"ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე საშიში პროცესი მიმდინარეობს": რა მოხდება, თუ ოპოზიციური პარტიები აიკრძალა?! - კორნელი კაკაჩიას ანალიზი - კვირის პალიტრა

"ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე საშიში პროცესი მიმდინარეობს": რა მოხდება, თუ ოპოზიციური პარტიები აიკრძალა?! - კორნელი კაკაჩიას ანალიზი

საქართველოში მმართველი პარტია ოპონენტი პარტიების აკრძალვას ცდილობს. რა პოლიტიკური შედეგები ექნება სახელმწიფოსთვის ოპოზიციის აკრძალვას, ამ თემაზე გვესაუბრება პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია.

- ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე საშიში პროცესი მიმდინარეობს, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მხოლოდ საშინაო პოლიტიკის საკითხი არ არის. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, სტაბილურობასა და დასავლელ პარტნიორებთან ურთიე­რთობაზე.

ამიტომ უმნიშვ­ნელოვანესია, ხელისუფლებამ კარგად გაიაზროს, თუ რა რისკებს შეიცავს მსგავსი გადაწყვეტილება. ქვეყნები ასეთ ნაბიჯს მხოლოდ მაშინ დგამენ, როდესაც დემოკრატიასა და ეროვნულ სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება (მაგალითად, ნაცისტური ან კომუნისტური პარტი­ების აკრძალვა ისტორიულად). ეს, ფაქტობრივად, ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. რატომ არის ეს ნაბიჯი ცუდი? უპირველესად იმიტომ, რომ პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვა პირდაპირ აისახება მოქალაქეებზე. დემოკრატია გულისხმობს ხალხის უფლებას, აირჩიოს მთავრობა ან მისი ალტერნატივა და მშვიდობიანად მოითხოვოს პოლიტიკური კურსის შეცვლა. მნიშვნელოვანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვით ამომრჩეველთა იმ დიდ ნაწილს, რომელმაც მათ ხმა მისცა, პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობა ეზღუდება. მმართველი გუნდის არგუმენტი, თითქოს ოპოზიციის ნაწილს ჯერ არ აკრძალავენ და მათ გაძლიერებას დაელოდებიან, პოლიტიკური ისტორიისთვის უპრეცედენტო და ალოგიკურია...

მეორეც, მსგავსი გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსტიტუტების სანდოობას ამცირებს და ისედაც მწვავე პოლარიზაციას უფრო აღრმავებს. ბოლო არჩევნებში ოპოზიციას ამომრჩეველთა ნახევარმა და თბილისის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მათ მხარდამჭერებს არ გააქრობს. პირიქით, საზოგადოებრივი უკმაყოფილება სახელმწიფოსგან გაუცხოებას გაზრდის, პოლიტიკურ დაპირისპირებას გაამწვავებს და რადიკალიზაციას შეუწყობს ხელს, რადგან გაჩნდება განცდა, რომ დემოკრატიული არჩევნებით ცვლილებები შეუძლებელია. შედეგად, პოლიტიკური კრიზისების მშვიდობიანი მართვა გაცილებით რთული გახდება, მუდმივ კრიზისულ რეჟიმში სახელმწიფოს მართვა კი საკმაოდ რისკიანია. პარტიების აკრძალვით პოლიტიკური სივრცე არ გაჯანსაღდება.

მესამე პრობლემა საგარეო პოლიტიკას უკავშირდება. ეს კიდევ უფრო გაართულებს საქართველოს ისედაც შეჩერებულ ევროინტეგრაციას. ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინებით, მსგავსი ნაბიჯები ხელისუფლების სანდოობას ამცირებს და კიდევ უფრო დაბალ ნიშნულამდე დასწევს ურთიერთობებს ევროატლანტიკურ პარტნიორებთან, მათ შორის აშშ-სთან. საგარეო პოლიტიკური არჩევანის შევიწროება გამოიწვევს დასავლეთიდან დიპლომატიური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის ოკუპაციის საკითხებში მხარდაჭერის კლებას...

რაც შეეხება მოლოდინს, რომ ამ ნაბი­ჯით "ქართული ოცნება" რუსეთს ასიამოვნებს და სანაცვლოდ ტერიტორიულ დათმობებს მიიღებს, მიამიტური და ფუჭი ილუზიაა. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ რუსეთისგან დე ფაქტო ანექსიის გაძლიერებას ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. რუსეთის საამებლად გადადგმული ნაბიჯებით ქვეყანა მხოლოდ იზოლაციაში აღმოჩნდება. გახლეჩილი საზოგადოების პირობებში კი სახელმწიფოს მდგრა­დობა უკიდურესად დასუსტდება, რაც ისევ რუსეთის საქმეს გაამარტივებს.

და ბოლოს, თუ სხვა ქვეყნების, მაგალითად, ლათინური ამერიკის გამოცდილებას გადავხედავთ, ასეთ გადაწყვეტილებებს ხშირად ბუმერანგის ეფექტი აქვს - ის შეიძლება თავად მის მიმღებს დაუბრუნდეს უკან, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საზოგადოებას მის მიზანშეწონილობაში ეჭვი ეპარება. ასეთი ნაბიჯი საქართველოში საფუძველს ჩაუყრის ახალი ტიპის უკვე ლეგალიზებულ პოლიტიკურ ვენდეტას. თუ აქამდე პოლიტიკური ანგარიშსწორება არაფორმალური იყო, ახლა ეს დაკანონდება, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი მომავალი ხელისუფლება იმავეს გააკეთებს. ეს უმძიმესი დარტყმაა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე.

- ნეგატიური შედეგები გასაგებია, მაგრამ რა სარგებელი ექნება "ოცნებისთვის"?

- მოკლევადიან პერსპექტივაში ხელისუფლება პოლიტიკური ველის გასუფთავებას გეგმავს, თუმცა გრძელვადიანად ეს გადაწყვეტილება მათ ბუმერანგივით დაუბრუნდებათ. თუ ხალხი ირწმუნებს, რომ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია, ქვეყანაში რადიკალიზაცია გაძლიერდება. ჩვენ ისედაც გამოუცხადებელი სამოქალაქო ომისა და მწვავე დაპირისპირების პირობებში ვცხოვრობთ, მსგავსი ნაბიჯები კი სიძულვილსა და პოლარიზაციას უკიდურესად გააღრმავებს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ეს პროცესი სერიოზულად ასუსტებს ეროვნულ ერთიანობას. გახლეჩილი ქვეყანა იდეალური სცენარია რუსეთისა და სხვა არაკეთილმოსურნეებისთვის, რადგან ასეთი სახელმწიფოს დაჩოქება ძალიან მარტივია. შესაბამისად, პოლიტიკა "გარეთ მშვიდობა, შიგნით ომი" პირდაპირ ანგრევს სამოქალაქო მედეგობას, არყევს ქვეყნის სტაბილურობასა და ეროვნულ სუვერენიტეტს.

- შესაძლებელია ეს რუსეთის მუქარით კეთდებოდეს? ანუ ხელისუფლებაზე ან პირადად ივანიშვილზე იყოს ზეწოლა, რომ მისთვის სასარგებლო ნაბიჯები გადადგას?

- კონსპირაციულ თეორიებს არ მოვყვები. ჩვენთვის უცნობია, რა ურთიერთობა ჰქონდა წარსულში ან რა კავშირები აქვს დღეს ბიძინა ივანიშვილს რუსეთის ხელისუფლებასთან. ასევე გაურკვეველია მისი პოლიტიკური გათვლები - ომის ფონზე მანევრირებს თუ რუსეთიდან საგარეო კურსის შესაცვლელად კონკრეტული სიგნალები აქვს მიღებული. თუმცა ერთი რამ ცხადია - თუ "ქართული ოცნება" ერთპარტიულ მმართველობას დააკანონებს, დიდია ალბათობა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის განმამტკიცებელი საკონსტიტუციო ჩანაწერებიც შეიცვალოს. ფაქტია, "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობაზე და პრაქტიკულად, ევრაზიული მოდელისკენ მიდის. შესაძლოა მიზანიც სწორედ ევროპულ ღირებულებებზე - კანონის უზენაესობაზე, მთავრობის ანგარიშვალდებულებასა და არჩევნებით ხელისუფლების ცვლილებაზე უარის თქმაა. ამის ნაცვლად, ვემსგავსებით ჩვენს პოსტსაბჭოთა, ავტორიტარულ მეზობლებს - რუსეთს, აზერბაიჯანს თუ ცენტრალური აზიის ქვეყნებს, რომლებთანაც ბოლო დროს იდეოლოგიური მსგავსება უფრო გაიზარდა. მერე კი წუწუნებენ, რატომ გვადარებენ რუსეთს და ჩვენს ინიციატივებს "რუსულ კანონს" რატომ ეძახიანო. მათი რიტორიკა და საზოგადოებასთან შეუთანხმებელი ნაბიჯები ხშირად ერთი-ერთში ემთხვევა რუსულ პრაქტიკას.

- მაინცდამაინც ახლა რატომ მოინდომეს ეს? ოპოზიცია ხომ ისედაც ვერანაირ საფრთხეს ვერ უქმნის "ოცნებას"?

- ბოლო პერიოდში მათ ვერ შეძლეს მომავალი არჩევნებისთვის საზოგადოებისთვის რაიმე მნიშვნელოვანის შეთავაზება - ვერც სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება და ვერც ემიგრაციიდან მოსახლეობის დაბრუნება. პირიქით, ხალხი ქვეყნიდან მიდის. ბოლოს გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკაც ნათლად აჩვენებს, რომ უამრავი ახალგაზრდა ტოვებს ქვეყანას. ეს პროცესი არ შეჩერ­დება, რადგან ახალგაზრდები ავტორიტარულ ქვეყანაში არ იცხოვრებენ. როგორ წარმოუდგენიათ, თუ ახალგაზრდები და, ზოგადად, ხალხი აქ არ დარჩება, ვინ იმუშავებს და ვინ გადაიხდის გადასახადებს?

წაიკითხე ვრცლად