“გადაღებების პროცესში ხუთ მშობიარობას დავესწარი... მაგრამ როცა საკუთარი შვილის დაბადების პროცესს უყურებ...“ - კახა კინწურაშვილი შვილებთან ურთიერთობის შესახებ
მსახიობ ანა ტყებუჩავას პოდკასტის, „მეხუთე ელემენტის“ სტუმარია კახა კინწურაშვილი. საუბარი, რომელიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კითხვით იწყება, თანდათან ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, წარსულზე, შვილებთან ურთიერთობებსა და იმ განცდებზე გადადის, რომელთა ზუსტად გადმოცემა სიტყვებით ყოველთვის მარტივი არ არის.
პასუხისმგებლობა
- როცა გაიგე, რომ მამა გახდებოდი, რა რეაქცია გქონდა? გეშინოდა? გაგიხარდა? ელოდი ამ ახალ გამოწვევას?
- იცი, რა? ზოგადად, ძალიან რთული გადაწყვეტილებაა ასეთი დიდი პასუხისმგებლობის აღება. მით უმეტეს, ახლა, ამ გადასახედიდან, პასუხისმგებლობას უფრო მეტად აცნობიერებ. თუმცა, თავიდან თითქოს ინტუიციით ხვდები, რომ ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან გექნება შეხება.
ეს არ არის უბრალოდ ვალდებულება, რომ შვილი გააჩინო. ეს ხომ დემოგრაფიაზე ზრუნვა არ არის? აქ საქმე ეხება ადამიანს - ცალკე სამყაროს, რომელიც იბადება და რომელსაც წინ ელოდება ბედნიერებაც, გულისტკივილიც, იმედგაცრუებაც. როცა ამ ყველაფერზე ფიქრობ, საკუთარ თავს ეკითხები: რამდენად გაქვს უფლება, გარდა იმისა, რომ ამის შესაძლებლობა გაქვს, ადამიანი მოავლინო ამ ქვეყანას? რამდენად შეგიძლია ამ პასუხისმგებლობის აღება? საკითხი ის კი არ არის, რამდენად მზად ხარ, არამედ ის, რამდენად მზად ხარ, იტვირთო ეს პასუხისმგებლობა. ბოლომდე მზად შვილის დაბადებას ვერასდროს შეხვდები, რადგან ეს არ არის რაღაც, რასაც წინასწარ შეისწავლი და სრულყოფილად დაეუფლები. ეს პროცესია, ძალიან დიდი პროცესია - სიცოცხლეა, ცხოვრებაა.

რაც შეეხება შვილებთან ურთიერთობას, ჩემთვის ეს, პასუხისმგებლობასთან ერთად, პიროვნული გაძლიერების პროცესიც აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას, უკეთესიც გამხადა. ზოგადად, უკეთესი ადამიანი გახდომა ასე მარტივად არ განისაზღვრება, მაგრამ ამ პროცესს რომ შევხედო, ნამდვილად უკეთესობისკენ შემცვალა. მეტი ძალა მომცა, რომ ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებს გავუმკლავდე და მათ შევხედო, როგორც გამოწვევებს, ზოგჯერ კი - როგორც ბედისწერას. ჩემი შვილები ჩემთვის ძალა არიან, ჩემი ხერხემალი.
პროფესია
“ამ პროფესიაში ბევრი შინაგანი ნიუანსია. გჭირდება გონებრივი, ფიზიკური და სხვა უნარები, ზოგჯერ თითქოს ზებუნებრივიც, იღბალიც და, რაც მთავარია, იღბლის შემდეგ მოცემული შანსის გამოყენების უნარი. პროფესია გასწავლის, როგორ გადარჩე, რადგან ხშირად უნდა დაეცე და ადგე. ამასთან, ძალიან სენსიტიური ხარ, თითქოს პატარა ბავშვივით, მაგრამ შემდეგ ხვდები, რომ ეს ყველაფერი შენს პიროვნებას აყალიბებს და გწრვრთნის. როცა ბრძოლა გიწევს, სწორედ მაშინ აცნობიერებ, რა უნარები შეგძინა ამ პროცესმა. მერე, რაღაც ასაკში, პრიორიტეტებიც იცვლება. შეიძლება, როცა ოცდაათი წლის გავხდი, ჯერ პროფესია იყო ჩემთვის მთავარი და შემდეგ შემოვიდა ოჯახი და ბავშვები.
შვილები გვაძლიერებენ. ისინი ძალიან ძლიერები არიან და ჩვენც უდიდეს ძალას გვაძლევენ. შვილებზე მიფიქრია ამ კუთხითაც, მაგრამ ეს პროფესიული ინტერესი არ ყოფილა. სამშობიაროში არ მივსულვარ იმისთვის, რომ დაკვირვება მეწარმოებინა. ეს უბრალოდ ჩემი მეუღლის თანადგომა და თანაგრძნობა იყო. ადამიანი ასეთ დიდ პროცესს გადის და ამ მნიშვნელოვან დღეს, ამ გადამწყვეტ მომენტში, მის გვერდით უნდა იყო.

სხვათა შორის, თავიდან არ უნდოდა, რომ დავესწრებოდი. ამის შესახებ მთელი ორსულობის განმავლობაში აღარ გვილაპარაკია, რადგან აღარ ვაწუხებდი ამ თემით. მაგრამ როცა დრო მოვიდა და შევედი, პრობლემა აღარ ჰქონია. ალბათ, თვითონაც მიხვდა, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო. ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო, როგორც პიროვნებისთვის და არა როგორც მსახიობისთვის. სხვათა შორის, პროფესიული თვალსაზრისით, როდესაც დეა კულუმბეგაშვილის ფილმზე, „აპრილზე“, ვმუშაობდით, გარკვეული პერიოდი ფაქტობრივად სამშობიაროში ვცხოვრობდით. მე, დეა და ია იქ ვიყავით, რადგან ამის შესაძლებლობა მოგვცეს. შესაბამისი მომზადებაც გავიარე და მშობიარობებს ვესწრებოდით.
სრულიად განსხვავებული პროცესია, როდესაც საკუთარი შვილის დაბადებას უყურებ. ამ დროს ძალიან სუბიექტური ხარ და ყველაფერს უფრო მისტიკურად აღიქვამ. სხვა შემთხვევაში კი, როცა ეს სხვა ადამიანს ეხება და შენ დამკვირვებელი ხარ, თანაც ამ გამოცდილებას პროფესიული მიზნებისთვის იყენებ, სხვაგვარად უყურებ პროცესს.
ერთ მხრივ, ადამიანურად ვნერვიულობდი კიდეც: რამდენად მქონდა უფლება, ჩემი პროფესიის გამო იქ ვყოფილიყავი? მაძლევდა თუ არა პროფესია იმის უფლებას, რომ სხვის მშობიარობას დავსწრებოდი? თინა რომ დაიბადა, კოვიდი იყო და არ დამასწრეს. მეორე შემთხვევაშიც ვერ მოვახერხე. მაგრამ გადაღებების პროცესში ხუთ მშობიარობას დავესწარი. ჩემი შვილის დაბადებისას ერთადერთი, რაც მაღელვებდა, ის იყო, ტექნიკურად როგორ წარიმართებოდა პროცესი. ვფიქრობდი, მთავარია, ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს.
მსგავსი განცდა მქონდა სხვების შემთხვევაშიც. თუმცა, როცა ამას პროფესიის ფარგლებში აკეთებ, პასუხისმგებლობა სხვაგვარია. როგორც ვახსენე, ყველაზე მეტად ის მაფიქრებდა, მქონდა თუ არა უფლება, იქ ვყოფილიყავი. თვითონ მშობიარობის პროცესზე ტექნიკური თვალსაზრისით განსაკუთრებულად არ ვნერვიულობდი.“
შვილები
“ეს საკუთარ თავზე დაკვირვების შედეგია - როგორც მამაზე და, ზოგადად, როგორც მშობელზე. როცა აკვირდები შენსა და შვილებს შორის ურთიერთობას, ხვდები, რომ შვილისთვის არასდროს არის საკმარისი ის, რაც მშობელმა გააკეთა.
პირველ რიგში, შვილმა თავიდან ბოლომდე არ იცის, რეალურად რა გააკეთა მშობელმა მისთვის. რაღაცას ხედავს, რაღაცას - არა. განსაკუთრებით მაშინ, როცა პატარაა, ვერ აცნობიერებს, რისი გადალახვა მოუწია მშობელს და რა სირთულეები გაიარა. ამიტომ არ ვიცი, როგორ უნდა შეაფასო, რამდენად კარგი მამა ან დედა ხარ. ეს პროცესია. მე ახლაც ვსწავლობ შვილებთან ურთიერთობას. რა თქმა უნდა, გარკვეული გამოცდილება მაქვს დაგროვილი, რაღაცები წამიკითხავს, მინახავს და საკუთარ თავზეც გამომიცდია. ამ ყველაფერს ერთად ვიყენებ, მაგრამ ერთია გამოცდილება და მეორე - ის, რომ ყოველი ადამიანი ცალკე ინდივიდია. შესაბამისად, რაღაცები ყველასთვის ერთნაირად არ მუშაობს. ურთიერთობაში ხშირად იმპროვიზაციაც გჭირდება.
მაგალითად, როცა შვილთან კამათი მომდის, ან რაღაც არ მომწონს, არ აქვს მნიშვნელობა, ხალხი გვიყურებს თუ არა. ამ საკითხზე მე და იოანესაც გვილაპარაკია და მე და თინასაც. მინდა, იცოდნენ, რომ ხალხის აზრის გამო ყველაფერს არ გავითვალისწინებ, რადგან ჩემთვის ისინი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არიან, ვიდრე ის, თუ რას იტყვიან სხვები. თუ მე და შენ რაღაცაზე ვკამათობთ და ეს ვიღაცისთვის უხერხული სანახავია, ამან არ უნდა შემაჩეროს. ჩემთვის შენი პიროვნებაა მნიშვნელოვანი. იმ მომენტში დაშვებულ შეცდომაზე მითითება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხალხის აზრი. სხვათა შორის, იოანეც და თინაც ასე იქცევიან. თუ რამე არ მოსწონთ, შეუძლიათ, ეს პირდაპირ, სხვების თანდასწრებითაც თქვან. ასე ბევრჯერ მოქცეულან და ჩვენს ურთიერთობაში ეს პრობლემა არ არის. პირიქით, მგონია, რომ ეს ჩვენს ურთიერთობას უფრო მეტ ძალას აძლევს.

აქ გარკვეული გავლენებიც არის, რადგან ბევრი რამ, ფაქტობრივად, გენეტიკურ დონეზეც კი გადაეცემა ადამიანს. მაგალითად, წარმოდგენა, რომ ბავშვს დედამ უნდა მოუაროს, მამამ კი - არა. ჩემთვის იოანესა და თინას დაბადებიდანვე მათი მოვლა ყოველდღიური ამბავი იყო. ჭიპის დამუშავება, დაბანა თუ სხვა აუცილებელი პროცედურები - ამ ყველაფერს ჩვეულებრივად ვაკეთებდი.
სიმართლე რომ გითხრა, ამაზე განსაკუთრებულად არც მიფიქრია. როცა ბავშვები დაიბადნენ და პირველად შევხედე, მათთან ურთიერთობა ბუნებრივად დაიწყო. მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს და ვცდილობ, გავითვალისწინო, რომ ერთია, რა ცოდნა და გამოცდილება გაქვს ცხოვრებაში, და მეორე - ის, თუ რა ხდება კონკრეტულად შენსა და შენს შვილს შორის.
ამიტომ წინასწარ ნასწავლ წესებს დიდად არ ვაქცევ ყურადღებას. ჩემთვის მთავარია, რეალურად რა ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან.“