"მე სიმართლის ქალი ვარ, სიტყვა სიტყვით გეტყვით..." - 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ბებიამ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა
12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ბებიამ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. ბებიის მტკიცებით, ამ პერიოდის განმავლობაში გაუჩინარებული მოზარდის ოჯახი, მამის მხარე, აქტიურად ცდილობდა გურამ დადიანიძის მოძებნას, თუმცა უშედეგოდ.
ჟურნალისტმა თაია გამთენაძემ 24 ოქტომბერს გამართულ აქციაზე, რომელიც გურამის დედის, სოფო ბიბილაშვილის ორგანიზებით გაიმართა, დაკარგული მოზარდის ბებიას ჰკითხა, თუ სად იყო გურამის მამის ოჯახი, რაზეც ბებიამ უპასუხა:"როდის მითხრა სოფომ [დადიანიძის დედა] და არ დავუდექი გვერდით? მე სულ ვეძებ ჩემს გურამიკოს, ჩვენ არ გვიყვარს ხმაური და არ ვხმაურობთ. ამიტომ არ ვეძებთ?! ცოდვაა ბრალდებას რომ გვიყენებთ. გალანძღული ვართ, ტალახი გვაქვს ნასროლი და ამის შემდეგ როგორ უნდა ისაუბრო. ასეთი ხალხის იმედად როგორ უნდა იყოს საქართველო. ყველაზე არ ვამბობ, რა თქმა უნდა.
სადაც ჩემი შვილიშვილი დაიკარგა, დავდიოდით, ვეძებდით და უშედეგოდ, რა უნდა გამეკეთებინა სხვა?! ლომისაში ვიარეთ 3 კვირაზე მეტი, უშედეგოდ. ჩემი შვილიშვილი არც მკვდარი ვიცი და არც ცოცხალი. ჩვენ შეიძლება დავაშავეთ, არ ვიტყვი, რომ ცამდე მართალი ვართ, მაგრამ ჩვენ ვეძებთ. ამ წუთშიც ვეძებ, ახლა რომ აქ ვარ".
"ირაკლი ოქრაძემ [დადიანიძის საქმის მოწმე] თქვა, თქვენ გითქვამთ - გურამი სადაც არის კარგად არისო" - ასე მიმართა ჟურნალისტმა დადიანიძის ბებიას, რაზეც მან მიუგო, რომ ოქრაძე ტყუილს ამბობს და მას მსგავსი რამ არ უთქვამს.
"ტყუილი, ტყუილი, აწყობთ, ალბათ, აწყობთ ირაკლი ოქრაძე ბევრ ტყუილს ამბობს - მე არ მითქვამს, "სადაც არის, კარგად არისო...
მე სიმართლის ქალი ვარ, სიტყვა სიტყვით გეტყვით - გასვენება იყო მოხუცის, მე იმ დროს პანაშვიდზე გადავედი. კუთხეში, კახა გელაშვილის დედა, დალი შემხვდა. მოვიკითხე, როგორ ხართ მეთქი.- მან მიპასუხა, როგორ ვიქნებით, კახა ისეთ დღეშია, ლამის გაგიჟდეს, ასე ამბობს, რომ მოვა, ნეკნებს დავუმტვრევო.