ყველაზე საშიში გზა საქართველოში ანუ ერიდეთ გამოუცდელ მძღოლებს - "ახლახანს მოხდა: მძღოლმა ავტომანქანიდან გადახტომა კი მოასწრო, მაგრამ 4 მგზავრი დაიღუპა"
სამწუხაროდ, ექსტრემალურ გზებზე მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება, განსაკუთრებით თუშეთის გზაზე. ეს საქართველოს ულამაზეს კუთხეებში მოგზაურობისათვის ბარიერს ქმნის, მათ შორის იმ ადამიანებში, ვისაც ოცნებად აქვს ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობა, მაგრამ გზის შიშით ვერ ახერხებს. რეალობაზე, ხიფათის აცილებასა და ზოგადად ექსტრემალურ საქართველოზე ცნობილი ტურისტული კომპანიის ოპერატორსა და გამოცდილ მოგზაურს ვანო ძინძიბაძეს ვესაუბრეთ.
- ვერავის მოვუწოდებ, რომ ყოველთვის ზურგჩანთა აიკიდოს და სამოგზაუროდ წავიდეს, მით უმეტეს, ამას ხომ მატერიალური სახსარიც სჭირდება. თუმცა ისეთ სტრესულ გარემოში, როგორიც ჩვენშია, მოგზაურობით უარყოფითი ემოციები სადღაც ქრება. მოგზაურობას ზოგიერთი ექიმი მედიკამენტივითაც კი უნიშნავს ფსიქოლოგიური სირთულეების გადალახვისთვის, პრობლემებთან უკეთ შეჭიდებისთვის.
რაც შეეხება ჩვენს ექსტრემალურ გზებს, ბევრ ქვეყანასთან შედარებით ამით წამყვან ადგილზე ვართ - უამრავი ექსტრემალური გზა გვაქვს, განსაკუთრებით თუშეთისკენ, რომელიც მსოფლიოს ყველაზე სახიფათო გზების სიაში წამყვანია. ამ გზების რისკები მსოფლიოს ყველაზე ექსტრემალურ ჰიმალაის გზების რისკებს უთანაბრდება. ჰიმალაის ავტოსატრანსპორტო გზებზე ტურისტთა რაოდენობა გაცილებით დიდია და ყოველწლიურად ავტოტრანსპორტით რამდენიმე ათასი კაცი იღუპება.
- რით ვგავართ ჰიმალაის?
- გეოგრაფიული არეალით, პირდაპირ კლდეებშია გამოკვეთილი გამტარი "თაროებით", უფსკრულის პირას დამცავი ბარიერების არარსებობით, მეწყრებით, ქვათაცვენით, ზვავებით... იმით, რომ ამ გზების მოძრავ მიწაზე არ ხერხდება კომფორტული გზების გაყვანა. ამიტომაც ავტოკატასტროფები მსგავს კლდოვან გზებზე, სამწუხაროდ, ჩვენც გვაქვს. წელიწადი ისე არ გაივლის, მაგალითად, თუშეთის გზის რამდენიმე მსხვერპლზე არ გავიგოთ... და არა მარტო თუშეთის. თუმცა აქვე დაბეჯითებით შემიძლია იმის თქმაც, რომ ამ გზებზე ხიფათს გამოცდილ მძღოლთან, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებთან მოგზაურობა გვარიდებს. ჩვენს რეალობაში მსგავსი პროფესიონალები არც ისე ცოტაა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ხშირად გამოუცდელ მძღოლებს უკავშირდებიან. ეს უცხოელ ტურისტებზეც ითქმის. შესაძლოა ფიქრობენ, რომ ჩვენთანაც ეს საკითხი ისეა მოწესრიგებული, როგორც მათ ქვეყანაში და ამიტომაც მძღოლს მარტივად შოულობენ. არადა, სწორედ ახლახან გვქონდა სამწუხარო შემთხვევა - უცხოელი ტურისტები გომისმთაში წაიყვანა ადამიანმა, რომელსაც არც სათანადო მართვის მოწმობა ჰქონდა და არც იმ რაოდენობის მგზავრების გადაყვანის უფლება. შედეგად ავტოკატასტროფისას თავად მძღოლმა ავტომანქანიდან გადახტომა კი მოასწრო, მაგრამ 4 მგზავრი დაიღუპა.
- არადა, ის გზა ასფალტირებულია. ცხადია, თუშეთსა და სხვა მთიან გზებზე, სადაც ასფალტის დაგება ვერ ხერხდება, საფრთხე გაცილებით მეტია.
- რა თქმა უნდა. სხვათა შორის, თუშეთის გზამ არაერთი ადამიანი მძღოლის სიმთვრალის გამო შეიწირა. ჩვენს გზებზე ავტოკატასტროფების უმეტესობის მიზეზი სწორედ სიმთვრალეში მართვაა. არ გამოვრიცხავ სტიქიურ მოვლენებსაც, მაგალითად, მეწყერს ან ქვათაცვენას - ამ შემთხვევაშიც გვაქვს მსხვერპლი, თუმცა გაცილებით ცოტა, ვიდრე ადამიანის დაუდევრობის გამო ხდება.
თუშეთის გზაზე საპატრულო სამსახური არ არსებობს, რითაც ადამიანები სარგებლობენ და საჭესთან ნასვამი ჯდებიან. ამიტომაც მოითხოვს ასეთ გზებზე წასვლა დიდ პასუხისმგებლობასა და პროფესიონალების დაქირავებას. არის ხალხი, ვინც მთაში გზების ყოველი მონაკვეთი ზეპირად იცის, იცის, სად რა ელოდება და როგორ მართოს, რომ არც საკუთარი თავი და არც სხვები არ დააზიანოს. ამას მგზავრიც ხედავს და მშვიდად არის.
არა მხოლოდ თუშეთს, ეს ეხება ჩვენს ყველა ექსტრემალურ გზას. მაგალითად, არანაკლები სიფრთხილე და პროფესიონალების შერჩევა გვმართებს ლენტეხ-უშგულის გზაზე მგზავრობისას, სადაც ექსტრემალურ მდგომარეობას ასევე ე.წ. კარნიზებიან გზებთან ერთად, ქვათაცვენაც ქმნის. სხვათა შორის, ლენტეხი-უშგულის მარშრუტი ექსტრიმის გამო ავტომანქანების გაქირავების კომპანიებმა სიიდან ამოიღეს.
- რას ნიშნავს "კარნიზებიანი" გზა?
- ეს საინჟინრო ტერმინია და ნიშნავს თაროს - ანუ როგორც თაროს გამოჭრიან ხოლმე კედელში, მიუვალ კლდეებში გზის გაყვანის დროსაც დაახლოებით მსგავსი პროცესი ხდება, - "თაროებს" ავტომანქანების გასატარებლად პირდაპირ კლდეებში ჭრიან. ზოგან გზა იმდენად ვიწროა, რომ "კარნიზების" მიღმა, ზოგჯერ მხოლოდ სანტიმეტრებში, ასობით მეტრის უფსკრულია, უფსკრულში კი მთის მდინარეები მიედინება. ცხადია, ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთ ექსტრემალურ ადგილებში არ არის ბუნებრივი პირობები გზის გასაყვანად. მაგალითად, თუშეთი ოდინდელი დროიდან სამყაროს მხოლოდ მთის ვიწრო, საფეხმავლო ბილიკით უკავშირდებოდა.
- სურათის მხოლოდ აღწერისასაც კი შიში ჩნდება.
- გზის არაერთი მონაკვეთი უფსკრულის პირზე გადის, სადაც დამცავი ჯებირებიც კი ვერ კეთდება. ასეთ დროს მძღოლის მცირე დაუდევრობაც საკმარისია, რომ ავტომანქანა უფსკრულში გადაიჩეხოს. მით უფრო, სადაც უეცარი სქელი ნისლი იცის, რომელიც ხილვადობას უშლის. პროფესიონალმა მძღოლმა ეს ყველაფერი წინასწარ იცის და წამსვე ახდენს რეაგირებას მოულოდნელ ექსტრიმზე.