რა ემუქრება პალიასტომის ტბას?!
პალიასტომის ტბის შესახებ ბევრი რამ თქმულა და დაწერილა, თუმცა ყველამ როდი იცის, რა მდგომარეობაშია ეს მშვენიერი ტბა XXI საუკუნეში. ამ საკითხზე გვესაუბრება იზოლდა მაჭუტაძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უვადო მეცნიერი, ჭარბტენიანობის ექსპერტი.
იზოლდა მაჭუტაძე:
- კოლხეთის დაბლობი და პალიასტომის ტბა ჩვენი ქვეყნის მშვენებაა. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ამ ადგილას იკვრება ერთი ჰიდროლოგიური ქსელი, რომლის მთავარი კომპონენტი სწორედ პალიასტომის ტბაა. თავის დროზე, მის ადგილას ზღვა იყო, დღეს კი ამ ტბას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალაქ ფოთისა და მისი მომიჯნავე ეკოსისტემისთვის. პალიასტომის ტბის მიმდებარე ტერიტორია შეიძლება რამდენიმე მთავარ ზონად დავყოთ: ჯერ ზღვაა, მერე - ფოთის სანაპირო და დასახლება, რომელიც ეკონომიკურად აქტიური ზონაა. იქვე, ფოთთან ახლოსაა პალიასტომის ტბა, რომელსაც იმნათის ტორფნარი და აჭარა-გურიის მთები მოჰყვება. ზემოდან რომ გადმოხედავ, ეს ყველაფერი ამფითეატრს წააგავს და საოცრად ლამაზია.
- როგორ ჩამოყალიბდა ამ ადგილას ტბა?
- მეცნიერები ფიქრობენ, რომ ზღვაში ათასწლეულების წინ დაბალი ქედი წამოიმართა და მოზრდილი ტბა სწორედ ასე გაჩნდა, მთიდან წამოსულმა მდინარეებმა კი მისი გამტკნარება გამოიწვია. ამ ადგილის ბოლომდე შესწავლა წარმოუდგენელია, რადგან ისეთი ცოცხალი გეოლოგია, როგორიც კოლხეთშია, მთელ მსოფლიოში არსად მეგულება. მომავალშიც მრავალ სიურპრიზსა და ახალ სამეცნიერო აღმოჩენას უნდა ველოდოთ - პალიასტომი და მისი მომიჯნავე ტერიტორიები ამის თქმის საშუალებას ნამდვილად იძლევა.
- რით განსხვავდება დღეს პალიასტომი ადრინდელისგან?
- პალიასტომი ადრე გაცილებით ღრმა იყო: ტბის მაქსიმალური სიღრმე 4 მეტრს მაინც აღწევდა. ამასთან, XVIII-XIX საუკუნეებში პალიასტომის ტბა მტკნარწყლიანი გახლდათ, რაც ლიტერატურიდანაც კარგად ჩანს. თევზჭერას მოსახლეობისთვის დიდი სარგებელი მოჰქონდა.
მაგრამ როგორც კი ეკონომიკური სიდუხჭირე დაიწყო, მოსახლეობამ მდინარე ფიჩორის ზემო წელში ტყეების უკონტროლო ჩეხას მიჰყო ხელი. ეს თითქმის საუკუნის განმავლობაში გაგრძელდა. ამას დაერთო მელიორაციული სამუშაოები და ტორფის მოპოვების პროცესი, რომელიც საბჭოთა პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა. პალიასტომის მომიჯნავე ტერიტორიაზე სიმინდის თესვა დაიწყეს. ამ სამუშაოებმა და ტყის გაჩეხამ გამოიწვია ის, რომ ჰიდროლოგიური რეჟიმი დაირღვა და აქაური ეკოსისტემა ძალიან დაზიანდა. გავიდა ხანი, მართალია, ამ ადგილებში სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით ტყეც გაჩეხეს და სადრენაჟე არხებიც გაიყვანეს, მაგრამ აქაურობა ტრადიციული აგრარული სექტორისთვის გამოუსადეგარი აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, ტყეების ჩეხა 1990-იან წლებშიც გაგრძელდა. შედეგად, ფოთი და ქალაქის მიმდებარე ტერიტორიები გამუდმებით იტბორებოდა.

კიდევ ერთი გამოუსწორებელი შეცდომა, რომელიც საბჭოთა ეპოქაში დაუშვეს, არხის გაჭრა და პალიასტომის ტბის შავ ზღვასთან მიერთება იყო. ამას მოჰყვა ის, რომ შლამი არხიდან პალიასტომის ტბაში გადმოვიდა და წყლის დონე კიდევ უფრო შემცირდა, თანაც პალიასტომის მტკნარ წყალს მარილიანი წყალი შეერია. ამან ადგილობრივი ეკოსისტემაც შეცვალა.
სწორედ ამიტომ დღეს პალიასტომის ტბის მაქსიმალური სიღრმე ორი მეტრია. იმის გამო, რომ ტბის წყალს მარილიანი წყალი შეერია, მხოლოდ 2-3 სახეობის თევზი გადარჩა, მაშინ როცა ადრე პალიასტომში 30-მდე სახეობის თევზი იყო. უჟანგბადობის გამო ტბაში თევზი კი არა, მცენარეები მრავლდება. ყველაზე დიდი პრობლემები ჯერ კიდევ არ ჩანს, მაგრამ წლების მერე აუცილებლად იჩენს თავს. ამას ემატება შლამის მოპოვების მსურველი კომპანიების საქმიანობაც.
- კომპანიები ქართულია თუ უცხოური?
- ქართულიც და უცხოურიც. არადა, ტორფნარის კიდეებთან მდინარე ფიჩორი ჩამოდის, რომელსაც შლამი ისედაც მოაქვს. წარმოიდგინეთ, როცა შლამს შემაღლებული ბორცვებიდან ამოიღებენ, აქ შეიძლება კატასტროფა მოხდეს. წყლის დონე ისედაც ორ მეტრამდეა შემცირებული და ტორფნარების ჩამოქცევა პალიასტომს კიდევ უფრო დააზიანებს. ამ ადგილებში მცენარეების ფესვთა სისტემა იმდენად ნაზია, რომ დარღვეული ჰიდროლოგია ვეღარ დაიცავს და მცენარეული საფარიც განადგურდება. პალიასტომის ახლომახლო ტერიტორიაზე საპროპელის ანუ შლამის მოპოვება ძალიან დიდ რისკს შეიცავს.

- ქალბატონო იზოლდა, რა სარგებელს აძლევს ამ ფირმებს ტბის შლამის მოპოვება?
- ჯერ განვმარტავ, რას ნიშნავს საპროპელის ანუ ტბის შლამის მოპოვება: ეს არის ტბებისა და წყალსაცავების ფსკერიდან ორგანული დანალექის, ანუ ლამის ამოღება და დამუშავება. საპროპელი წარმოიქმნება ათასწლეულების განმავლობაში, წყალმცენარეების, მიკროორგანიზმების და ნარჩენების დაშლის შედეგად. ის მდიდარია აზოტით, ფოსფორით, კალიუმით, ვიტამინებით, რის გამოც სხვადასხვა მიზნით იყენებენ. ამის საპირისპიროდ, ჩვენ სულ სხვა გეგმა შევიმუშავეთ, რომელიც პალიასტომს კი არ დააზიანებს, პირიქით, გადაარჩენს და მოსახლეობასაც დიდ სიკეთეს მოუტანს.
- გვიამბეთ ამ გეგმის შესახებ.
- საერთოდ, ყველა დაცულ ტერიტორიას თავისი მენეჯმენტი და გეგმა აქვს. ამ მხრივ გამონაკლისი არც კოლხეთის ეროვნული პარკია. 2024 წელს ბათუმის უნივერსიტეტმა შეიმუშავა კოლხეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის განახლებული გეგმა. შევიმუშავეთ პალიასტომის აღდგენის გრძელვადიანი პროგრამაც. დიახ,
ჩვენი მიზანია აღვადგინოთ პალიასტომის ტბა. ეს გრძელვადიანი პროცესი იქნება, მაგრამ მოსახლეობისთვის პალიასტომის ტბა და თევზჭერა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ უამისოდ აქაურების ყოფა წარმოუდგენელია. გარდა ამისა, აქ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ეკოსისტემა, რომლის დაცვა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ეკოლოგიური გარემოსთვის.
ამიტომ ფერდობებზე ისევ უნდა დაიწყოს ტყის აღდგენა. ამისათვის სერიოზული სახელმწიფო პროგრამები და დიდი პროექტებია საჭირო. მაგალითად, უნდა აღდგეს კოლხური მუხა, მურყანი და სხვა მცენარეები, რომელთაც განადგურების საფრთხე ემუქრება. ისიც გასარკვევია, აღდგენა საიდან უნდა დავიწყოთ, მაგრამ ერთი რამ უტყუარია: როგორმე ეს წყალშემკრები აუზი ისევ უნდა აღდგეს, თუ ძველი ეკოსისტემის აღდგენა გვინდა. ცხადია, იმ არხის გაუქმება, რომლითაც პალიასტომი ზღვას შეუერთეს, უკვე შეუძლებელია, მაგრამ ტბაში მარილიანობის ზღვარი მაინც უნდა მოწესრიგდეს. პირველი და უმთავრესი ამოცანაა ჰიდროლოგიური რეჟიმის აღდგენა, რასაც ბორცვებზე ტყეების გაშენებით უნდა მივაღწიოთ და მეორე - ჭარბწყლიან გარემოსთან შეგუებული სოფლის მეურნეობის დარგების განვითარება. საამისოდ ყველაზე კარგი ადგილია სოფელი შავღელე, რომელიც მდინარე ფიჩორის ჩრდილოეთით მდებარეობს და გურიის ტერიტორია, სადაც ჭარბწყლიან გარემოსთან შეგუებული სოფლის მეურნეობის დარგების განვითარება შეიძლება.
- კონკრეტულად რომელ დარგებს გულისხმობთ?
- თუ აღდგება კოლხური ფლორისთვის დამახასიათებელი მცენარეები, აღდგება ძველი ეკოსისტემაც. თუნდაც ერთი მცენარე - მურყანი, მოსახლეობას სერიოზულ მოგებას მოუტანს, რადგან დღეს სამშენებლო მასალებზე მთელ მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა. გარდა ამისა, ევროპაში ძალიან მაღალია მოთხოვნა სფაგნუმზე, რადგან ეს ყველაზე ძვირად ღირებული სუბსტრატია ძვირფასი ორქიდეების გასახარებლად. შესაძლოა პალიასტომის მიმდებარე სოფლებში ბოსტნეული და ერთწლიანი კულტურებიც გავახაროთ, რაც დიდ დანახარჯებს არ მოითხოვს. ასევე შესაძლებელია ლელისა და ლაქაშის პლანტაციის გაშენებაც და თუ საწარმოებიც შეიქმნება, ამ მცენარეებისგან ძალიან კარგი ხარისხის სამშენებლო პალეტების დამზადება შეიძლება. ამ საწარმოებში მოსახლეობაც დასაქმდება, სამკურნალო მცენარეების მოშენებასაც შევძლებთ და ალუვიურ კულტურას შევქმნით, რაც ჭარბწყლიან გარემოსთან შეგუებული სოფლის მეურნეობის განვითარებას გულისხმობს. ადგილობრივი მოსახლეობაც ამოისუნთქავს და ის საშინელი ემიგრაციაც შეწყდება, რომელიც დღეს გვაქვს.
- ამ ყველაფრის გაკეთება რამდენად რეალურია?
- თუ მოვინდომებთ, ყველაფრის მიღწევა შეიძლება. მართალია, შლამისა და ტორფის მოპოვება ვიღაცებს ძალიან კარგ შემოსავალს მოუტანს, მაგრამ ამ შემთხვევაში აღარც კოლხეთის ეროვნული პარკი გვექნება, აღარც პალიასტომი და არც ქალაქი ფოთი. მსგავსი პროექტების განხორციელება მომაკვდინებლად იმოქმედებს აქაურ ეკოსისტემაზე. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ პალიასტომის ტბის აღდგენის გეგმა, რომელიც მეცნიერულ კვლევებს ეყრდნობა და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
ხათუნა ჩიგოგიძე