"სამედიცინოზე სწავლობდა, სხვებზე ზრუნვა და ადამიანების დახმარება მისი გულწრფელი სურვილი იყო...გაშველების დროს დაუნდობლად გაწირეს " - რას ჰყვება ძმის ქორწილში მოკლულ 25 წლის ახალგაზრდაზე ახლობელი? - კვირის პალიტრა

"სამედიცინოზე სწავლობდა, სხვებზე ზრუნვა და ადამიანების დახმარება მისი გულწრფელი სურვილი იყო...გაშველების დროს დაუნდობლად გაწირეს " - რას ჰყვება ძმის ქორწილში მოკლულ 25 წლის ახალგაზრდაზე ახლობელი?

უმძიმესი დანაშაული, რომლის დეტალებსაც ახლა სამართალდამცავები არკვევენ, გუშინ, 26 ოქტომბერს თბილისში, რესტორან "ლისი მერესთან" ახლოს მოხდა. 25 წლის ახალგაზრდა ბიჭი, გურამ (გური) ბოიკო საკუთარი ძმის ქორწილში მოკლეს. როგორც ბიჭის ახლობელი ამბობს, კონფლიქტი ქორწილში დაიწყო, თუმცა მოჩხუბრები გარეთ გავიდნენ და გური მოჩხუბრების გაშველებას ცდილობდა. სწორედ ამ დროს ის დანით დაჭრეს.

“მოკლეს უკარგესი ბიჭი. საოცრად კარგი ადამიანი იყო გური. შოკში ვარ და იმის გააზრება მიჭირს, რომ ის ჩვენს გვერდით არ იქნება. ეს თავზარდამცემი ამბავი ძმის ქორწილში მოხდა. ჩხუბი დაწყებულა, მაგრამ ძმის ქორწილი იყო და გურის არ უნდოდა ეტყობა იქ ჩხუბი მომხდარიყო და ამბობენ, აშველებდაო. ამ დროს მოკლეს. მკვლელის ვინაობა არ ვიცით. მიმდინარებს გამოძიება და დაადგენენ მკვლელს. როგორ გაიმეტა სასიკვდილოდ. სიტყვები არ მაქვს”,- ამბობს ახლობელი ჩვენთან საუბარში.

სოციალურ ქსელში ტკივილით სავსე სტატუსებით ეხმაურებიან მომხდარს:

“ჩემო ლულუ, როგორ უნდა დავიჯერო, რომ შენს ხმას ვეღარასდროს გავიგონებ. ისეთი ნათელი, ისეთი სიცოცხლით სავსე იყავი, ყველას გულში სითბოს ტოვებდი. შენთან ერთად ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი წლებიც ცოცხლობდა.…ახლა კი მხოლოდ მოგონებები დამრჩა. ძალიან ადრე წახვედი, ჩემო ბიჭო”, - წერს ნათესავი გვანცა ბუჯიაშვილი სოციალურ ქსელში.

ჩვენ გვანცას დავუკავშირდით და ვთხოვეთ ესაუბრა მოკლულ ახალგაზრდაზე:

„გურისნაირი ადამიანები იშვიათად იბადებიან. მათში იმდენი სითბო, სიკეთე და სიცოცხლეა, რომ ყველას გულში განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ. გური სწორედ ასეთი იყო, ნამდვილი მზე ბიჭი, რომლის ღიმილიც, სითბოც და დადებითი ენერგიაც ყველას ამახსოვრდებოდა. სადაც გური იყო, იქ ვერ მოიყენდი. მუდამ ცდილობდა გაეხალისებინა გარემო, გაეღიმებინა ადამიანები. სამედიცინოზე სწავლობდა, რადგან სხვებზე ზრუნვა და ადამიანების დახმარება მისი გულწრფელი სურვილი იყო. ჰყავდა დიდი სამეგობრო წრე და უყვარდა ყველას, ვინც კი ოდნავ მაინც იცნობდა. ყურადღებიანი, ზრდილობიანი, მშვიდი და უკონფლიქტო, ისეთი ადამიანი იყო, რომლის გვერდითაც თავს ყოველთვის კარგად გრძნობდი. იმდენად დიდი გული ჰქონდა, ყველას სიყვარულს იტევდა. ჩვენ ბავშვობა და ზრდასრულობის წლები ერთად გავატარეთ. იმდენი მოგონება, სიცილი და დაუვიწყარი დღე გვაკავშირებს, რომ ახლა ამ ყველაფრის გახსენებაც ერთდროულად მათბობს და გულს მტკენს. ჩემთვის ისევ ის გურია, ბავშვობის დღეებში ჩემს გვერდით რომ იყო. როგორ მტკივა, იმ წლებზე, რომლებიც ერთად გავიზიარეთ, ახლა მხოლოდ მოგონებებით საუბარი... ზოგი ადამიანი ამ სამყაროში ისე მოდის, რომ სხვების ცხოვრებას სინათლით ავსებს. გური სწორედ ასეთი იყო ნათელი, თბილი, გულწრფელი და დაუვიწყარი. გური შენს ასაკს, შენს ოცნებებსა და შენში ჩატეულ სიცოცხლეს კიდევ რამდენი ლამაზი დღე ეკუთვნოდა. გური არ იყო დაოჯახებული. მე მისი ნათესავი ვარ. მაგრამ რომ იტყვიან, ძმაზე ახლოს ვიყავითო, აი ასეთი ურთიერთობა გვქონდა. მთელი ცხოვრება ერთად ვიყავით, ზუსტად ის ანთებული გული ჩაუქრეს ჩვენს ბიჭს, რომლითაც ყველა უყვარდა... “ - ასე ემოციურად საუბრობს მოკლულ ახალგაზრდაზე ნათესავი გვანცა ბუჯიაშვილი და ჩვენს კითხვაზე, იცის თუ არა ოჯახმა მკვლელის ვინაობა, ამბობს:

”ოჯახისთვის უცნობია მკვლელის ვინაობა. გური აშველებდა და ამ გაშველების დროს ისე, რომ ვერც გაიგო დაუნდობლად გაწირეს. დანით დაჭრეს გულში. დანა ამოღებულია, ექსპერტიზა ტარდება და დამნაშავეს ალბათ მალე დააკავებენ. საავადმყოფოში გარდაიცვალა, მაგრამ ადგილზე უკვე პულსი რთულად ესინჯებოდა. ძალიან დიდი ტკივილია. სიტყვები არ მაქვს, ისე განვიცდი. ორი ძმები იყვნენ, გური უფროსი იყო, მისმა უმცროსმა ძმამ მოიყვანა ცოლი და ბედნიერების დღე ასე დასრულდა. ქორწილი უკვე დასრულებული იყო ეს ტრაგედია რომ დატრიალდა. გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს. კახეთშიც აქვს სახლი, სადაც ძალიან უყვარდა ყოფნა. ყველა ადამიანი ჭირისუფალია დღეს, ვინც გურის იცნობდა”,- ამბობს გვანცა.

არსებული ინფორმაციით დამნაშავის დაკავებას სამართალდამცავები ცდილობენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თეა ხურცილავა

(სპეციალურად საიტისთვის)