"რუსეთი მართავს ევროპაში იმიგრაციულ პროცესებს, განსაკუთრებით ისლამური ქვეყნებიდან“ - კვირის პალიტრა

"რუსეთი მართავს ევროპაში იმიგრაციულ პროცესებს, განსაკუთრებით ისლამური ქვეყნებიდან“

მოსკოვი ოფიციალურად უარყოფს ყოველგვარ კავშირს ევროპის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტებთან და პირიქით, დასავლეთს ადანაშაულებს რუსეთის წინააღმდეგ "ჰიბრიდული ომის" წარმოებაში. მიუხედავად ამისა, რუსეთი აძლიერებს კინეტიკურ და ჰიბრიდულ თავდასხმებს ევროპაში. ეს მოიცავს დივერსიებს, კიბერშეტევებს, დეზინფორმაციულ კამპანიებს, საზღვაო კაბელების დაზიანებასა და ნატოს საჰაერო სივრცის ხშირ დარღვევებს დრონებით. ევროპული და ფრანგული სპეცსამსახურები იძიებენ მოსკოვის შესაძლო კავშირებსა და გავლენას საფრანგეთში მიმდინარე მასობრივი არეულობებისა და საპროტესტო აქციების ორგანიზებაში. პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს არა აქვს აგრესიული ზრახვები ევროპის მიმართ. თუმცა აფრთხილებს დასავლეთს, რომ რუსეთის სუვერენიტეტს საფრთხე თუ შეექმნება, მოსკოვი გამოიყენებს ყველა არსებულ იარაღს, მათ შორის ბირთვულ არსენალსაც... ევროპაში მიმდინარე პროცესებში რუსეთის როლზე ანალიტიკოსი ლაშა ძებისაშვილი გვესაუბრება:

- მოსკოვს ოდითგანვე ძალიან მჭიდრო კავშირები აქვს საფრანგეთის კომუნისტურ პარტიასთან, ზოგადად, საფრანგეთის მემარცხენეებთან. სწორედ ფრანგი სოციალისტები და განსაკუთრებით კომუნისტები იყვნენ კომინტერნის წევრები, რომლებიც ჯერ კიდევ სტალინის დროს კრემლიდან იმართებოდნენ. 30-იანი წლების საფრანგეთისა და გერმანიის პოლიტიკას თუ გადახედავთ, იქ დიდწილად, მემარცხენე პარტიები - სოციალისტები და კომუნისტები მარტივად იმართებოდნენ კრემლიდან. მსგავსი კონტაქტები "ცივი ომის" პერიოდში და შემდგომაც იქნებოდა შენარჩუნებული. აღარ ვსაუბრობ საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატ­ზე, კომუნისტ ჟან-ლუკ მელანშონზე, რომელიც ულტრამემარცხენე და კომუნისტია. ლეპენის კავშირებზეც აღარაფერს ვიტყვი... ფრანგი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი არაბული წარმოშობისაა (მიგრანტების მეორე თაობაა). საინტერესოა, რომ ეს საპროტესტო გამოსვლები ორგანიზებულია სტუდენტური და პროფესიული კავშირების მიერ, რომლებიც იდეოლოგიური ერთგულების თვალსაზ­რისით, იგივე სოციალისტები, კომუნისტები არიან. ანუ აქ ვხედავთ ორგანულ კავშირს მემარცხენეებს, ისლამისტური იდეოლოგიის მქონე ახალგაზრდებსა და კრემლის სადეზინფორმაციო და პროპაგანდისტულ ქსელს შორის. ეს ქსელი ინტერნეტსივრცეში აქტიურად იყენებს ტროლ-ბოტებს და ხელს უწყობს პოლარიზების შემქმნელი დეზინფორმაციის გავრცელებას, რომელიც საზოგადოების გახლეჩას ემსახურება. საფრანგეთში 2027 წლის აპრილში არის საპრეზიდენტო არჩევნები და კრემლის ამოცანაა სწორედ ასეთი ტიპის გამოსვლებით და ვანდალური აქტებით მოხდეს არსებული პოლიტიკური კლასისა და მაკრონის წინააღმდეგ მოსახლეობის მობილიზება (მათ შორის გერმანიაშიც - უკიდურესად მემარცხენე და უკიდურესად მემარჯვენე პოპულისტური პარტიების გარშემო მობილიზება). ეს ხდება ლეპენისა და მელანშონის პარტიების გარშემო და მთავარი ამოცანაა შუა გაიკრიფოს, ასე ვთქვათ, ადეკვატური, ნორმალური ხალხის რაოდენობა შემცირდეს და საზოგადოება გაიხლიჩოს. გასაგებია, საბოლოოდ ეს რაშიც გადაიზრდება - საფრანგეთში პროევროპულ, პროუკრაინულ, პროდემოკრატიულ პარტიას არანაირი შანსი აღარ ექნება. საპრეზიდენტო რბოლა იქნება ლეპენსა და მელანშონს შორის და ლეპენი გაიმარჯვებს - სპეცსამსახურების მიზანია, ხელისუფლებაში მოვიდეს ის ძალა, რომელიც მათ ინტერესებს გაატარებს.

რუსეთს სურს იქ ისეთი პრეზიდენტი, რომელიც, პირველ რიგში, ანტიევროპული იქნება. ამით მოიშლება ევროკავშირის პოლიტიკური მექანიზმი, რადგან საფრანგეთი არ არის პატარა ქვეყანა (გერმანიის შემდეგ ევროპის მასშტაბით ის მეორეა როგორც მოსახლეობის, ასევე სიდიდის მიხედვით). საფრანგეთი ასევე ბირთვული სახელმწიფოა. ამიტომ საფრანგეთში უნდა მოვიდეს ისეთი ძალა, რომელიც იქნება ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული, ანტიუკრაინული, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ რუსეთს იგივე მიზნები აქვს სხვა სახელმწიფოებშიც. განსაკუთრებით გერმანიაში, 2028 წელს იქაც საპარლამენტო არჩევნებია და იქაც არის ანტიდემოკრატიული, ანტიევროპული და ანტიუკრაინული, უკიდურესად პოპულისტური და ნაციონალისტური ძალა "ალტერნატივა გერმანიისთვის", რომელიც სადღეისოდ ყველაზე ძლიერი პარტიაა გერმანიაში. სავარაუდოდ, 2027 წლის ბოლოს და 2028 წლის დასაწყისში მსგავსი არეულობები, შესაძლოა ტერორისტული გამოსვლებიც, გერმანიაშიც იყოს. მაგალითად, მიგრანტების გამოსვლა, ექსცესები, რათა მაქსიმალურად მოხდეს გერმანელი ობივატელისა და ბიუროკრატის აღქმაში იმ სურათის წარმოქმნა, რომ არსებული დემოკრატიული, პროევროპული და პროუკრაინული ქრისტიან-დემოკრატიული მმართველი პარტია ფრიდრიხ მერცის ხელმძღვანელობით ვერ ართმევს თავს სიტუაციას.

რუსეთს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ის მართავს იმიგრაციულ პროცესებს, განსაკუთრებით ისლამური ქვეყნებიდან, მათ შორის ჩეჩენი მიგრანტების სახით. უამრავი მიგრანტი ემორჩილება ბრძანებებს კრემლიდან, შესრულებისთვის კი გასამრჯელოს იღებს. ამ მისიის შესრულების შემდეგ ის ან პოლიციას ჩაუვარდება ხელთ, ან დატოვებს გერმანიას და გაემგზავრება სამშობლოში.

მარსელში დარბევების დროს განსაკუ­თრებით დაზიანდა და განადგურდა ებრა­ელების ობიექტები. ადამიანები დადიოდნენ სიებით, სადაც ეწერათ, სად რომელი მაღაზიაა და იყო თუ არა მისი მეპატრონე ებრაელი. ეს უკვე იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ ეს პროტესტები ორგანიზებული იყო კონკრეტული მიზნით - შეტევა ევროპულ სიმბოლოებზე, ევროპულ ინსტიტუტებზე, ღირებულებებზე.

- ჰიბრიდული ომის რა გამოვლინებებია ევროპაში?

- ადრე განსაკუთრებით ძლიერი იყო პოლიტიკური და ბიზნესელიტის მოსყიდვა. ეს დღესაც გრძელდება. წარმოიდგინეთ, ევროკავშირის ბოლო სასანქციო პაკეტიდან ლობიზმის შედეგად ამოღებულ იქნა კრემლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი და კიდევ ერთი ოლიგარქი. გარდა ამისა, არსებობენ უამრავი პოლიტიკური პარტიის, განსაკუთრებით რადიკალურის, წარმომადგენლები, რომლებიც მუდმივად არიან რუსეთთან კონტაქტზე. ამას ჰქვია პოლიტიკური გავლენის მოპოვება ქვეყნებში ამ პარტიების მეშვეობით.

არის მეორე მიმართულება - კრიტიკული ინფრასტრუქტურის, სტრატეგიული ობიექტების საბოტაჟი. ესენია: ლოჯისტიკური ხაზები, საგზაო ინფრასტრუქტურა, საფინანსო სისტემა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, რადიოგადამცემი ხაზები, სარკინიგზო ხაზები და ა.შ. არის როგორც კიბერ, ასევე პირდაპირი შეტევები სამხედრო წარმოებასა და სამხედრო ლოჯისტიკის ობიექტებზე. იყო სატვირთო თვითმფრინავების ჩამოგდების ცდები და ერთი ჩამოვარდა კიდეც ლიტვაში თუ ფინეთში; და მესამე - ტერაქტების მცდელობები, რომლებიც მთელ რიგ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ხელმძღვანელობაზე, ანუ ბიზნესელიტაზე იგეგმება - იმ კომპანიების ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, რომლებიც აწარმოებენ სამხედრო პროდუქციას და აწვდიან უკრაინას. ლავროვმა დემონსტრაციულად განაცხადა, რომ ევროპა ვეღარ იქნება გადამწყვეტი სუბიექტი საერთაშორისო ურთიერთობებში. სამხედრო ენაზე ეს ნიშნავს: ჩვენ გაგიკეთებთ იმას, რასაც ჩავთვლით საჭიროდ და ვერავინ შეგვაკავებს.

პუტინი უყურებს ტრამპის პოლიტი­კას უკრაინის საკითხში, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა მოღალატეობრივი. პუტინი ახლა ელოდება, რომ ტრამპი მის დავალებებს შეასრულებს, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მაქსიმალურ ზეწოლას მოახდენს უკრაინაზე და დანებებას აიძულებს, რადგან მაქსიმალურად შეუზღუდავს შეიარაღების მიწოდებას, ანუ ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს, სადაზვერო ინფორმაციას, "სტარლინკს" და ა.შ. ეს მისცემს პუტინს საშუალებას, მასობრივი ტერორი მოუწყოს უკრაინელ მოსახლეობას.

უნდა დაველოდოთ, როგორ დამთავრდება შუალედური არჩევნები ამერიკაში, შეეგუება თუ არა ტრამპი თავის პოლიტიკურ წაგებას, თუ პირიქით - ყველაფერს გააკეთებს, რომ შედეგები არ ცნოს და ეს მერე დიდ პოლიტიკურ კრიზისსა და დაპირისპირებაში გადაზარდოს, შემდგომ საგანგებო მდგომარეობა შემოიღოს და, პრაქტიკულად, ავტორიტარული მმართველობა გამოაცხადოს ამერიკაში. იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპს კარგად ესმის, პოლიტიკური წაგების შემთხვევაში მას მალე მიაკითხავენ პროკურორები, შეეცდება ყველანაირი გზებით დაიცვას როგორც თავისი, ასევე თავისი ოჯახისა და სხვების ბიზნესები, მათ შორის სრულიად არადემოკრატიული გზებით. ნოემბრიდან მოყოლებული, სამი-ოთხი თვე ძალიან დაძაბული იქნება, რომელსაც უკრაინამ უნდა გაუძლოს, მერე დაიწყება შედარებით მარტივი პერიოდი - ნოემბერში გამარჯვებული კონგრესმენები იანვარში იკავებენ ადგილს კონგრესსა და წარმომადგენელთა პალატაში. იქ უკვე კონგრესმენების ის რაოდენობა იქნება, რომლებსაც შეუძლიათ კანონების და ბიუჯეტის დამტკი­ცების დროს წნეხი გააძლიერონ ტრამპზე და აიძულონ დათმობებზე წავიდეს.

- ხშირად გითქვამთ, წლის ბოლომდე პუტინი შეიძლება თავს დაესხას ევროპის ქვეყნებსო...

- მგონია, რომ წლის ბოლომდე პერიოდს პუტინი აქტიურად გამოიყენებს. ვნახეთ, რა მოხდა ესპანეთში - სეუტაში მიგრანტების შესვლა, რაც ასევე ძალიან კარგად ორგანიზებული აქცია იყო. ახლა ვიხილეთ აქციები საფრანგეთში და გამოსვლები იტალიაში. დარწმუნებული ვარ, მალე დიდ ბრიტანეთშიც ვნახავთ გაცილებით ფართომასშტაბიან გამოსვლას, უკვე მოგვიანებით, 2027 წელს კი - გერმანიაში. ეს, რა თქმა უნდა, იმისთვის ხდება, რომ ყველა ამ ქვეყანაში შიდაპოლიტიკური ვითარება აირიოს, მოხდეს პოლარიზაცია და იმ პარტიებმა მოიპოვონ გავლენა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომლებიც უფრო რადიკალური განწყობების არიან ანტიმიგრაციულ საკითხებში. გარდა ამისა, ეს პარტიები გამოირჩევიან ანტიევროპული და პრორუსული განწყობებითაც.