კიევში შუქშენიღბვის დაბრუნებას მოითხოვენ ახალი რუსული "გერანების" ზუსტის შეტევებისგან დასაცავად... - კვირის პალიტრა

კიევში შუქშენიღბვის დაბრუნებას მოითხოვენ ახალი რუსული "გერანების" ზუსტის შეტევებისგან დასაცავად...

მეორე მსოფლიო ომის კინოქრონიკებში ბევრჯერ გვინახავს,როდესაც ღამით მთელი ქალაქები იყო ჩაბნელებული,რათა მტრის ბომბდამშენების ეკიპაჟებს ვერ ამოეცნოთ სამიზნე და ბომბებიც ზუსტად არ ჩამოეყარათ...

მაგრამ,თანამედროვე ომების და პირველ რიგში კი რუსეთ-უკრაინის ომის ვიდეოკადრებში, პირიქით მოჩანს-უკრაინის დედაქალაქი კიევი გაბრდღვიალებულია, როდესაც მის საცხოვრებელ კორპუსებს რუსული ისკანდერები“ და "გერანები" ეცემიან და ფეთქდებიან...

რატომ ხდება ასე და რატომ არ იცავენ შუქშენიღბვის წესებს კიეველები ან თუნდაც იმ რუსული ქალაქების მაცხოვრებლები,რომლებსაც საპასუხო დარტყმებს უკვე უკრაინული კამიკაძე-დრონები აყენებენ?

ომის საწყის ეტაპზე,როდესაც კიევს,ხარკოვსა თუ ოდესას რუსული საფრონტო ბომბდამშენები ჰორიზონტალური ფრენის დროს უმართავ საავიაციო ბომბებს აყრიდნენ,შუქშენიღბვის წესების დაცვას უკრაინის საჰაერო თავდაცვა მართლაც მკაცრად მოითხოვდა მოსახლეობისგან,რათა რუს პილოტებს არ გაადვილებოდათ მიზნების ვიზუალურად აღმოჩენა ღამის პერიოდში.

თუმცა,მას შემდეგ,რაც რუსულმა საბრძოლო ავიაციამ უკრაინის ცაში სერიოზული დანაკარგი განიცადა,რუსი სამხედრო მფრინავები ვეღარ ბედავენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოქმედების ზონაში შესვლას,ხოლო უკრაინის ქალაქების დაბომბვა კი იმ რუსულმა კვაზიბალისტიკურმა „ისკანდერებმა“,ფრთოსანმა „კალიბრებმა“ და „შაჰიდის/გერანის“ კამიკაძე-დრონებმა გააგრძელეს,რომელთა მიზანზე გასვლა დამიზნების ინერციული სისტემებისა და თანამგზავრული პოზიციონირების „ჯი-პი-ეს“-ის მეოხებით ხდებოდა,რომელთათვისაც სულ ერთი იყო,დღე-ღამის რა დრო იდგა და ვერც ნისლი და წვიმა უშლიდათ ბევრად ხელს,რადგან მიზანში ზუსტად მოსახვედრად ისინი ოპტიკური დამიზნების სისტემებს არ იყენებდნენ და ამიტომაც სულ ერთი იყო უკრაინის ქალაქების ქუჩებში რამდენი ლამპიონი იქნებოდა გაჩახჩახებული.

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსულ რაკეტებსა და დრონებზე დამონტაჟებული „ჯი-პი-ეს“-ისა და „გლონასის“ თანამგზავრული ნავიგაციის სისტემების ჩახშობა/გაყალბება(სფუფინგი) მეტ-ნაკლები წარმატებით დაიწყო,რამაც თავისი შედეგი მოიტანა-რუსული „ისკანდერები“ და „გერანები“ მიზანს უკვე ათეული და ასეული მეტრითაც კი სცდებოდნენ...

საპასუხოდ კი რუსეთმა ისევ ოპტიკური სისტემებით,ვიზუალურად მიზანზე შეტევის პრინციპზე დაბრუნება გადაწყვიტა,რისთვისაც უკრაინას „გერანების“ ახალი მოდიფიკაციებით, რეაქტიულძრავიანი „გერან-4“-ებითა და „გერან-5“-ებით შეუტია,რომლებზეც „სუსანინია“ დამონტაჟებული...

„სუსანინი“ არის რუსული ავტონომიური ოპტიკური სანავიგაციო სისტემა, რომელსაც კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატები იყენებენ თანამგზავრული ნავიგაციისა (GPS/GLONASS) და ოპერატორთან კავშირის გარეშე ფრენისთვის.

სისტემის დასახელება უკავშირდება რუსი ივან სუსანინის ისტორიულ ფიგურას (რომელმაც მტრის ჯარს გზა-კვალი აუბნია), თუმცა ამ კონტექსტში მოწყობილობა, პირიქით, ორიენტაციის შენარჩუნებას ემსახურება.

სისტემა ეფუძნება რელიეფის ვიზუალურ ამოცნობას (მსგავსი პრინციპით მუშაობს ამერიკული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების TERCOM/DSMAC სისტემები).

დრონის მეხსიერებაში ფრენამდე იტვირთება მარშრუტის თანამგზავრული ან ლოკალური რუკები/სურათები.ფრენისას დრონზე დამონტაჟებული კამერა რეალურ დროში იღებს დედამიწის ზედაპირს,ხოლო ბორტკომპიუტერი კი ადარებს მიმდინარე კადრებს მეხსიერებაში არსებულ ფოტოებს. კომპიუტერი პოულობს კონტრასტულ ორიენტირებს (გზები, მდინარეები, შენობები), ადგენს ზუსტ მდებარეობას და აძლევს ბრძანებებს ფრენის კონტროლერს.

ვინაიდან სისტემა არ იყენებს GPS-ს ან რადიოსიგნალებს, მასზე ვერ მოქმედებს სიგნალის ჩამხშობი ან ყალბი კოორდინატების გადამცემი (spoofing) მოწყობილობები.

სისტემა ღამით ორიენტაციისთვის ხშირად იყენებს გზებისა და მაგისტრალების განათებას და სწორედ ამიტომაც, უკრაინაში განიხილავენ გზების ხელახალი დაბნელების (შუქშენიღბვის) ზომების შემოღებას, რათა „სუსანინის“ ოპტიკური სანავიგაციო სისტემებით აღჭურვილ ახალ რუსულ დრონებს ორიენტირება გაურთულდეთ და ზუსტად ვეღარ გავიდნენ სამიზნეზე.

აღსანიშნავია,რომ დაბალ სიმაღლეზე, მაღალი სიჩქარით ფრენისას ან რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში (ნისლი, თოვა) კამერების და ალგორითმების ეფექტურობა საგრძნობლად მცირდება და „სუსანინის“ სიზუსტეც მნიშვნელოვნად ეცემა,ამიტომაც ამ სისტემით აღჭურვილი რუსული რეაქტიული კამიკაძე-დრონები 300-500 მ-ზე დაბლა არ დაფრინავენ.

რეალურად, დრონები მარტო ოპტიკით არ დაფრინავენ. ისინი იყენებენ ინერციული ნავიგაციის სისტემას ძირითადი ფრენისთვის, ხოლო „სუსანინის“ მსგავს ოპტიკურ მოდულს - პერიოდული კორექტირებისთვის, რათა ინერციული ნავიგაციის ცდომილება გაასწორონ.

დასავლეთში ვიზუალური და ციფრული რელიეფის ამოცნობის

სისტემები ათწლეულებია არსებობს, თუმცა ადრე მათ მხოლოდ ძვირადღირებულ ფრთოსან რაკეტებში იყენებდნენ. დღეს კი, ტექნოლოგიების გაიაფების გამო, მათი ანალოგები იაფფასიან დრონებშიც კი ჩნდება.

ასეა თუ ისე, უკრაინის ქალაქებს ღამით მაინც მოუწევთ ჩაბნელება და არა მარტო რუსული "სუსანინისგან“ "დასამალად“- ზამთრის პერიოდის დადგომისთანავე აგრესორი რუსეთი მიზანმიმართულად ურტყამს ელექტროსადურებსა და ელექტროგამანაწილებელ ქვესადგურებს მთელი უკრაინის ჩასაბნელებლად...