"სასწრაფოდ მიხედეთ გიორგის, შესულები არიან უკვე საკანშიო. ვატო ყიფიანიაო შესული"- რას ამბობს ფეიქრიშვილები დედა?
ჩემს შვილთან, გიორგი ფეიქრიშვილთან საკანში ვატო ყიფიანი შევიდა. დამირეკეს და მითხრეს, მიხედეთ გიორგისო. არ მომიკლან შვილი! - ამის შესახებ კრიმინალურ წრეებთან დაახლოებული ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი ფეიქრიშვილის დედამ, ნინო აბრამიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის ბრალდებულ შვილთან საკანში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი შევიდა.
„გზაში ვართ, გლდანისკენ მივდივართ. წყარომ, რომელმაც წინა შემთხვევაზე მოგვაწოდა ინფორმაცია, ზუსტად იმავე წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, ახლაც, გვითხრეს, რომ სასწრაფოდ მიხედეთ გიორგის, შესულები არიან უკვე საკანშიო. ვატო ყიფიანიაო შესული. ასე მითხრეს, „სასტავი“ არის შესულიო... არ მომიკლან, მეორე შვილი არ მომიკლან“, - განაცხადა ნინო აბრამიშვილმა.
რაც შეეხება დავით ფეიქრიშვილს, ის ამ დრომდე კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. დავით ფეიქრიშვილი ბოლოს, კლინიკა „ვივამედში“ ციხიდან ზემო კიდურების დაზიანებით გადაიყვანეს. იქამდე, ის კლინიკაში 19 ოქტომბერს 21:00 საათზე, მრავლობითი დაზიანებებით იყო შეყვანილი, შემდეგ კი, დაკვირვების მიზნით, ციხის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გაწერეს. უფრო ადრე, პატიმარ ფეიქრიშვილის ადვოკატი აცხადებდა, რომ ბრალდებულს ჩამტვრეული ჰქონდა ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები. ადვოკატის თქმით, ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები მათ შორის, ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“ მიაყენეს.
ცნობისთვის, თბილისში, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები მიმდინარე წლის 22 სექტემბერს დააკავეს. დაკავება ძალადობას და გამოძალვას უკავშირდება. რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს (ე.წ.კაწრო), მათი დაკავება 2026 წლის 15 ოქტომბერს მოხდა. მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან.
"ინტერპრესნიუსი"