“ირაკლი ძალიან რუტინული, ძალიან მოწესრიგებული და შრომისმოყვარე იყო - იუველირივით უდგებოდა თითოეულ სასვენ ნიშანს.“ - პირველი შეხვედრა "მეფესთან", მუსიკა, კარიერა და შვილი: "სახალხო ინტერვიუ" ქეთათო ჩარკვიანთან
Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის, "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარი იყო მუსიკოსი ქეთათო ჩარკვიანი. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ტელეინტერვიუს ელექტრონულ ვერსიას, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული გადაცემის ნახვას მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
ნინი:
- როგორ ხართ, ქეთათო? რას საქმიანობთ?
- ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს - მუსიკას. სიმღერები, რომლებიც წლების წინ მაქვს დაწერილი, როგორც ირაკლისთან ერთად, ასევე მარტო, ეს ყველაფერი რაღაც ერთიან პერფორმანსში გავაერთიანე. მყავს ჯგუფი - "ბუკი და ნაღარა“, სადაც ჩემი და ირაკლის მუსიკა ახლებური ჟღერადობითა და ინტერპრეტაციით იკვრება. მოკლედ, არის ბენდი და ასევე ანა სუბელიანი. ძირითადად მთელი ჩემი ინტერესი და დღის განრიგი ამის ირგვლივ არის აგებული.
ანა:
- ბავშვობაში ვინ გინდოდათ, რომ გამოსულიყავით?
- ბავშვობაში, ერთადერთი, რაც ვიცოდი, ის იყო, რომ ექიმი არ გამოვიდოდი, რადგან ბებია მყავდა პედიატრი და ვხედავდი, რამდენად რთული იყო მისი ყოველდღიურობა. ჩემთვის გაუგებარია, საერთოდ რატომ უნდა დასტრესო შენი თავი ასე, რომ ამდენ უბედურებას, წუხილს ესწრებოდე?! ეს ჩემთვის მიუღებელი იყო და ამიტომ ვიცოდი, ექიმი არ გამოვიდოდი... უცებ შეიძლება სპორტსმენობა მომდომებოდა, "ბიჭური პროფესიები" მომწონდა, მაგრამ საერთოდ ბალერინა აღმოვჩნდი. ასე რომ, ერთია, რას ფიქრობ, მეორეა - რეალობა რა გეგმებს ამყარებს შენზე.

ვიკა:
- მოგვიყევით თქვენს ოჯახზე, სადაც დაიბადეთ და გაიზარდეთ - რა იყო იქ მთავარი ღირებულება?
- ჩემს აღზრდაში ძალიან დიდი როლი აქვს ბებია ქეთოს - მისი სახელი მქვია. ქეთო ჭიჭინაძე იყო ძალიან საინტერესო გარეგნობის ქალი, არაორდინალურად იცვამდა, რაღაცნაირი გამორჩეული, საინტერესო ადამიანი გახლდათ. მუშაობდა არქივში. მკაცრიც იყო და ცოტა ზედმეტიც მოუვიდა ფორტეპიანოს რომ მარეპეტიციებდა, რაღაცნაირად მსჯიდა, მტუქსავდა და შემაძულა კიდეც ბევრი რაღაც. მაგრამ მან გადაწყვიტა, რომ ბალეტზე მევლო, მან გადაწყვიტა, ჩემ გამო პენსიაში გასულიყო, რომ ჩემთვის მოეძღვნა თავი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ თავის თავზე ორიენტირებული ადამიანი იყო. ასე რომ, ბებიების გავლენა ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდია.