"მინდა მოგიწოდოთ, რომ ამოუდგეთ პარტიებს გვერდში, რადგან პარტიების გაძლიერების გარეშე შეუძლებელი იქნება იმ ცვლილების მიღწევა, რომელიც ყველას გვინდა - ნუ აჰყვებით პროპაგანდას, რომ პოლიტიკაში ყველა ცუდია"
მინდა მოგიწოდოთ, რომ აუცილებლად ამოუდგეთ პოლიტიკურ პარტიებს გვერდში იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიების გაძლიერების გარეშე შეუძლებელი იქნება იმ ცვლილების მიღწევა, რომელიც ყველას გვინდა, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის” ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ცუცქირიძემ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს უთხრა, რომ მიმდინარე დღეებში ოპოზიცია სხვადასხვა ინიციატივას შესთავაზებს საზოგადოებას და მასში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, 28 ნოემბერს კიდევ უფრო მასშტაბური აქცია იგეგმება.
„მე აქ ვარ იმის მიუხედავად, რომ ეს სარჩელი პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე არ ეხება დღეს და ახლა კონკრეტულად ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, „თავისუფლების მოედანს”, მაგრამ მე და ჩემი თანამებრძოლები აქ ვართ მაინც, იმიტომ, რომ როდესაც ვხდებით მოწმეები დანაშაულისა საქართველოს დემოკრატიის, საქართველოს თავისუფლების, მრავალპარტიულობის წინააღმდეგ, ჩვენ მაინც უნდა ამოვიღოთ ხმა, მაინც უნდა შევიკრიბოთ იმის მიუხედავად, კონკრეტულად ამა თუ იმ პარტიასა თუ პოლიტიკოსს ეს ამ მომენტში ეხება თუ არა.
მე აქ ვარ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაჯგუფება ახლა ცდილობს, ოფიციალურად წაგვართვას ის დიდი მონაპოვარი, რომელიც ეროვნული დამოუკიდებლობის მოძრაობამ მოიპოვა. ახლა ესენი ოფიციალურად გვიცხადებენ იმას, რომ დღეს საქართველოში ერთპარტიული დიქტატურა უნდა დამყარდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის პიროვნების კულტი უნდა დამყარდეს და საქართველოს მოქალაქეები თავისუფალი, ღირსეული, ამაყი ხალხის ნაცვლად მორჩილ, მდუმარე ბრბოდ უნდა იქცეს. გააგრძელეთ