"იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ" - შალვა პაპუაშვილი
იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ - ესეც აჩვენებს, სად დგას ქართველი ხალხი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციის გუშინდელ აქციას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი ვერ იდგება იმ ფსევდორელიგიურ სექტასთან, რომელიც ცდილობს, რომ საზოგადოებრივი სივრციდან საქართველოს ეკლესია გაწიოს, რომელიც ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს ისეთი ძალა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლებების პირდაპირ გავლენას დაექვემდებარება.
„გუშინ გახლდით ზემო აჭარაში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აჭარის მკვიდრი მოსახლეობა მონათლა. იქ იყვნენ ბავშვებიც, ზრდასრულებიც. გუშინ, აქციაზე რაც ვიხილეთ ადამიანები, სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა კათოლიკოს-პატრიარქმა ზემო აჭარაში. ესეც აჩვენებს, სად დგას ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი ვერ იდგება იმ ფსევდორელიგიურ სექტასთან, რომელიც ცდილობს, რომ საზოგადოებრივი სივრციდან საქართველოს ეკლესია გაწიოს, რომელიც ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს ისეთი ძალა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლებების პირდაპირ გავლენას დაექვემდებარება. მოკლედ რომ ვთქვათ, ანტიპატრიოტული და აგენტურული ძალაა. ასე რომ, გუშინდელი დღე ყველაზე კარგი ილუსტრაცია - თბილისში შეკრებილი ფსევდორელიგიური სექტის რამდენიმე ასეული წარმომადგენელი, რომელიც კვლავ თავის ფსევდორელიგიურ რიტუალს ასრულებდა და ნამდვილი რწმენით შეკრებილი ადამიანები ზემო აჭარაში - სამჯერ მეტი, ვიდრე თბილისში გუშინ ვიხილეთ.
ხალხი არ დგას აგენტურის მხარეს, ხალხი ვერ დადგება იმათ მხარეს, ვინც ამბობს რომ ცალ ფეხზე უნდა დაუდგე უცხო ქვეყნის ხელისუფლებას, უნდა მოემსახურო უცხო ქვეყნის ინტერესებს, ვერ დადგება იმ სექტის მხარეს, რომელიც თავს ესხმის საქართველოს ეკლესიას, ვერ დადგება იმ სექტის მხარეს, რომელიც საქართველოს ინტერესებს ნებისმიერი სხვა ქვეყნის ინტერესებს ანაცვალებს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ “მიხეილ სააკაშვილის ბანერებმა აქციის მონაწილეების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია”, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ცდილობენ წარმოაჩინონ ვითომ, რაღაც უთანხმოება არსებობს, თუმცა ეს ყველაფერი თამაშია, რომელსაც 14 წელია ვაკვირდებით.
"ინტერპრესნიუსი"