„ჟურნალისტის საქმე“ - დიტო ჩუბინიძე: „ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი აქტი ჟურნალისტის თავისუფალი საქმიანობის წინააღმდეგ“
"სამშობლოსთვის არ მიღალატია, არც საბოტაჟი ჩამიდენია. თბილისთან ახლოს დგას უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარი და მე ვერანაირ მტკიცებულებებს ვერ გავანადგურებდი, რადგან ვერ გავანადგურებ იმ საოკუპაციო ჯარს, რომელიც შემოჭრილია საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის ფაქტი, რომელზეც ვსაუბრობდი ლაზარე ჯორბენაძესთან ინტერვიუში. ყველა ჩემი შემდგომი განცხადება ემყარებოდა იმ რეალობას, რომელიც ჩემმა რესპონდენტმა ჩემთან საგაზეთო ინტერვიუში თქვა. მე არ ვარ საშიში ან დამმალავი კაცი. მე ამ სასამართლოდან გამოვალ გამართლებული და კიდევ ერთხელ გეუბნებით - მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე და ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი აქტი ჩემი, როგორც პროფესორისა და ჟურნალისტის თავისუფალი საქმიანობის წინააღმდეგ", - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ, როცა მოსამართლე მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობდა. საქმის პროკურორი კი ირწმუნებოდა, რომ დიტო ჩუბინიძის ქმედებები სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული.
მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეუფარდა. გენპროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დიტო ჩუბინიძე 22 ოქტომბერს დააკავა.
"2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალების და სოციალური პლატფორმის გამოყენებით სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი... სამთავრობო კომისიის მანდატის ფარგლებში, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთზე საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებით მეზობელ სახელმწიფოსთან შეთახმება ამ დრომდე არ არის მიღწეული, ნორმატიული პროცედურა კი თეორიულადაც გამორიცხავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ერთპიროვნულად ტერიტორიის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის შესაძლებლობას. მიუხედავად აღნიშნულისა, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული სახელმწიფო ტერიტორიის მეზობელი სახელმწიფოსთვის გადაცემის გამოგონილი ამბის მიმართ საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად, დომენტი ჩუბინიძემ მისი რესპონდენტის ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ-მინისტრის მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით. აღნიშნული ქმედებით, დომენტი ჩუბინიძემ განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას.

გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დომენტი ჩუბინიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
დიტო ჩუბინიძის დაკავებას გამოეხმაურა "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია": "ჟურნალისტის დაკავება მხოლოდ მისი ჟურნალისტური ნამუშევრების, სხვადასხვა მედიაში გაჟღერებული პოზიციებისა და სოცქსელებში დაფიქსირებული მოსაზრებების გამო საშიში პრეცედენტია და თუ გამოძიებას აქვს მის წინააღმდეგ სხვა მტკიცებულებები, უნდა გასაჯაროვდეს!".
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა მედიასთან განმარტა, რომ ჩუბინიძის ბრალი მის ჟურნალისტურ საქმიანობას ან მის რომელიმე სტატიას არ უკავშირდება: "დომენტი ჩუბინიძე ბრალდებულია იმაში, რომ ჩაიდინა სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი სახელმწიფოს დასუსტების მიზნით. არსებობს მისი მხრიდან სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გაგრძელების საფრთხე…- გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე არაერთი მტკიცებულებაა, მათ შორის, ბრალდებულის საჯარო განცხადებები. გამოკითხული არიან მოწმეები და იკითხებიან საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები. ეს გამოძიება სწორედ ჩუბინიძის დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობს", - განაცხადა საქმის პროკურორმა.
მიმდინარე წლის დასაწყისში დიტო ჩუბინიძემ ჩაწერა ინტერვიუ ლაზარე ჯორბენაძესთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ "დავითგარეჯა გაყიდულია" და მსგავსი დოკუმენტი საკუთარი თვალით აქვს ნანახი. ამ ინტერვიუში ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საქმიანობას აკრიტიკებდა: "პრემიერმა კობახიძემ შარშან ხელი მოაწერა საიდუმლო შეთანხმებას და აზერბაიჯანს გადასცა დავითგარეჯის ის ნაწილი, რომლის გადაცემასაც სააკაშვილი ალიევს დაჰპირდა", - დაიწერა "ასავალ-დასავალის" 2-8 თებერვლის ნომერში. ამ ინტერვიუდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ლაზარე ჯორბენაძე გარდაიცვალა. ოფიციალურ ვერსიად სუიციდი განიხილებოდა. "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ განაცხადა, რომ მას არ სჯეროდა თვითმკვლელობის ვერსიის.
მოგეხსენებათ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან "ქართულ ოცნებას" დაუპირისპირდა და სოციალურ ქსელში არაერთი წერილი გამოაქვეყნა.
1-ელ სექტემბერს გამოქვეყნებულ წერილში მან შეკითხვა დასვა "ასავალ-დასავალის" რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე, რომელთან ინტერვიუ დიტო ჩუბინიძემ ჩაწერა. რესპონდენტი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ამ სტატიაში ღარიბაშვილს აქებდა, ირაკლი კობახიძეს კი აკრიტიკებდა.
"12 თებერვალს, კობახიძისა და მდინარაძის დავალებით შემომიგზავნეს 2026 წლის 2 თებერვლის გაზეთ "ასავალ-დასავალის" სტატია. აღნიშნულ სტატიაში ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე ინტერვიუს ართმევს ყოფილ უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძეს. სტატია ძირითადად კობახიძის კრიტიკას და მის მიმართ გამოთქმულ მძიმე ბრალდებებს ეძღვნებოდა. გადმომცეს პრეტენზიული გზავნილი, რომელშიც გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი - ხომ არ ვიდექი მე ხსენებული სტატიის უკან. სხვა დეტალებს შეგნებულად არ ვწერ, თუმცა ძირითადი ბრალი და პრეტენზია სწორედ ის იყო, რომ მსგავსი კრიტიკული სტატიების უკან ჩემს კვალს ხედავდნენ. ჩემი რეაქცია, რა თქმა უნდა, უკიდურესად ნეგატიური იყო და შევუთვალე, მსგავსი კითხვებითა და პრეტენზიებით ჩემთან მეორედ აღარ მოსულიყვნენ, რომ ასეთი შეკვეთილი სტატიები ჩემი ხელწერა არ არის და მათთვის არის დამახასიათებელი. მოგვიანებით ეს კრიტიკული ბრალდებები ხშირად მეორდებოდა ტელეკომპანია "ობიექტივის" ეთერშიც. ახლა უკვე ჩემთვის სურათი ნათელია და პასუხი ყველა საკითხზე გაცემულია, თუ რატომ ჩამიწერეს წერილის პირველ პუნქტად, რომ "დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა მხარდამჭერებმა" სერიოზული ეჭვები გააჩინეს და ძალიან დააზიანეს კობახიძე-მდინარაძის გუნდის ინტერესები. მთელი ეს ისტორია, ალბათ, საჯაროდ მოსაყოლი არც იქნებოდა, სრულიად შემთხვევით რომ არ გამეგო, რომ დიტო ჩუბინიძის ხსენებული სტატიის რესპონდენტმა, სტატიის გამოქვეყნებიდან გარკვეული ხნის შემდეგ თავი მოიკლა.…ასევე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი უფლებადამცველის, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით თავად გაზეთი "ასავალ-დასავალი" ღიად სვამდა კითხვებს და ეჭვქვეშ აყენებდა მისი თვითმკვლელობის ვერსიას. პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი? ამ კითხვას საჯაროდ ვსვამ, რადგან საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს", - დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის წერილში.
"ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს განვაახლეთ მუშაობა ამ მიმართულებით... ჩემი კოორდინაციით თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. აღვადგინეთ სრული სურათი, შევისწავლეთ წარსულში დაშვებული დანაშაულებრივი ქმედებები. გაირკვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის დროს მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე არასწორი რუკების გამოყენებით საქართველოს საზღვრის გამრუდებას ცდილობდნენ, კვლავ სახელმწიფო კომისიის წევრები იყვნენ", - დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგ წერილში, რომელიც 20 სექტემბერს გამოქვეყნდა.
ირაკლი კობახიძემ მაშინ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა: "ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო და ტრაგიკული. უფრო მეტ სიღრმეში არ შევალ, მარტივი ეთიკური მოსაზრებიდან გამომდინარე... იმდენად არასერიოზულია თავად ამ წერილების შინაარსი, რომ ესეც არ მაძლევს სერიოზულად რაიმე კომენტარის გაკეთების საშუალებას".
ჩუბინიძის დაკავებას გაზეთ "ასავალ-დასავალის" მთავარი რედაქტორი, ლაშა ნადარეიშვილი შურისძიებად აფასებს და სოლიდარობის ნიშნად ხელისუფლებას მისი დაკავებისკენაც მოუწოდებს. ნადარეიშვილის თქმით, ჟურნალისტს საბოტაჟისა და ღალატის ბრალდება მხოლოდ იმის გამო წაუყენეს, რომ მან დავითგარეჯის სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებული კითხვები დასვა და ინტერვიუ ჩაწერა პირთან, რომელმაც მთავრობა მიწების გასხვისებაში დაადანაშაულა. ბრალდებულის ადვოკატი ნონა ფილაური ამბობს, რომ არ გაჰკვირვებია მოსამართლის გადაწყვეტილება:
"დიტო ჩუბინიძე ბრალდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულში, ამიტომ პატიმრობის გამოყენება კანონთან აბსოლუტურად შეუსაბამოა... ჩუბინიძემ პროცესზე განაცხადა, რომ ის პოლიტიკური პატიმარია, ისჯება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ არის ჟურნალისტი და შეეხო ისეთ თემას, რომელიც ვიღაცისთვის მიუღებელია. ბრალი აგებულია ლაზარე ჯორბენაძის ინტერვიუზე. თებერვალში დაიწყო გამოძიება, როდესაც ლაზარე ჯორბენაძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ ის გამოკითხულიც კი არ ყოფილა. შესაბამისად, დიტო ჩუბინიძის საგაზეთო პუბლიკაციებსა თუ გამოსვლებში გამოყენებული ყველა კომენტარი ეხებოდა მხოლოდ რესპონდენტის ინფორმაციას. ნებისმიერი ინფორმაციის გაცემაზე პასუხს მხოლოდ რესპონდენტი აგებს"