რა ქონებას ფლობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე?!
94 404 დოლარისა და 8 479 ლარის შემოსავალი, უძრავი ქონება ქობულეთსა და თბილისში - ეს არის მცირე ინფორმაცია, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი წევრის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან.
ცნობისთვის, 17 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობას ორი ახალი წევრი - ზურაბ პატარაძე და ირაკლი კირცხალია შეემატნენ.
შეგახსენებთ, რომ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2026 წლის 28 აპრილს, მეორე ვადით დაინიშნა და დღემდე აღნიშნულ თანამდებობას იკავებს.
მანამდე, 2018 წლის 29 აგვისტოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა; ხოლო 2016 წლის ივლისიდან 2018 წლის ივლისამდე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ქონებას ფლობს და როგორია ზურაბ პატარაძის ფინანსური მდგომარეობა.
ზურაბ პატარაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის ივლისში წარადგინა.
დოკუმენტის თანახმად, პატარაძის საკუთრებაშია ქობულეთში მდებარე 90.2 კვ.მ. ფართობის ბინა, რომელიც მას მემკვიდრეობით აქვს მიღებული; ასევე მის სახელზეა რეგისტრირებული თბილისში მდებარე 158.77 კვ.მ. ფართობის ბინა, რომელიც 2008 წელს 280 000 ლარად აქვს შეძენილი.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში მას საბანკო ანგარიშებზე, ჯამში, 22 837 ლარი და 1 003 აშშ დოლარი, ხოლო ნაღდი ფულის სახით 3 500 აშშ დოლარის დანაზოგი ჰქონდა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მასვე 2025 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე 94 404 აშშ დოლარისა და 8 479 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
რაც შეეხება პატარაძის ოჯახის წევრებს, როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია მითითებული, მისი მეუღლე ფლობს 280 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს წავკისში, რომელიც 380 000 დოლარად აქვს შეძენილი 2023 წელს; ასევე მის საკუთრებაშია თბილისში მდებარე 119.05 კვ. მეტრი ფართობის ბინა, რომელიც 2025 წელს ჩუქებით აქვს მიღებული.
მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში ანგარიშებზე - 6876 მანათი; 155 ლარი; ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით 2500 დოლარის დანაზოგი ჰქონდა.