის სხვების შეფასებისთვის წარმოჩენა ბავშვის ყოველდღიურობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა. დავფიქრდეთ, რა გზავნილს იღებს მცირეწლოვანი ბავშვი, როდესაც ყოველდღიურად ხედავს თანატოლებს, რომლებიც კამერის წინ იკეთებენ მაკიაჟს, იყენებენ სხვადასხვა კოსმეტიკურ პროდუქტს, საუბრობენ გარეგნობაზე და ამის სანაცვლოდ ათასობით მოწონებას იღებენ. შესაძლოა მასაც გაუჩნდეს სურვილი, გაიმეოროს იგივე. შესაძლოა დაიწყოს საკუთარი გარეგნობის შედარება სხვებთან ან ჩათვალოს, რომ გარკვეული პროდუქტების გამოყენება აუცილებელია იმისთვის, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს.

მხოლოდ იმის თქმა, რა არ უნდა გააკეთოს ბავშვმა, საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა შევთავაზოთ რეალური, ჯანსაღი ალტერნატივები და შევქმნათ გარემო, სადაც ბავშვს ექნება შესაძლებლობა, იცხოვროს თავისი ასაკის შესაბამისად, ითამაშოს, განვითარდეს და უბრალოდ ჰქონდეს ბავშვობა.

ბავშვი საზოგადოების ნაწილია და მის განვითარებაზე გავლენას ახდენს ის გარემო, ღირე­ბულებები და ქცევები, რომლებსაც ჩვენვე ვქმნით და ნორმად ვაქცევთ. ის, რასაც დღეს გულგრილად ვუყურებთ, ხვალ შეიძ­ლება ჩვენი შვილების ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს. ბავშვობის დაცვა საერთო საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაა.

მშობელს აქვს თვითრეალიზების სრული უფლება, მაგრამ ამ პროცესში ბავშვის პირადი ცხოვრება არ უნდა იქცეს რესურსად, რომელსაც ზრდასრული საკუთარი აღიარებისთვის იყენებს. ამიტომ მშობელმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს:

- ჩემი შვილი რომ არ ჩანდეს ვიდეოებში, მაინც შევქმნიდი ამ კონტენტს? თუ ჩემი გვერდის პოპულარობა და გამომწერების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ბავშვის მონაწილეობაზე?

- რატომ მსურს ჩემი შვილის ყოველდღიურობის საჯაროდ გაზიარება? ინფორმაციის გაზიარება მინდა, სხვა მშობლების დახმარება თუ სასიამოვნოა ის ყურადღება, მოწონება და აღიარება, რომელსაც ბავშვის მონაწილეობით ვიღებ?

- თუ ჩემი შვილის ვიდეოს ძალიან ცოტა ნახვა და მოწონება ექნებოდა, მაინც მექნებოდა მისი გამოქვეყნების სურვილი?

- რა სარგებელს იღებს ჩემი შვილი ამ საჯაროობით? რეალურად ეხმარება ეს მის განვითარებას და კეთილდღეობას, თუ სარგებელს მე ვიღებ შემოსავლის ან საკუთარი თავის წარმოჩენის სახით?

- ხომ არ ვაქცევ ჩემი შვილის ბავშვობას ჩემი თვითრეალიზების საშუალებად? ხომ არ ხდება ისე, რომ ჩემი წარმატება და საზოგადოებრივი აღიარება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად საინტერესოა ჩემი შვილი სხვებისთვის?

- შემიძლია კამერა გვერდზე გადავდო მაშინაც, როდესაც ვიცი, რომ კონკრეტული ქცევა ბევრ ნახვას დააგროვებდა?

- ჩემი შვილი რომ გაიზრდება, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ მისი ბავშვობის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხო ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გავხადე? იქნებოდა თუ არა მისთვის მისაღები ის ვიდეოები, რომლებსაც დღეს მისი სახელით ვაქვეყნებ?

- შევძლებდი თუ არა ჩემი სოციალური ქსელის განვითარებას ისე, რომ ჩემი შვილის პირადი ცხოვრება არ გამხდარიყო მისი მთავარი შინაარსი? თუ ამის წარმოდგენაც მიჭირს, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ბავშვის მონაწილეობაზე ზედმეტად დამოკიდებული გავხდი?

მარიამ ბუკია