გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოს თავზე სადაზვერვო ფრენა განახორციელეს - რას წერს გერმანიის საელჩო
"გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა ღია ცის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს თავზე სადაზვერვო ფრენა განახორციელეს", - ამის შესახებ გერმანიის საელჩო წერს.
"ეს მისია გერმანული A-319 OH სადაზვერვო თვითმფრინავით საფრანგეთთან, კანადასთან, იტალიასთან, ლატვიასთან და საქართველოსთან თანამშრომლობით განხორციელდა. თვითმფრინავის გამოყენება ასევე შესაძლებელია ღია ცის შესახებ ხელშეკრულების სხვა წევრი სახელმწიფოების მიერ სხვადასხვა მისიის შესრულებისას.
ხელშეკრულება ღია ცის შესახებ 32 წევრ სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, განახორციელონ შეუიარაღებელი სადაზვერვო ფრენები სხვა წევრი სახელმწიფოების მთელ ტერიტორიაზე. ბორტზე მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ყოველთვის იმყოფებიან შესაბამისი ქვეყნის წარმომადგენლები და მრავალეროვნული საინსპექციო ჯგუფი. ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფს მშვიდობას და თავიდან იცილებს გაუგებრობებს", - წერს საელჩო.