"არ უნდა უღალატო გულშემატკივარს და არც ის გიღალატებს...“ - ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე სანუკვარი ოლიმპიური მედალი სამშობლოს შესწირა
"არ უნდა უღალატო გულშემატკივარს და არც ის გიღალატებს... ყოფილა შემთხვევა, შემრცხვენია, ხალხისთვის ვერ გამისწორებია თვალი... როცა ფეხბურთელი ვიყავი, თამაშის დროს არაერთხელ გამიძლია გაუსაძლისი ტკივილისთვის. არ მითამაშია არც საკუთარი თავისთვის და არც ფულისთვის..." - ამბობს გაზეთ "ლელოს" საარქივო ინტერვიუში ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში გელა კეტაშვილი.
დოსიე - ტიტულები, ჯილდოები, პრემიები, პრიზები

ოლიმპიური ჩემპიონი - 1988 (სეული); სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1988; სპორტის რაინდი - 2016; ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი - 2003; ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 2018; ღირსების ორდენი - 2001; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი - 2003; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედალი - 1999
საქართველოს ნაკრებში: 1 მატჩი (1990);
სსრკ ნაკრებში: 3 მატჩი (1989);
სსრკ ოლიმპიურ ნაკრებში: 11 მატჩი (1986-88)
- ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში
- საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში პირველი გოლის გამტანი
- საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი კაპიტანი (1990 წლის 27 მაისი, თბილისი, საქართველო - ლიეტუვა - 2:2).
- 2011 წელს, სერიაში "ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები" (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ილია ბაბუნაშვილის წიგნი "გელა კეტაშვილი".
01.10.1988. სეული. 14:30 ადგილობრივი დროითოლიმპიადაზე, საბჭოთა საფეხბურთო ნაკრებში ქართული ფეხბურთის ღირსებას 23 წლის გელა კეტაშვილი იცავდა. მისი სჯეროდა სამწვრთნელო შტაბს, მთავარ მწვრთნელს. აი, დასტურიც: კეტაშვილს მიანდვეს ბრაზილიის ნაკრების ყველაზე ძლიერი თავდამსხმელის რომარიოს მეურვეობა.
გელამ უდავოდ დიდებულად ჩაატარა ეს ისტორიული მატჩი.
ნაკლებად თუ ვინმე მოელოდა ბრაზილიელებთან გამარჯვებას, მაგრამ მოხდა სასწაული და სასწაულის თვალნათლივი შემოქმედი იყო ქართველი ფეხბურთელიც, რომელმაც უმაღლეს დონეზე ითამაშა მთელი მატჩი, მეტოქის კარში გამარჯვების გოლიც სწორედ მისი გადაცემის გაგრძელებით გავიდა.
...იმ დღეს მთელი საქართველო ხარობდა. გელა კეტაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში დიდებულად ითამაშა და თვით მრისხანე რომარიო არ გაანძრია. კეტაშვილი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგო.