"რესტორანში ჩხუბი დადგმული იყო..." - რას ამბობს ძმები ფეიქრიშვილების დედა?! - კვირის პალიტრა

"რესტორანში ჩხუბი დადგმული იყო..." - რას ამბობს ძმები ფეიქრიშვილების დედა?!

პატიმარ დავით ფეიქრიშვილის დედის, ნინო აბრამიშვილის განცხადებით, მის შვილს წუხელ, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლები 6 საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აბრამიშვილი აცხადებს, მისმა შვილმა წინა ჯერზეც, როდესაც მასთან იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის გამომძიებლები იყვნენ შესულები, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

აბრამიშვილის განმარტებით, მას მოლოდინი აქვს, რომ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, იგივე „კაწროსა“ და დანარჩენ პირებს, „რომლებიც მისი შვილის მიმართ ძალადობაში მონაწილეობდნენ“, ახალ ბრალს წაუყენებენ. ფეიქრიშვილების დედის თქმით, საქმემ ისეთი რეზონანსული სახე მიიღო, ამას ვეღარ „ჩაფარცხავენ“.

მისივე განმარტებით, პირი, რომელსაც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები რესტორან „მაროში“ გაუსწორდნენ, მსჯავრდებულ გიჩო მარგველაშვილის ბიძაა, თავის მხრივ კი, მარგველაშვილი ყიფიანის მეგობარია. შესაბამისად, დედა ფიქრობს, რომ სცენარი დადგმული იყო იმის გამო, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ციხეში, მის შვილებთან შეეშვათ და მათ ფიზიკურად გასწორებოდნენ.

ამასთან, ფეიქრიშვილების დედა ეხმაურება პენიტენციური დაწესებულების დირექტორად რამაზ თათარაშვილის დანიშვნას და იმედს გამოთქვამს, რომ ძალადობის ფაქტი ციხეში აღარ განმეორდება. თუმცა, იქვე აფიქსირებს, რომ მისი მთავარი მოთხოვნა ახლა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის, რამაზ ფირცხალავას მოხსნაა.

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა ჟურნალისტებს დახმარებისთვის მადლობას უხდის. ის ასევე მადლობას უხდის კლინიკა „ვივამედს“ სამედიცინო დოკუმენტაციაში მისი შვილის დაზიანებების აღწერისთვის.

ცნობისთვის, დავით ფეიქრიშვილის განცხადებით, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მასზე ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა - ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა ფიზიკურად იძალადა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა