“ხან მუხლებზე ვეგდე, ხან უაზროდ ვეჭიდებოდი სხვადასხვა საგნებს შოკისგან...“ - რას წერს გიორგი ნემსაძის დისშვილი
გიორგი ნემსაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მისი დისშვილი, მარიამ კიბორძალიძე, ემოციური პოსტით ეხმაურება. ის იხსენებს, როგორ შეიტყო ბიძის გარდაცვალების ამბავი, საუბრობს მის განსაკუთრებულ ადამიანურ თვისებებზე და წერს, რა მნიშვნელობა ჰქონდა გიას მისი ოჯახის წევრების ცხოვრებაში. შეგახსენებთ, რომ გიორგი ნემსაძე მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში საქართველოს 18-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა
მარიამ კიბორძალიძე:
- გიას ამბავი სოც. ქსელით გავიგე. ეს ცალკე აღებული დიდი სისასტიკეა, მე თუ მკითხავთ, მაგრამ ამაზე სხვა დროს. ხან მუხლებზე ვეგდე, ხარ უაზროდ ვეჭიდებოდი სხვადასხვა საგნებს შოკისგან. გულგაგლეჯილი ვურეკავ დედას, არ იღებს. ვრეკავ სამსახურში, თურმე რომ არ იცის…
ირაკლის ვეუბნები, სასწრაფოდ წამიყვანოს დედაჩემთან, იქნებ ჩემთან ერთად გაიგოს, თორემ ჭკუიდან მშლის ის ფაქტი, დედაჩემისთვის ვინ იყო გია. არა, სიზმარში ვართ. გია… როგორ დედაჩემს, თავის შვილებზე არ ულოცია იმდენი, რამდენიც ძმებზე, მთელი თავისი ცხოვრება გია და ირაკლია, მათზე ამოსდის მზე და მთვარე. ზოგჯერ გამფიქრებია: მათ რომ რამე მოუვიდეთ, დედაჩემი როგორ იქნება-მეთქი?!
კოშმარული სიზმარივით მომიშორებია ფიქრი, სადღაც შორს მიუღწეველ მომავალში. დედაჩემი ის დაა, ვისაც არასდროს, არსად, არავისთან და არაფერში უსარგებლია გიას სახელით. ასეთი “საწყლები” არიან…