„მისმა ვაჟმა სადისტურად მომიკლა შვილი და ქალი ამბობს, ვიბრძოლებ სისხლის უკანასკნელ წვეთამდეო... რისთვის უნდა იბრძოლოს?!“
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს უვადო პატიმრობა მიუსაჯა... 2025 წლის 18 თებერვალს 22 წლის თამაზ მთივლიშვილი თავის დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით, ცემით მოკლეს - გიორგი პაპაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თამაზ მთივლიშვილს, რამდენჯერმე გაარტყა სახეში, თავში კი ბოსტნეულის საჭრელი ხის დაფა ჩაარტყა. შემდეგ წაქცეულს ისევ სცემა, რის შედეგადაც მთივლიშვილმა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა. მისი ცხედარი გიორგი პაპაშვილის დროებით ბინაში დანაშაულის ჩადენიდან ორი დღის შემდეგ მკვლელობაში ბრალდებულის დედამ იპოვა. სწორედ მან დარეკა 112-ში. მაშინ გაირკვა, რომ ამ უმძიმეს დანაშაულს არაერთი თვითმხილველი ჰყავდა, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გიორგი პაპაშვილიც გაიქცა. ის მოგვიანებით რუსეთში დააკავეს და 2026 წლის 2 თებერვალს მისი საქართველოში ექსტრადირება მოხდა.
პასუხისგებაში სულ 5 პირი მიეცა. თავდაპირველად 3 ახალგაზრდა დააკავეს, მათ სასჯელი უკვე მისჯილი აქვთ. მსჯავრდადებულები მოკლული ბიჭის მეგობრები და თანამშრომლები იყვნენ. ისინი სასტიკი მკვლელობის თვითმხილველები იყვნენ და არაფერი იღონეს, რომ გადაერჩინათ. პროკურატურამ სამივე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ცნო ბრალდებულად. ლუკა გვენეტაძეს 5 წელი, საბა რობაქიძესა და ვერიკო კაპანაძეს 4 წელი და 3 თვე მიესაჯათ.

მკვლელობის მიზეზად საშაურმეებიდან ფულის მოპარვის სქემა დასახელდა. გამოძიების ცნობით, თაზო მთივლიშვილს, რომელიც ერთ-ერთ საშაურმეში მუშაობდა, სალაროდან თანხის მოპარვას სთხოვდნენ. გიორგი პაპაშვილი თურმე ყოველდღიურად ითხოვდა საშაურმეების თანამშრომლებისგან, სალაროდან თანხა მოეპარათ და მისთვის მიეცათ. არსებული ინფორმაციით, თაზომ ამ მოთხოვნაზე უარი თქვა და სწორედ ეს გახდა მისი სადისტურად მოკვლის მიზეზი. პროკურატურის ინფორმაციით, წაქცეულ ახალგაზრდაზე ძალადობა 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
თამაზ მთივლიშვილი დაბადების დღეს აღნიშნავდა ვერიკო კაპანაძესთან, ლუკა გვენეტაძესთან, საბა რობაქიძესა და ბაირამ ალი ჰუსეინოვთან ერთად, შემდეგ კი გიორგი პაპაშვილთან მივიდნენ სახლში. ისინი თანამშრომლები იყვნენ. სწორედ იმ ბინაში მოხდა ეს უმძიმესი დანაშაული.
მთივლიშვილის გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინში სისხლჩაქცევები და შეშუპებაა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 38 ნივთმტკიცება, მათ შორის ბლაგვი საგანი, რომელიც გამოიყენა ბრალდებულმა. ამ დრომდე იძებნება ამ საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, ბაირამ ალი ჰუსეინოვი, რომელსაც გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ის დაუსწრებლად გაასამართლეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მას შემდეგ, რაც პაპაშვილს უვადო პატიმრობა შეუფარდეს, მედიასთან კომენტარი ბრალდებულის დედამ, ლეილა დეკანოიძემ გააკეთა. ის მიიჩნევს, რომ მის შვილს მკვლელობისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთა არ ეკუთვნოდა და ამხელა სასჯელის გამოტანაში ჟურნალისტებს ადანაშაულებს. "გავასაჩივრებთ, რადგან ჩემი შვილი არ არის იმ მუხლით გასამართლებული, რაც მას ეკუთვნის. ჩემი შვილი დამნაშავეა, ოჯახის მწუხარებას ვიზიარებ, მეც დედა ვარ, დამნაშავეა, მაგრამ ისე არა, რა განაჩენიც გამოუტანეს. ვიბრძოლებ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე... თქვენი ბევრი ტყუილის გამოა ეს, ბევრი ტყუილი გაქვთ ნათქვამი!"- განაცხადა განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან პაპაშვილის დედამ.
სადისტურად მოკლული თამაზ მთივლიშვილის დედისთვის ბრალდებულის დედის შეფასებები ამაზრზენია. ეთერ აკოფაშვილი, თამაზ მთივლიშვილის დედა:
- ეს იყო სამართლიანი განაჩენი, მკვლელების და ჯალათების ადგილი არ არის ამ ქვეყანაში... მოვისმინე მკვლელის დედის კომენტარი და შოკირებული ვარ. ვუსმენდი და ერთ მომენტში მეტირებოდა კიდეც, როგორ ბილწავს ეს ქალი ასეთ ძვირფას სიტყვას, რასაც დედა ჰქვია. წელიწად-ნახევარია ჩვენ ამ საქმეს მოვყვებით. ურთულესი იყო ეს დღეები ჩვენთვის. სამივე ბრალდებული - ვერიკო კაპანაძე, საბა რობაქიძე და ლუკა გვენეტაძე ხედავდნენ, როგორი სისასტიკით გაუსწორდა მკვლელი ჩემს შვილს. პირველად ვერიკო კაპანაძემ დაიწყო ჩვენების მიცემა, იმდენად სულისშემძვრელი იყო ამ დეტალების მოსმენა, ვერც დედაჩემმა, ვერც ჩემმა დამ და ვერც მე ვერ გავუძელით. ისეთივე ჩვენებას აძლევდნენ დანარჩენებიც. მკვლელისა და მისი დედის სახე ზუსტად ისეთი იყო მაშინაც, რა სახეც გამოჩნდა განაჩენის დღეს ტელეეთერში - მოღიმარი, ცინიკური. ეამაყებოდა ამ ქალს, რომ მისმა შვილმა ასეთი სისასტიკით მომიკლა შვილი? ასეთმა ქალმა რა შვილი უნდა აღუზარდოს ქვეყანას, გარდა ჯალათისა და მკვლელის. მისმა ვაჟმა სადისტურად მომიკლა შვილი და ქალი ამბობს, ვიბრძოლებ სისხლის უკანასკნელ წვეთამდეო. რისთვის უნდა იბრძოლოს?! მისი მონაყოლი იმდენად ამაზრზენი იყო, ამ ყველაფერს არა მარტო ჩვენ, არამედ ხედავდა მართლმსაჯულება, თავად მოსამართლე. რა აქვს საბრძოლველი მკვლელის დედას, ამ რეალობას სად გაექცევიან?! დაანახა საზოგადოებას, როგორი დედის გაზრდილია მკვლელი.

მტკიცებულებებით გამოჩნდა, რომ პაპაშვილი სასტიკად სცემდა ჩემს შვილს, თავში ფიცრის ჩარტყმით მოკლა და ამას ხედავდნენ იქ მყოფები. შემდეგ ბინაში უგონოდ დაგდებული დატოვეს. პირველი ბინიდან ლუკა გვენეტაძე გავიდა, მას ხომ შეეძლო დაერეკა 112-ში, იქნებ ჩემი შვილი გადარჩენილიყო. არ ვიცი, რამდენჯერ ვუყურე ამ ვიდეოებს, როგორ გამეტებით ურტყამს პაპაშვილი თაზოს, როგორ ასულიერებს და მერე ისევ ურტყამს. უკვე მომაკვდავია ჩემი შვილი, მერე ურეკავენ და მოჰყავთ იქ ლუკა გვენეტაძე. მის დასახვედრად სადარბაზოში ჩადის საბა რობაქიძე. სადარბაზოში იმ მომენტში არის ქალი, რომელიც ალაგებს, ხომ შეიძლებოდა მისთვის ეთქვათ, გვიშველე, კლავენ ადამიანს და გამოიძახეთ პოლიცია ან დარეკეთ სასწრაფოშიო. არც ერთმა არაფერი მოიმოქმედა და ამისთვის სხედან ახლა ციხეში. კიდევ ერთი ბრალდებულია ალი ჰუსეინოვი, რომელიც იძებნება, მას 7 წელი აქვს მისჯილი. დაუსწრებლად გაასამართლეს. ერთმა ბრალდებულმა თქვა, ის გვიბიძგებდა, ჩვენც დაგვერტყა, მაგრამ არც ერთმა არ დავარტყით თაზოს, ჰუსეინოვმა ერთხელ ჩაარტყა თაზოს მუცელში ფეხიო.
პაპაშვილი და ის ერთად გაიქცნენ. ჰუსეინოვმა გააცნო პაპაშვილი დანარჩენებს. ბაირამ ალი ჰუსეინოვი, საბა რობაქიძე, ლუკა გვენეტაძე და ჩემი შვილი ერთად მუშაობდნენ საშაურმეში. ვერონიკა კაპანაძე მკვლელ პაპაშვილთან ერთად ცხოვრობდა. ამ გოგოსაც ბნელი წარსული აქვს. ერთი სასამართლო პროცესი დაიხურა და იქ რაც მოვისმინეთ და რაც თავად თქვა კაპანაძემ, ამაზრზენი იყო. საშაურმეში მომუშავე პერსონალი და უფროსიც ამბობენ, რომ საშაურმეში ფულს იპარავდნენ. ამას პაპაშვილი მოითხოვდა მათგან. პაპაშვილი 3-ჯერ ნასამართლევია, წამალდამოკიდებულიც. სანადიროდ გამოდიოდა, რომ ვიღაცისთვის ფული გამოეძალა და წამალი ეყიდა. ამიტომ აბირჟავებდა საშაურმესთან ხშირად. პროცესზე ცინიკურად თქვა, მე პურის ბიზნესი მქონდაო, ვითომ ფული არ სჭირდებოდა. თუ ამხელა შემოსავალი ჰქონდა, რატომ სძალავდა ახალგაზრდებს ფულს? დედამისმა სამი ადვოკატი აუყვანა ასეთ სასტიკ ბრალდებულს. მისი შვილი სამჯერ მოხვდა ციხეში, ახლა უფრო უარესი ჩაიდინა და კიდევ მის დაცვას ცდილობს?! ერთ-ერთი პროცესის შემდეგ, როცა ჩვენი ადვოკატი ელისო რუხაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, ამ დროს გამოვიდნენ დარბაზიდან პაპაშვილის დედა, მისი ძმა, თვითონ ბრალდებულ პაპაშვილის შვილი და მთელი აგრესიით გამოქანდა მკვლელის დედა ჩემი ადვოკატისკენ. უნდოდა ქვა დაერტყა ადვოკატისთვის, მისიანებსაც უბიძგებდა, თქვენც დაარტყითო. ერთმა ტელეოპერატორმა გადაიღო ეს კადრები და ეს რომ დაინახა იმ ქალმა, მაშინ გაუშვა ქვას ხელი...
ეს განაჩენი იყო ჩემი თაზოს წმინდა სულის პატივისცემა და გამარჯვების დღე. მადლობას ვუხდი იქ მყოფ მანდატურებსაც, ყველა ადამიანს, ვინც სოლიდარობა გამოხატა. პირველი წუთიდან დავინახე ხალხის გვერდში დგომა, ჟურნალისტებსაც დიდი მადლობა ასეთი თავდადებისთვის. აღსრულდა სამართალი და დამნაშავე დაისაჯა.