ვიქტორ ყიფიანის მძიმე პროგნოზი: „საქართველოში დაიწყება პროცესის რადიკალიზაცია" - პარტიების აკრძალვის დილემა
სად გადის ზღვარი კონსტიტუციური წესრიგის დაცვასა და პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვას შორის? რამდენად მყარია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სამართლებრივი საფუძვლები? ამ საკითხებზე პოლიტიკის და სამართლის საკითხების ექსპერტი, პარტია "ჯერ საქართველოს" ლიდერი ვიქტორ ყიფიანი გვესაუბრება.
- დემოკრატიულ სამყაროში პოლიტიკური პარტიის აკრძალვა "მებრძოლი დემოკრატიის" ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სამართლებრივი ინსტრუმენტია, ანუ უკიდურესი ზომა, რომელსაც სახელმწიფო მხოლოდ ძალიან სერიოზული საფრთხის შემთხვევაში მიმართავს. დასავლური დემოკრატიების გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები იშვიათია და მათ საფუძვლად უდევს კონკრეტული ფაქტები და მკაცრი სამართლებრივი დასაბუთება.
მაგალითად, გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ ომის შემდგომ ორი პარტია აკრძალა: 1952 წელს სოციალისტური რაიხის პარტია, რომელიც ნაცისტური იდეოლოგიის მემკვიდრედ მიიჩნეოდა, ხოლო 1956 წელს - გერმანიის კომუნისტური პარტია. მოგვიანებით, 2017 წელს, როდესაც ულტრამემარჯვენე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აკრძალვის საკითხს განიხილავდა, სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა: კერძოდ, ანტიკონსტიტუციური მიზნების არსებობა თავისთავად საკმარისი არ არის. აკრძალვისთვის აუცილებელია იმის დასაბუთებაც, რომ პარტიას აქვს რეალური პოტენციალი, ამ მიზნების მიღწევას შეუწყოს ხელი და დემოკრატიულ წესრიგს საფრთხე შეუქმნას.
კიდევ ერთი მაგალითია ესპანეთი, სადაც 2003 წელს სასამართლომ ბასკური პარტია "ბატასუნას" საქმიანობა აკრძალა. გადაწყვეტილების საფუძველი მხოლოდ მისი პოლიტიკური პოზიცია არ ყოფილა, საქმე ეხებოდა ტერორისტულ ორგანიზაცია ETA-სთან პარტიის პირდაპირ კავშირებს. მოგვიანებით, 2009 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ესპანეთის გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან თავსებადად მიიჩნია.
საბერძნეთში კი 2020 წელს ნეონაცისტური ორგანიზაცია "ოქროს განთიადის" ლიდერები და წევრები კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობისა და წევრობისთვის გაასამართლეს. ამ საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ორგანიზაციის ძალადობრივ საქმიანობასა და პოლიტიკურ მკვლელობებთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს.
ევროპული სამართლებრივი სტანდარტი პარტიის აკრძალვას მხოლოდ იმით არ ამართლებს, რომ მისი იდეოლოგია ხელისუფლებისთვის მიუღებელია ან მისი პოლიტიკური მიზნები კონსტიტუციურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ვენეციის კომისიის მიდგომით, ასეთი უკიდურესი ზომა მოითხოვს მკაფიო სამართლებრივ საფუძველს, დამაჯერებელ მტკიცებულებებსა და საფრთხის პროპორციულ შეფასებას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის დადგენა, უჭერს თუ არა პარტია მხარს ძალადობას, უარყოფს თუ არა დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და არსებობს თუ არა რეალური საფრთხე, რომ მისი მიზნები დემოკრატიულ წესრიგს ემუქრება.
საქართველოში მიმდინარე პროცესის მთავარი საკითხია, რამდენად აკმაყოფილებს ხუთი ოპოზიციური გაერთიანების აკრძალვის მოთხოვნა ამ მკაცრ სამართლებრივ კრიტერიუმებს. პოლიტიკური ბოიკოტი, მწვავე პროტესტი თუ ხელისუფლებასთან ხისტი ოპონირება თავისთავად პარტიის აკრძალვის საკმარისი საფუძველი ვერ იქნება. საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის გაცნობის შემდეგ არ დამრჩა მყარი შთაბეჭდილება, რომ კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა უპირობოდ და უდავოდ არის დასაბუთებული. მეტიც, წარმოდგენილი დოკუმენტი სამართლებრივ დასაბუთებაზე მეტად პოლიტიკური დეკლარაციის შთაბეჭდილებას ტოვებს და სცდება კონსტიტუციური წესრიგის დაცვის სამართლებრივ არსს.
- "ქართული ოცნების" წარმომადგენელი არჩილ გორდულაზე ამბობს, რომ ხუთი პარტიის ერთდროულად აკრძალვის პრეცედენტი არ არსებობს, თუმცა აცხადებს, რომ არც ამ პარტიების მიერ კონსტიტუციის 23-ე მუხლის "ფეხქვეშ გათელვის" მაგალითი ყოფილა. რეალურად რა მტკიცებულებებია საჭირო იმის დასადასტურებლად, რომ თითოეული მათგანი კონსტიტუციის საწინააღმდეგო საქმიანობას ეწეოდა?
- ნებისმიერი სამართლის სტუდენტისთვის ცნობილია, რომ დანაშაულის დასადგენად აუცილებელია მისი შემადგენელი კონკრეტული ნიშნების არსებობა და მათი დასაბუთება. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ქმედების ობიექტური მხარე, ანუ კონკრეტულად რა გააკეთა პირმა და რაში გამოიხატა მისი ქმედება. ასევე, თუ საუბარია განზრახვაზე, ის კონკრეტული მოქმედებებითა და ფაქტებით უნდა დასტურდებოდეს და არა მხოლოდ ვარაუდებსა თუ ზოგად შეფასებებს ეფუძნებოდეს.
სარჩელში წარმოდგენილი მსჯელობა პირადად მე არ მიქმნის შთაბეჭდილებას, რომ სათანადოდ არის დასაბუთებული დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელი ელემენტების არსებობა და, შესაბამისად, კონსტიტუციის 23-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევა.
როდესაც "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა კონსტიტუციის 23-ე მუხლი "ფეხქვეშ გათელეს", საუბარია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვების დარღვევაზე. სარჩელის ავტორების მტკიცებით, ოპოზიციური პარტიების ქმედებები, განცხადებები და პოლიტიკური სტრატეგია მიმართულია კონსტიტუციური წყობილების დამხობისა თუ სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟისკენ. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რამდენად მაღალია ამ შემთხვევაში სამართლებრივი სტანდარტი. როდესაც პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ითხოვ, შენი არგუმენტები განსაკუთრებით მყარი და დამაჯერებელი უნდა იყოს - დასაბუთება მხოლოდ დამაჯერებელი კი არა, კონკრეტული ფაქტებით და მტკიცებულებებით გამყარებული უნდა იყოს. წარმოდგენილმა სარჩელმა ასეთი შთაბეჭდილება ვერ დატოვა.
- თქვენი შეფასებით, რამდენად საფუძვლიანია ოპოზიციონერი ლიდერების, მაგალითად, ბადრი ჯაფარიძისა და ანა ბუჩუკურის განცხადებები იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მიერ შუამდგომლობების უარყოფა და პროცესუალური დარღვევები მიუთითებს, რომ პროცესი ატარებს ფორმალურ ხასიათს და გადაწყვეტილება წინასწარაა მიღებული?
- პროცესის საერთო დინამიკას თუ გავიხსენებთ, კითხვები ნამდვილად ჩნდება. დავიწყოთ თუნდაც სარჩელის შეტანის დღიდან: რამდენჯერმე დარჩა ის გაურკვეველ მდგომარეობაში, რამდენჯერმე გადაიდო მისი განხილვა, შემდეგ კვლავ გააქტიურდა და ისევ თაროზე შემოდებული აღმოჩნდა. ამას დაემატა მოსამართლე მანანა კობახიძის განცხადება უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, ბათუმში პროცესის მიმდინარეობა, მათ შორის, შუამდგომლობებთან დაკავშირებული გარემოებები და პროცესის მონაწილეთა უკმაყოფილება. ყურადღებას იმსახურებს მოსამართლე ევა გოცირიძის შენიშვნაც, როდესაც მან მოსარჩელეს სთხოვა განემარტა, კონკრეტულად რა მოცულობით ვრცელდებოდა მისი არგუმენტები თითოეულ მოპასუხეზე. რატომღაც სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ ამ საკითხის უფრო ღრმად განხილვა არ ისურვა. ეს ყველაფერი ერთობლიობაში, ბუნებრივია, არცთუ სახარბიელო შთაბეჭდილებას ტოვებს.
მიჩნდება განცდა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ალბათობა საკმაოდ მაღალია. არსებობს მოსაზრებაც, რომ სასამართლომ შესაძლოა სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილოს - ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის მიმართ გაიზიაროს მოსარჩელის მოთხოვნა, ზოგიერთის მიმართ - არა. განხილვის სხდომების შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მოსამართლეებს შესაძლოა უკვე ჩამოყალიბებული აქვთ აზრი, თუ როგორი უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილება. არ მინდა ეს შეფასება ნიშნის მოგებად გამომივიდეს, ამიტომ დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუმცა მინდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შევახსენო, რომ ეს ჩვეულებრივი სამართალწარმოება არ არის და სწორედ ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ამ გადაწყვეტილებაზე მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ბედი არ არის დამოკიდებული, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობასა და მომავალზე.
- თუკი სასამართლომ მართლაც სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და ოპოზიციური პარტიები გააუქმა, რა ელის ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას? რა პოლიტიკურ და საერთაშორისო ფასს გადაიხდის საქართველო ამ ნაბიჯით და ხომ არ გადაინაცვლებს პოლიტიკური პროცესი ქუჩაში?
- ასეთი გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, პირდაპირ შეუწყობს ხელს პროცესის რადიკალიზაციას. პოლიტიკურ პროცესს სჭირდება სუნთქვა, ხოლო თუ მას ამის საშუალებას გადაუკეტავ, უკმაყოფილება აუცილებლად იპოვის სხვა გამოსავალს. ეს კი იქნება გამოხატვის ბევრად არაკეთილხმოვანი ფორმა არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო მართლმსაჯულება ჩვენთან დამოუკიდებლობის განცდას არ ტოვებს და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის მაღალი ხარისხით მართვადია. ამიტომ მინდა პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მივმართო - გაიაზრონ და გაისისხლხორცონ ასეთი გადაწყვეტილების მთელი სიმძიმე და ტვირთი.
ხათუნა ბახტურიძე