„ყველაზე ცუდ ხასიათს სახლში ვავლენთ - რაც უფრო ახლოს ხარ ადამიანთან, მით უფრო არაიდეალური ხარ“ - ნათია ფანჯიკიძე ურთიერთობების კრიზისზე, გაუცხოებასა და სიყვარულის ყველაზე რთულ გამოცდებზე - კვირის პალიტრა

„ყველაზე ცუდ ხასიათს სახლში ვავლენთ - რაც უფრო ახლოს ხარ ადამიანთან, მით უფრო არაიდეალური ხარ“ - ნათია ფანჯიკიძე ურთიერთობების კრიზისზე, გაუცხოებასა და სიყვარულის ყველაზე რთულ გამოცდებზე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე “სალომე კასრაძის პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც ადამიანურ სიახლოვეზე, ურთიერთობების სირთულეებზე, ცოლ-ქმრულ კრიზისსა და იმ უხილავ პროცესებზე ისაუბრა, რომლებიც დროთა განმავლობაში ადამიანებს ერთმანეთისგან აშორებს. რატომ ვავლენთ ყველაზე ცუდ ხასიათს სწორედ მათთან, ვისთანაც თავს ყველაზე დაცულად ვგრძნობთ? რა განსაზღვრავს ხანგრძლივი ურთიერთობის სიმტკიცეს და შესაძლებელია თუ არა, სიყვარულმა საშუალო ასაკის კრიზისს გაუძლოს? ნათია ფანჯიკიძე პირად საზღვრებზე, ადამიანურ გაუცხოებასა და იმ მტკივნეულ რეალობაზეც საუბრობს, როდესაც ერთ დროს ერთმანეთისთვის ძვირფასი ადამიანები საბოლოოდ უცხოები ხდებიან.

- რას ნიშნავს სინამდვილეში სხვა ადამიანთან სიახლოვე? - სიახლოვე შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს: მეგობრული, ოჯახის წევრებს შორის, ან თუნდაც, შორეულ ნაცნობთან ისეთი ურთიერთობა, როდესაც მის მიმართ მშობლიურ სიახლოვეს გრძნობ, თითქოს შენიანია და ერთი მასალისგან ხართ შექმნილნი. განსაკუთრებული სიახლოვე, ალბათ, ის არის, როდესაც ადამიანებთან საკუთარი ბუნებრივი სახით გამოჩენის არ გეშინია. როდესაც ბუნებრივი ხარ, შეიძლება იმ მომენტში შენი ყველაზე ცუდი მხარეც კი გამოავლინო, რადგან იქ, სადაც სისულელის თქმის არ გეშინია და იცი, რომ გაპატიებენ, სიტყვებს აღარ ფილტრავ, ყველაზე ახლობელ ადამიანებთან თავს უსაფრთხოდ გრძნობ და ემოციურად თავისუფლდები. მაგალითად, შეიძლება დედასთან ყველაზე ხშირად ვჩხუბობდი, რადგან არ მეშინოდა, რომ ამ ჩხუბის გამო მას დავკარგავდი. ამიტომ, შესაძლოა, ყველაზე ახლობელ ადამიანებს სულაც არ ვაჩვენებდეთ საკუთარ თავს საუკეთესო მხრიდან, მაგრამ უდიდესი ბედნიერება, ალბათ, სწორედ ის არის, რომ ერთმანეთს იმის თავისუფლება მივცეთ, იდეალურები არ ვიყოთ.

„იყავი ის, რაც ხარ“ და შეცდომები

ფრაზა „იყავი ის, რაც ხარ“ საკამათოა, რადგან ადამიანი არ არის ფიქსირებული ფორმა. ის იცვლება განვლილი გზის, მიღებული ჭრილობების, გადატანილი ტრავმებისა და ასაკობრივი ცვლილებების გავლენით...

რაც უფრო ახლოს ხარ ადამიანთან, მით უფრო არაიდეალური ხარ. თუ ახლო ურთიერთობა უსაფრთხოებას ნიშნავს, ამ უსაფრთხოების პირობებში ძალიან ბევრ შეცდომას უშვებ. რადგან არ გეშინია, ხან ცუდად იქცევი, ხან ჩხუბობ, ხანაც - უი, დაგავიწყდა! - ყველაფრის უფლებას აძლევ საკუთარ თავს. გაცილებით მეტის, ვიდრე მაშინ, როდესაც მოჭიმული ხარ და საკუთარ ქცევებს აკონტროლებ.

სტუმრად მისვლისას შვილებს ვეუბნებოდი ხოლმე: „ახლა “საგარეოდ“ მოიქეცით-მეთქი“. საგარეოდ რომ იქცევი, უკეთესი ხარ. საშინაოდ კი - “ფლოსტებივით“ რომ იქცევი - მაშინ ხარ საშინელება. ყველაზე ცუდ ხასიათს სახლში ვავლენთ. ყველაფრის უფლებას ვაძლევთ საკუთარ თავს.

პირადი საზღვრები

- როდესაც არ გინდა, ადამიანი შენთან ახლოს მიუშვა და პირადი საზღვრების დაცვას ცდილობ, ეს საკითხი ჩვენს საზოგადოებაში განსაკუთრებით აქტუალურია. ადამიანს შეიძლება ძალიან უჭირდეს უარის თქმა, სხვები კი ხშირად არღვევდნენ მის პირად საზღვრებს. ეს კულტურის საკითხიცაა. სამწუხაროდ, ამ მხრივ ჩვენთან კულტურის დაბალი დონეა - ადამიანები ისეთ რამეებს კადრულობენ, რომ... ზოგჯერ ფეხს გიბაკუნებენ, ან პირდაპირ სახეში გაფურთხებენ. შეიძლება ზედმეტი სიახლოვეც არსებობდეს: ის, რომ ვიღაცის ახლობელი ხარ, არ ნიშნავს, რომ მის პირად ტელეფონში უნდა იჩიჩქნო. ეს სიახლოვე არ არის - ეს დამპყრობლური ომია.

გაუცხოება

ადამიანის სექსუალობა ცხოველის სექსუალობისგან იმით განსხვავდება, რომ ადამიანს წარმოსახვის უნარი აქვს. შეიძლება, მრავალწლიანი ურთიერთობის მიუხედავად, ეროტიკული და რომანტიკული ცხოვრება შეინარჩუნო, ან, პირიქით, ახალგაზრდა წყვილს ურთიერთობა გაცილებით ადრე დაენგრეს. რა სევდიანია, როდესაც ადამიანები, რომლებიც ერთ დროს ერთმანეთისთვის ძვირფასები იყვნენ, თანდათან ცივდებიან, უცხოები ხდებიან და საბოლოოდ ერთმანეთისთვის იკარგებიან.

კრიზისი

- ის ცოლ-ქმრობა უძლებს ამ კრიზისებს, რომელსაც ძალიან ღრმა დასაყრდენები აქვს. ურთიერთობაში ცუდ გამოცდილებებთან ერთად - იმ პერიოდებთანაც კი, როდესაც ერთმანეთის დახოცვა გინდოდათ - ძალიან ძვირფასი გამოცდილებებიც გროვდება. სწორედ იმაში მოწმდება ურთიერთობის სიღრმე, თუ როგორ გადალახავ კრიზისს.

მაგრამ თუ ადამიანები ისე გაუცხოვდნენ, რომ ვეღარაფერი ახალი შექმნეს, ვეღარანაირი ახალი ინტერესი ვერ გაიჩინეს და მათ შორის საერთოდ აღარაფერი დარჩა ისეთი, რისი გახსენებაც ბედნიერს გახდიდათ, ეს ნიშნავს, რომ ურთიერთობა ვეღარ გადარჩა და თავისი თავი ამოწურა. და ესეც არ არის ტრაგედია.

ახალგაზრდა თაობა კრიზისს უფრო სწრაფად აღიქვამს და ამაზე საუბარიც ნაკლებად უჭირს. უფროსი თაობა კი დახმარებისთვის უფრო ღრმად გამწვავებული კრიზისის დროს მოდის.