ვინ არის მოქალაქე, რომელსაც თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის გამო ქონებას ჩამოართმევენ?!
თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი სტადიონის მშენებლობის გამო, მოქალაქეს ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ეკონომიკის მინისტრის 13 ოქტომბრის ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.
კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, უმაღლესი დონის საფეხბურთო, სარაგბო, საკონცერტო და სხვა მასობრივი სახის ღონისძიებების მოსაწყობად თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე (ლუგარის კვლევით ცენტრსა და შავი ზღვის უნივერსიტეტს შორის), დაგეგმილია უეფას მეოთხე კატეგორიის 70 000-მაყურებლიანი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა.
პროექტის განხორციელების მიზნით საჭიროა პროექტის არეალში მოქცეული კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა.
თუმცა, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული თბილისში, შალვა ლოლაძის პირველ გასასვლელში №6-ში მდებარე 537 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე შენობის (მშენებარე, საერთო ფართი 588.40 კვ.მ), ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
შედეგად, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვადიმ რომანოვის საკუთრებაში არსებული ეს უძრავი ქონება ექსპროპრიაციას (იძულების წესით ჩამორთმევა) დაექვემდებარება.