“ჩემი დის ბოლო თხოვნა სწორედ ეს იყო - საავადმყოფოში მისთვის ბანანი და კეფირი უნდა მიმეტანა. მე მასთან შეხვედრა ვეღარ მოვახერხე... “ - ანი გიუნტერი ცხოვრებისეულ განსაცდელებზე - კვირის პალიტრა

“ჩემი დის ბოლო თხოვნა სწორედ ეს იყო - საავადმყოფოში მისთვის ბანანი და კეფირი უნდა მიმეტანა. მე მასთან შეხვედრა ვეღარ მოვახერხე... “ - ანი გიუნტერი ცხოვრებისეულ განსაცდელებზე

ჟურნალისტი ანი გიუნტერი გადაცემაში "ჩემი ამბავი" ყვება იმ ტრაგიკულ გზას, რომელიც გამოიარა და სულ ახლახან გარდაცვლილი უფროსი დის ამბავს.

უდიდესი დანაკარგები

- პირველი დარტყმა მივიღე, 12 წლის როცა ვიყავი - მამა მოკლეს. დღემდე არ ვიცი, ვინ ჩაიდინა ეს... იმ პერიოდში მამასთან ერთად მარტო ვცხოვრობდი. დედა მოსკოვში იყო. ის ჩემთვის ყველაფერი იყო... მე იმ ზღაპრის პერსონაჟი ვიყავი, რომელშიც მშობლები მაცხოვრებდნენ. ყოველდღიურად ძალიან დიდი სიყვარულის ამბავს ვუყურებდი... მკვლელს არც ვეძებ. დიდი ხანია, აღარ ვეძებ. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მაშინ მე აღარ მექნება უფლება, ყველა მიყვარდეს. მე ის უნდა შევიძულო...

წლების განმავლობაში უშედეგოდ ვეძებდი ამ ადამიანს. არ ვიცოდი, როგორ გამოიყურებოდა — მხოლოდ სხვების მონაყოლითა და თვითმხილველთა აღწერით ვხელმძღვანელობდი. აღმოჩნდა, რომ მამაჩემი ერთადერთი მსხვერპლი არ ყოფილა... ყველა მამაკაცში, რომელსაც ფართო მხრები ჰქონდა და თვითმხილველთა აღწერას შეესაბამებოდა, მას ვხედავდი. არ ვიცი, შესაძლოა, ის აღარც იყოს ცოცხალი, შესაძლოა, ჩემ ირგვლივ დადიოდეს კიდეც...

შემდეგ იყო სიძის ამბავი — ძალიან დიდი ტრაგედია. ჩემმა დამ ოჯახი შექმნა. მყავდა არაჩვეულებრივი სიძე. პრინციპში, ის ახლაც არსებობს, რა თქმა უნდა, თუმცა მისი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა — როგორც სტატუსი, ისე ჯანმრთელობა. ის უკვე ქმედუუნაროა. დიდი ხანია, ჩაწოლილია და მეტყველების უნარიც აღარ აქვს. ეს, რა თქმა უნდა, დამატებითი სიმძიმე იყო...

დედა იყო ბურჯი, რომლის გარშემოც ყველა ტრიალებდა, საყრდენი, რომელზეც ჩვენი ოჯახი იდგა. მოხდა ისე, რომ ერთ დღეს მან ინსულტი გადაიტანა...

ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც ოჯახის სამი წევრი ერთდროულად მყავდა კლინიკაში. მე კი იმ დროს სრულიად მარტო ვიყავი. რომელ კლინიკაში უნდა წავსულიყავი? სია მქონდა ჩამოწერილი, რომ რამე არ გამომრჩენოდა.ეს არ იყო ერთი კონკრეტული მოვლენა. ეს იყო წრე, რომელზეც მუდმივად ვტრიალებდი და რომელიც არასდროს მთავრდებოდა.

ტელეფონის ზარსაც შიშით ველოდებოდი — იმ ენით აღუწერელი შიშით, რომ დამირეკავდნენ და ცუდ ამბავს შემატყობინებდნენ. ტელეფონს მშვიდად ვერ ვუყურებდი. ყოველი ზარი ცუდი ამბის მოლოდინს მიჩენდა. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი მართლდებოდა კიდეც.

განაგრძეთ კითხვა