„კაწროზე“ უკვე რამდენჯერ თქვეს, რომ „იქ ნახეს“, „აქ ნახეს“ და ახლა არაფერია გამორიცხული - შეიძლება ხვალ ვატო ყიფიანი გამოვიდეს და მეც „გამაგოროს“ - ძმები ფეიქრიშვილების დედა - კვირის პალიტრა

„კაწროზე“ უკვე რამდენჯერ თქვეს, რომ „იქ ნახეს“, „აქ ნახეს“ და ახლა არაფერია გამორიცხული - შეიძლება ხვალ ვატო ყიფიანი გამოვიდეს და მეც „გამაგოროს“ - ძმები ფეიქრიშვილების დედა

სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული! ამიტომ ყველაფერი ძალიან გამჭვირვალე უნდა იყოს, - ამის შესახებ კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმების - დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედამ, ნინო აბრამიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძეს თანამდებობიდან მოხსნა ცოტაა. როგორც ბრალდებულების დედა აცხადებს, ასევე მნიშვნელოვანია, თანამდებობა დატოვოს №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა, რამაზ ფირცხალავამ.

„რაც შეეხება [დავითის] ჯანმრთელობის მდგომარეობას, უკეთესობა არის, ტემპერატურა არ აქვს. როგორც მეუბნებიან, ყველაფერი სტაბილურად მიდის, რენტგენსაც უღებენ, ძირითადად ნეკნებზე აქვთ აქცენტი აღებული, რომ რაღაც არ გამოეპაროთ. წოლითი რეჟიმი აქვს, ტვინის შერყევა აქვს და დგომა არ შეიძლება. მალებიც არის დაზიანებული.

დღეს გავიგე პატარიძის შესახებ, მაგრამ პატარიძე ძალიან ცოტაა. ფირცხალავაც აუცილებლად უნდა იყოს თანამდებობიდან მოხსნილი, საქმე უნდა იყოს აღძრული პატარიძის, ფირცხალავას, ყიფიანის, მეორე ყიფიანის, ბილანიშვილის, კაჭარავას და გოცირიძეზე. მე არ ვიცი, შეიძლება არის კიდეც დაწყებული გამოძიება და ჩვენ არ ვიცით.

ასევეა ვიღაც ზაუტაშვილი, მეორე არის მარგველაშვილი გიჩო - არაფერს ამბობენ ამ პიროვნებებზე. ეს მთელი ჯაჭვია. ამას სჭირდება სერიოზული გამოძიება და ვინც მონაწილეა ყველა დაჭერილი უნდა იყოს.

ყიფიანი გამოდის და ამბობს, რომ არ არის დამნაშავე და მარტო ამიტომ არ უმძიმებენ მუხლს? მიკვირს. ეტყობა, ძალიან დიდი ფიგურაა ჩვენს სახელმწიფოში, ან ძალიან დიდი ინფორმაცია აქვს. მიკვირს, ვინ არის ასეთი დაინტერესებული, ვინ იცავს მაგას? ერთი ვერსია არის ის, რომ გიორგი პატარიძის შვილის ნათლია ყოფილა ვატო ყიფიანი და შესაძლოა, მანდედან მოდის მფარველობა.

სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული! ამიტომ ყველაფერი ძალიან გამჭვირვალე უნდა იყოს. როგორ შეიძლება მათზე გამოძიება არ დაიწყოს, როდესაც დაზარალებული პირდაპირ ადებს ხელს, კამერები გახსნან, შეიძლება არ იყო სათვალთვალო კამერა საკანში, მაგრამ დერეფნებში კამერები არის. სანამ ყიფიანი ციხეში მოხვდებოდა, ჩემი შვილები სხვა საკანში იყვნენ.

მალე დატოვებენ თუ არა ციხეს ვატო ყიფიანი, ბილანიშვილი და მეორე ყიფიანი, მე არაფერი არ გამიკვირდება. „კაწროზე“ უკვე რამდენჯერ თქვეს, რომ „იქ ნახეს“, „აქ ნახეს“ და ახლა არაფერია გამორიცხული, შეიძლება ხვალ ყიფიანი გამოვიდეს და მეც „გამაგოროს“.

ედუარდ შევარდნაძის დროს იყო, რომ ხალხს ფანჯრებიდან აგდებდნენ. ასეთი სახელმწიფო დანაშაული არასოდეს ყოფილა ბოლო წლებში და ბოლო მთავრობების დროს ჩადენილი. ამიტომ, თვითონ სახელმწიფო არ არის მზად ასეთი რამისთვის და ალბათ, ამ ფორსმაჟორში დალაგდებიან და იფიქრებენ, როგორ გასცენ მოსახლეობას პასუხი, იმიტომ, რომ არ გეგონოთ, მარტო ვარ“, - განაცხადა ნინო აბრამიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა