დიდი ქართული ტრაგედია ანუ როგორ ვკარგავთ მომავალს
ზოგჯერ ტრაგედიას უფრო კარგად ციფრები გადმოსცემს, ვიდრე მაღალფარდოვანი სიტყვები. "საქსტატის" მონაცემებით, 2025 წელს საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა 11 158 ბავშვი და 20-დან 30 წლამდე 31 828 მოქალაქე. სულ გასულ წელს ქვეყანა 114 374-მა მოქალაქემ დატოვა. ვეჭვობთ, რომ 2026 წლის მონაცემები უფრო შოკისმომგვრელი იქნება.
ეს არის კატასტროფა და ტრაგედია, რომელიც ყოველდღიურად ხდება ჩვენს თვალწინ და ქვეყანა თანდათან იცლება სისხლისგან. ეს მონაცემები არის ჩვენი სამშობლოს მთავარი მტერი და საფრთხე. და არანაკლებ გულსატკენია, რომ ეს მთავარი საშიშროება ათასში ერთხელ თუ გაგვახსენდება და მალევე ვივიწყებთ ხოლმე. სამაგიეროდ, ერთმანეთის ლანძღვა-გინება და იმის გარკვევა, ვინ "ვისისტია", ჩვენს ყოველდღიურობად იქცა.
რა თქმა უნდა, ემიგრაციის პრობლემა გუშინ და დღეს არ დაწყებულა. თუმცა დამოუკიდებლობის პირველ წლებში ემიგრაციაში მიდიოდა ის ხალხი, რომელთაც უკვე შექმნეს თავიანთი ცხოვრება, თუმცა გაჭირვება წამოეწიათ და იძულებული იყვნენ საზღვარგარეთ მოხუცების მომვლელად ან მძღოლებად ემუშავათ. ესეც ძალიან მძიმე მოვლენა იყო, თუმცა თავს იმით ვიმშვიდებდით, რომ პოლიტიკური ვითარება სტაბილური გახდებოდა, ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდებოდა და წასულები დაბრუნდებოდნენ სამშობლოში. იმასაც ვამბობდით, რომ ჯანდაბას, ამ ტვირთმა გადაიაროს შედარებით უფროსი თაობის ზურგზე, სამაგიეროდ, მოვა ახალი თაობა, რომელიც შეძლებს ქვეყნის ტალახიდან ამოყვანას. დღეს კი ეს ახალი თაობა, ახალგაზრდები, უცხოეთში ოჯახებით მიდიან!.. ახალგაზრდა მშობლებმა გასულ წელს 11 ათასზე მეტი ბავშვი გამოიყვანეს სკოლებიდან/ბაღებიდან და უკეთესი მომავლის პოვნას სამშობლოდან ათასობით კილომეტრის მოშორებით ცდილობენ!.. ეს არის დიდი ქართული ტრაგედია, რომელიც ყოველდღიურად ჩვენ თვალწინ ხდება!.. ქვეყანა ამ ემიგრაციის ტალღებით ყოველდღიურად კარგავს მომავალს იმ ადამიანების სახით, რომელთა მხრებზეც უნდა დაფუძნებულიყო ჩვენი სახელმწიფოს განვითარება.
ეს ბავშვები გაიზრდებიან და ადაპტირდებიან უცხო გარემოში, შექმნიან ოჯახებს - ბევრი მათგანი, სავარაუდოდ, უცხოელთან. რა იქნება მათთვის და მათი შვილებისთვის საქართველო? ალბათ, მხოლოდ ლამაზი ზღაპარი.
ახალგაზრდების ნაწილი სასწავლებლად მიდის. რა თქმა უნდა, ამაში დასაძრახი არაფერია. ჩვენი წინაპრების ოცნება იყო, ევროპულ და ამერიკულ განათლებამიღებულ ახალგაზრდებს შემდეგ უკვე სამშობლოსთვის მოეხმარათ თავიანთი ცოდნა. თუმცა მთავარი კითხვაა - დაბრუნდებიან კი ისინი საქართველოში?! ამ კითხვაზე ხშირად პასუხი ტრაგიკულია. თუ არ გჯერათ, გაესაუბრეთ ამ კატეგორიის გოგო-ბიჭებს და უმრავლესობა იტყვის, რომ განათლების მიღების შემდეგ კარიერის გაგრძელება "ნორმალურ და დალაგებულ ქვეყანაში" სურს.
ისინიც შექმნიან ოჯახებს, ეყოლებათ შვილები და მათთვისაც საქართველო ქვეყანაში დარჩენილ ნათესავებთან კონტაქტით თუ შემოიფარგლება. ასევე, ემიგრაციის გზაზე დამდგარი ახალგაზრდების დიდი ნაწილი უკვე ძალიან პერსპექტიული სპეციალისტია ან უკვე შემდგარი პროფესიონალი. ისინი თავიანთ ცოდნასა და ნიჭს მოახმარენ არა სამშობლოს, არამედ სხვა ქვეყანას. დიდი ალბათობით, ეს ახალგაზრდებიც უცხოეთში გაიდგამენ ფესვებს...
ანუ ჩვენ მხოლოდ დღევანდელ კი არა, ხვალინდელ თაობასაც ვკარგავთ!
საქართველოდან მიმდინარეობს "ტვინების" გადინება, რაც პარალიზებით გვემუქრება. შეიძლება დავდგეთ ისეთი რეალობის წინაშე, როდესაც ქვეყანა ნორმალურად განვითარების პერსპექტივას დაკარგავს, რადგან არ იქნება ხალხი, რომელიც ამა თუ იმ სფეროში გარდატეხის შეტანას შეძლებს.
ჩვენს ქვეყანაში "მოსახლეობის დაბერების" პროცესი ისედაც აქტიურ ფაზაშია. "საქსტატის" მონაცემებით, 2026 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 3 941 100 კაცი ცხოვრობს (თავის სტუმრებიან-დროებით ჩამოსულებიანად). აქედან 905 183 მოქალაქე პენსიონერია.
თუ ემიგრაციის არსებული მასშტაბები შენარჩუნდა (შობადობის შემცირებასთან ერთად), "დაბერების" ტემპი უფრო დაჩქარდება. ეს პირველ რიგში, დაარტყამს ქვეყნის ეკონომიკას - გაიზრდება სოციალური და საპენსიო ტვირთი (შემცირდება გადასახადის გადამხდელ მოქალაქეთა თანაფარდობა ხანდაზმულ პენსიონერებთან), გაიზრდება წნეხი ჯანდაცვის სისტემაზე და ბაზარზე იქნება შრომითი რესურსების ნაკლებობა. აქედან ერთი ნაბიჯია ეკონომიკურ სტაგნაციამდე. შემდეგ კი ეს მძიმე ტენდენცია დაარტყამს უკლებლივ ყველა სფეროს, მათ შორის თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებას. ემიგრაციული პროცესების შედეგად გაჩენილ "ვაკუუმს" შეავსებენ შორეული, დაბალგანვითარებული ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანები, აქედან გამომდინარე ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი შედეგით. საბოლოო ჯამში, ხელში შეგვრჩება ქართველებისგან დაცლილი, განვითარებაგაყინული ქვეყანა ძალიან ავისმომასწავებელი მომავლით.
რა თქმა უნდა, ამ დიდი ქართული ტრაგედიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. თუმცა არა მთავარი! კერძოდ, მთავარი მიზეზი უპერსპექტივობის განცდაა. ეს განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო წლების განმავლობაში. გვაქვს დაუსრულებელი, ხან "ცხელი" და ხან "ცივი" პოლიტიკური კრიზისი; საზოგადოება პოლიტიკურ ბანაკებად არის დაყოფილი, ცნება - "პოლიტიკური ოპონენტი" არ არსებობს, არის "მტერი", რომელიც უნდა გაანადგურო (ყველა მხარეს ეხება); ქვეყნის ევროინტეგრაცია სათუოა; აქეთ ფბ-პოსტების გამო აჯარიმებენ, იქით ჟურნალისტებს იჭერენ, პარტიების აკრძალვას ცდილობენ... ამ ყველაფრის შემხედვარე ახალგაზრდა საკუთარ თავს უსვამს კითხვას - რა მომავალი მექნება და რა მელოდება მე ამ ქვეყანაში - უფროს თაობასავით მუდმივად მოჯადოებულ წრეზე სიარული? ხომ არ ჯობს, ჩემი და ჩემი შვილების მომავალი მაინც გადავარჩინო, თუნდაც უცხო ქვეყანაში?!
დიდი ქართული ტრაგედიის შეჩერებაში ყველამ თითო აგური უნდა დადოს. თუმცა, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის ლომის წილი ხელისუფლებაზეა. შეუძლებელია მმართველი გუნდის მთავარ ფიგურას ბიძინა ივანიშვილს არ აღელვებდეს, რომ საქართველო ქართველებისგან იცლება. ამ უბედურების შეჩერება უნდა გახდეს პრიორიტეტი მმართველი გუნდის თითოეული წარმომადგენლისთვის - პრეზიდენტი იქნება ის, პრემიერი თუ რიგითი დეპუტატი. ეს არის ეროვნული გადარჩენის საკითხი და არა რაღაც პოლიტიკური თემა. ამ "ომში" თუ დავმარცხდით, უკვე მნიშვნელობა არ ექნება, ვის რა თანამდებობა ექნება ან "ბარიკადების" რომელ მხარეს იქნება.
რა თქმა უნდა, განსაკუთრებული როლი ეკისრება საქართველოს ეკლესიას და პატრიარქ შიო III-ს.
მათ შეუძლიათ გააკეთონ მთავარი - ქვეყანაში შექმნან ისეთი გარემო, რომ ახალგაზრდებს იმედი გაუჩნდეთ. იგრძნონ, რომ ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე ქვეყანაში კი არ ცხოვრობენ, არამედ სახელმწიფოში, სადაც შეიძლება საუკეთესო მომავლის შექმნა და ამისთვის საჭირო არ არის ათასობით კილომეტრს იქით გადახვეწა. სწორედ ეს არის საშვილიშვილო საქმე, რომლის კეთება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, თორემ ხვალ გვიან იქნება.
P.S. საქართველოს არაერთი განსაცდელი გამოუვლია, ათასი ჯურის დამპყრობელი შემოსევია ჩვენს ქვეყანას. ყველას საერთო ხელწერა ჰქონდა - ისე აეოხრებინათ ჩვენი სამშობლო, ადამიანებს იქ ვეღარ ეცხოვრათ. თუმცა ქვეყანა ყოველთვის ახერხებდა ფენიქსივით აღდგენას. რატომ? იმიტომ, რომ ქართველი ჯიუტად, აგურ-აგურ კვლავ აშენებდა უკვე მერამდენედ დანგრეულ ციხესიმაგრეებს თუ ეკლესია-მონასტრებს, თავიდან ყრიდა უკვე მერამდენედ აჩეხილ ვაზს, ჯიუტად ასწავლიდა ახალ თაობას სამშობლოს სიყვარულს. იცოდა, თუ თვითონ ხელებს ჩამოუშვებდა, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონებოდნენ...
გიორგი კვიტაშვილი