“რუსეთმა რაც ვერ შეძლო 2008 წელს, ახლა ტყვია-წამლის გარეშე ახერხებს“ - რატი ამაღლობელი, გია ბუღაძე და დიმიტრი ტატიშვილი პარტიების აკრძალვაზე
ამ დღეებში, მთელი საქართველო სულგანაბული ადევნებს თვალს პროცესს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს: ამ პროცესზე პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავენ. ქვეყანა, სადაც მრავალი პარტიის არსებობას აკრიტიკებდნენ, სრულიად ახალი, უჩვეულო რეალობის წინაშე აღმოჩნდა. ჩვენ დავინტერესდით, როგორ აფასებენ ამ რეალობას ჩვენი საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები:
რატი ამაღლობელი - პოეტი:

- ვერავინ იტყვის, რომ რაც ჩვენს თავს ხდება, კარგია: იცით, როდის აიკრძალა პარტიები საქართველოში? - 1924 წელს, როცა ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია განხორციელა და ქართველი ერის სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ სისხლში ჩაახშო. ამის მერე, 70 წელი ერთპარტიულ დიქტატურაში გავატარეთ. ახლაც იმავე საშიშროების წინაშე ვდგავართ - რაც დღეს ხდება, ყოველგვარი თავისუფლების, დემოკრატიის, საღი აზრის ძირშივე აღმოფხვრა და მკვლელობა. აქ არ არის ლაპარაკი პირად სიმპათია-ანტიპათიაზე და იმაზე, თუ ვის რომელი პარტია მოსწონს - ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია გავიაზროთ, სად ვბრუნდებით. ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ რუსეთმა რაც ვერ შეძლო 2008 წელს, ახლა უკვე ტყვია-წამლის გარეშე ახერხებს. ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს საქართველოს ანექსია და ერთპარტიული დიქტატურის ჩამოყალიბება. ნათქვამია, მსგავსი მსგავსისკენ ისწრაფვისო და რუსეთი ცდილობს, აქაც მსგავსი ატმოსფერო შექმნას, ცდილობს, საქართველოში არსებული სოციალურ-პოლიტიკური წყობა დიდად არ განსხვავდებოდეს რუსეთში არსებულისგან. დღეს გაცილებით რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, ვიდრე 1990-იან წლებში ვიყავით - მაშინ ადამიანები სინათლეს გვირაბის ბოლოს მაინც ხედავდნენ, ახლა კი, ჩვენი მომავლის აკრძალვაზეა ლაპარაკი. თუ ასე გავაგრძელებთ, თავისუფალ არჩევნებზე და ქვეყანაზე ფიქრიც ზედმეტი იქნება. აბა, რა გითხრათ? - კატასტროფული ვითარებაა, რომელსაც ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ ვიხილავდით. მომავალში უარესი მოხდება თუ ხალხი თვალს დახუჭავს და ამ ყველაფერს გადაყლაპავს. მართალია, ცალკეული ადამიანები ისევ იბრძვიან, ნახეთ, რამდენი სინდისის პატიმარი გვყავს, მაგრამ ერთეულების წინააღმდეგობა ვერაფერს შეცვლის იქ, სადაც მხოლოდ უხეში ძალა იმარჯვებს. კაცობრიობა ქვის ხანიდან ვერ გამოვიდოდა, მხოლოდ ძალას რომ სცემდეს პატივს და არა გონებას, არა გულს, არა აზროვნებას და კეთილგონიერებას. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი სათაყვანებელი კერპი შიშველი, ბრუტალური ძალაა. იმედგაცრეუებული, დეპრესიაში მყოფი საზოგადოება სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევს ამ ძალას, რომელიც ცდილობს, საქართველო უდაბურ ადგილად აქციოს. მე ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში ყველამ უნდა აჩვენოს თავისი მტკიცე და ურყევი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, იზოლაცია და უპერსპექტივობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ახალგაზრდები ამ ქვეყანაში არ გაჩერდებიან. ერთ მაგალითს მოვიყვან: ჩემი შვილი 23 წლისაა, მის კლასში 45 მოსწავლე იყო და საქართველოში ახლა სამი თუ ოთხია დარჩენილი. ამ ქვეყანას პერსპექტივა მოუკლეს და ყველაზე ჭკვიანი, კარგი ახალგაზრდები უკეთეს მომავალს უცხო ქვეყნებში ეძებენ. ქართველები ქვეყნიდან გადიან და მათ ნაცვლად სხვები შემოდიან, რაც ჩვენს ქვეყანას დემოგრაფიულ კატასტროფას უქადის. არსებობს დაავადებები, როცა ადამიანს სიცხე აქვს, მწვავე ტკივილი და სხვა სიმპტომები აწუხებს, მაგრამ არის სიმსივნური დაავადებები, რომლებიც უმტკივნეულოდ მიმდინარეობს და ცოცხალ არსებას ნელ-ნელა კლავს. ჩვენს სამშობლოს სწორედ ასეთი, მომაკვდინებელი დაავადება შეეყარა და თუ ამ დაავადებას არ შევებრძოლებით, ყველა დაისჯება. ეს ძალა მარტო პროევროპულ ძალებს არ შეეხება, ის განურჩევლად ყველას მიადგება. დიახ, ეს პროცესი ყველას შეეხება, ვისაც ისტორია წაუკითხავს და იცის, ტირანია როგორ მოქმედებს. რაც უნდა იფიქრო, რომ შენთვის, ჩუმად იქნები და ფაფას შეჭამ, მაინც ვერ გადარჩები. ვნახოთ, ჩვენი საზოგადოების იმუნიტეტი რამდენად გაუმკლავდება ამ ვერაგ დაავადებას.
გია ბუღაძე - მხატვარი:

- ცნობილი გამონათქვამია - ისტორია მეორდება, მაგრამ მეორდება, როგორც ფარსი. დღეს, ყველანი ფარსში ვცხოვრობთ, გაურკვეველ გარემოში, სადაც მომავლის იმედი არ ჩანს. მარტო მე არ ვარ, ვინც საქართველოში მომავლის პერსპექტივას ვერ ხედავს. შეხედეთ ახალგაზრდებს, როგორ გარბიან საკუთარი ქვეყნიდან. აბა რას ველოდით, როცა პირდაპირ მოუწოდეს ახალგაზრდებს თუ აქ ყოფნა არ გინდათ, წადითო. ამიტომ, მე ვერ დავეთანხმები აზრს, რომ 1990-იან წლებში დავბრუნდით, დღეს ბევრად უარეს დღეში ვართ. შევარდნაძის დროს სად იყო ასეთი სიტუაცია? - იმ წლებში არც პარტიებს კრძალავდნენ და არც ასეთი უსამართლობა ხდებოდა. ახალგაზრდები გარბიან, ეროვნული შემადგენლობა იცვლება და აქ სხვა ხალხი მრავლდება, განსაკუთრებით, რუსები. სამწუხაროდ, სულ მალე საქართველოში ქართველები უმცირესობაში აღმოვჩნდებით და თუ ასე გაგრძელდება, ამ ქვეყანას მომავალი აღარ ექნება. მოწინააღმდეგე პარტიებს ხომ აუქმებენ და წინასწარ გვაფრთხილებენ - ვინც აქტიური გახდება და გავლენას მოიპოვებს, ყველას გავაუქმებთო. ეს აღარ არის ქვეყანა, ეს არის სახანო, სადაც კრიმინალური, რუსული წესრიგია გამეფებული. საქართველო გახდა ქვეყანა, სადაც სასამართლო არ არის, სადაც ყველა და ყველაფერი დევალვირებულია. ამ სიტუაციაში მე მომავალს ვერ ვხედავ. წინა ხელისუფლებები ცდილობდნენ, ქვეყანა ევროპულ რელსებზე გადაეეყვანათ, ახლა კი, ჭაობისკენ მივდივართ! ახლა ამ პარტიებს აკრძალავენ, მომავალში კი, სხვებსაც მიაყოლებენ. ჯერ 93 სიტყვა აგვიკრძალეს, მერე 193-ს აგვიკრძალავენ და ეს პროცესი არ შეჩერდება, ვიდრე ქართველ ხალხს არ დაამუნჯებენ და დააჩმორებენ. ჩვენს სამშობლოში სახანოს ტიპის, მაფიოზური წყობა ყალიბდება, სადაც ერთი დინასტიის მმართველობა იქნება. ამიტომ, ყველა დემოკრატიულ პარტიას აკრძალავენ - ამაში ეჭვიც არ მეპარება.
დიმიტრი ტატიშვილი - მსახიობი:

- მე არც პოლიტიკოსი ვარ და არც პოლიტოლოგი, მაგრამ ერთი რამ კარგად ვიცი: ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებში პარტიები უნდა არსებობდეს. თანაც, ეს უნდა იყოს მრავალფეროვანი, სხვადასხვა მიმართულების და შეხედულების მქონე პარტიები. პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია და დაპირისპირება მთელ სამყაროში ჩვეულებრივი ამბავია, ამიტომ, პარტიებს თუ აკრძალავენ, ყველა მოაზროვნე ადამიანი უარყოფითად შეაფასებს. როგორ შეიძლება ასეთი რამ დადებითად შეფასდეს?! ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნება, რომელსაც არავინ მოიწონებს. თანაც, ეს იქნება პრეცედენტი, რომ მერე სხვა პარტიებიც აკრძალონ. ამტკიცებენ, პარტიები უკრაინაშიც აკრძალესო, მაგრამ იქ რუსული პარტიები და ტელევიზიები აიკრძალა, რომლებიც რუსული პროპაგანდის დამცველები და გამავრცელებლები იყვნენ და ეს ბუნებრივია: მოსისხლე მტრის რუპორები ძირშივე უნდა ჩაახშო. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, კანონზომიერი და ლოგიკურია: ისინი მწყობრად და მეთოდურად მოქმედებენ და აკეთებენ ყველაფერს, რაც ამ ქვეყნისთვის საზიანოა. ამ ქვეყანაში არჩევნები ისედაც აღარ არის და თუ პარტიებს აკრძალავენ, უკვე ოფიციალურად დაკანონდება, რომ პოლიტიკოსებს და პარტიებს შორის კონკურენცია უნდა აიკრძალოს. ქვეყანაში აღარ იქნება დემოკრატიული გარემო და შეიქმნება ერთპარტიული წყობა, რაც რუსეთის უპირველესი მიზანია - სწორედ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს სურს, რომ საქართველოც რუსული მეთოდებით იმართებოდეს. სამწუხაროდ, ამას ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევს კიდეც. ახლა მთავარია, ჩვენი ხალხი რას იზამს, საქართველოს მოსახლეობა როგორ მოიქცევა. თუ ჩვენი მოსახლეობა ამასაც „გაატარებს“, ისეთივე ჭაობში ვიცხოვრებთ, როგორშიც ბელორუსები და რუსები ცხოვრობენ. მე ყოველთვის ვემხრობოდი მოსაზრებას, რომ ხალხი რასაც იმსახურებს, სწორედ ისეთი მთავრობა ჰყავს.
ხათუნა ჩიგოგიძე
(სპეციალურად საიტისთვის)