ხუმრობა არ გეგონოთ - უკრაინული ღორის სალის უმნიშვნელოვანესი როლი ზამთარში რუსულ ობიექტებზე შეტევებისას
რუსეთ-უკრაინის უთანასწორო ომში უკრაინელები სამშობლოს დასაცავად და ამასთანავე აგრესორი რუსეთისთვის მტკივნეული საპასუხო დარტყმების მისაყენებლად ათასნაირ გამომგონებლობასა და სამხედრო ეშმაკობას მიმართავენ...
და ეს უკრაინული მეთოდიც, რომელიც თავიდან შეიძლება ხუმრობაც მოგეჩვენოთ, წარმატებით მუშაობს რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, რის გამოც ომის შემდეგ კიევში შეიძლება ძეგლიც კი დაუდგან...ღორის სალას...
ღორის სალა არის მაღალკალორიული, ცხიმოვანი პროდუქტი, რომელიც შეიცავს ვიტამინებს (A, E, D), არაქიდონის და ლინოლის მჟავებს, თუთიასა და სელენს. D ვიტამინის შემცველობით მეორე ადგილზეა ვირთევზას ღვიძლის შემდეგ.
ის ხელს უწყობს იმუნიტეტს, ძვლებისა და ჰორმონების მუშაობას, ფარისებრი ჯირკვლისა და ქოლესტერინის რეგულაციას.
განსაკუთრებით კი გემრიელია უკრაინული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღორის სალა, რითაც ეს ქვეყანა დამსახურებულად ამაყობს და სალას ამდენ კარგ თვისებას დაემატა კიდევ ერთი, წმინდა სამხედრო მნიშვნელობის...
გაყინულ სანგრეებში, კვირეების განმავლობაში ჩაყუჟული უკრაინის დამცველებისთვის ღორის სალა ისედაც კი წარმოადგენდა უმთავრეს გადამრჩენ საკვებს, როდესაც მოწინაარმდეგის კამიკაძე-დრონების ცაში მუდმივი „ბზუილის“ გამო ვერ ხერხდება წინა ხაზზე პროდუქტების მიწოდება, თუმცა უკრაინული ღორის სალის „შემწვარ“ გემოსა და სუნს უკვე აგრესორი რუსეთის ტერიტორიის დიდ სიღრმეშიც „სინჯავენ“...
საქმე ის არის, რომ დაახლოებით -20 °C და უფრო დაბალ ტემპერატურაზე მუშაობისას, დრონების მგრძნობიარე დეტალები, კამერის ლინზები და კაბელები იფარება ნამითა და იზოლირებადი ყინულის (იყინება) ფენით, რაც აფერხებს აპარატის მუშაობას და აჩქარებს ელემენტის დაჯდომას.
დრონის გაშვების წინ უკრაინელი ოპერატორები მის გარკვეულ ნაწილებს სალის თხელი ფენით პოხავენ. სალის ცხიმოვანი ფენა წარმოქმნის წყალგაუმტარ ბარიერს, რომელიც იცავს ზედაპირს ტენიანობისგან, ნესტისგან და მფრინავი აპარატის მოყინვისგან.
ცხიმი არ აძლევს ნესტსა და წყლის წვეთებს ზედაპირზე გაჩერების საშუალებას. შესაბამისად, როდესაც დრონი მიფრინავს, წყალი კორპუსიდან და პროპელერებიდან მანამ ცვივა, სანამ ყინულად გადაიქცევა.ცხოველური ცხიმი წარმოადგენს ბუნებრივ დიელექტრიკს (არ ატარებს დენს). ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისას (მაგალითად, თბილი ბლინდაჟიდან -20 °C ყინვაში გასვლისას) დრონის შიდა დეტალებზე ჩნდება ორთქლი და ნამი. სალას თხელი ფენა ღია კონტაქტებს ამ ტენისგან და მოკლე ჩართვისგან იცავს.
ფრენის დროს ყინულის თხელი ფენის დაჯდომა პროპელერის ლაპოტებზე (ფრთებზე) ცვლის აპარატის აეროდინამიკას, რაც ზრდის ძრავებზე დატვირთვას და მომენტალურად სვამს ელემენტს. სალა ამცირებს ყინულის კრისტალების მიკვრას მოძრავ ნაწილებზე.
უკრაინული თავდაცვის კომპანია Fire Point უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) კაბელებისა და კამერების გაყინვისა და მოყინვისგან დასაცავად ჩვეულებრივ ღორის სალას იყენებს.
კომპანიამ ეს უჩვეულო საინჟინრო გადაწყვეტა 2026 წლის ოქტომბერში გაასაჯაროვა.კომპანიის მთავარმა კონსტრუქტორმა, დენის შტილერმანმა და ოპერატორებმა დონეცკის ოლქიდან (სლავიანსკის მიმართულებით) დაადასტურეს, რომ ეს მეთოდი რეალურ საბრძოლო პირობებში წარმატებით მუშაობს.
კომპანია Fire Point აწარმოებს ისეთ მაღალტექნოლოგიურ იარაღს, როგორიცაა შორი მოქმედების დამრტყმელი დრონები (FP-1, FP-2), რომლებიც ყოველღამე ასობით უტევენ აგრესორი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, სწორედ ამიტომ, მათ მიერ ასეთი მარტივი ხალხური მეთოდის აღიარებამ სამხედრო და ტექნოლოგიურ წრეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
თუმცა, ღორის სალით დრონების მექანიზმების შეპოხვას თავისი უარყოფითი მხარეებიც შეიძლება ჰქონდეს-ის ვერ ცვლის სრულფასოვან თერმოიზოლაციას, მისი დამცავი თვისებები დროში შეზღუდულია, დრონის ძრავის ან სხვა ნაწილების გაცხელებისას, ცხიმი შესაძლოა დადნეს და შიდა ელექტრონიკაში ჩავიდეს.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ერთჯერადი გამოყენების კამიკაძე-დრონების მექანიზმების გაყინვისგან დაცვა ღორის სალის წასმით, მართლაც რომ ძალიან იაფ და პრაქტიკულ საშუალებას წარმოადგენს უკრაინული დრონების მარალი საბრძოლო მზადყოფნის შესანარუნებლად...
ისე კი, ღორის სალის შოვნა თავისი დრონებისთვის, არც რუს ოკუპანტებს გაუჭირდებათ...
P.S. ომებში, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებისთვის ღორის ცხიმის გამოყენებასთან დაკავშირებით ასეთი საინტერესო ისტორიაც მოიძებნება...
ტყვიებზე ან ვაზნებზე ღორის ქონის (ცხიმის) წასმა ისტორიაში ცნობილია, როგორც 1857 წლის ინდოეთის აჯანყების (სიპაების აჯანყების) ერთ-ერთი მთავარი და უშუალო გამომწვევი მიზეზი.
იმ პერიოდში ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანიამ შეიარაღებაში შემოიღო ახალი „ენფილდის“ (Pattern 1853 Enfield) თოფები. ამ იარაღის ქაღალდის ვაზნები და ტყვიები დაცული და შეზეთილი უნდა ყოფილიყო ტენიანობისგან, რისთვისაც სპეციალურ ცხიმს იყენებდნენ.
გავრცელდა ხმა (რომელიც მოგვიანებით ნაწილობრივ დადასტურდა), რომ ვაზნების შესაზეთად ღორისა და ძროხის ცხიმის ნაზავს იყენებდნენ. ვინაიდან ჯარისკაცებს (სიპაებს) ვაზნის გახსნა კბილებით უწევდათ, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა მათ რელიგიურ მრწამსს: მუსლიმებისთვის ღორი უწმინდური ცხოველია, ხოლო ინდუსებისთვის ძროხა წმინდაა.
ამ ფაქტმა გამოიწვია მასშტაბური სამხედრო აჯანყება ბრიტანეთის კოლონიური მმართველობის წინააღმდეგ.
თანამედროვე პერიოდში, ტყვიებზე ღორის ქონის წასმის თემა ზოგჯერ ფიგურირებს ფსიქოლოგიური ომის კონტექსტში ან ურბანულ ლეგენდებში (მაგალითად, რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლაში მითიური „შეჩერების“ ეფექტის მისაღწევად), თუმცა რეალურ სამხედრო პრაქტიკაში ამას არანაირი ბალისტიკური ან ტექნიკური უპირატესობა არ გააჩნია და იარაღის თანამედროვე მოვლისთვის სპეციალური სინთეტიკური ზეთები გამოიყენება.