17 რუსულ აეროპორტს „ხალიჩა“ გადააფარეს: უკრაინელებმა რუსებს მუქარა აუსრულეს - როგორ აისახა ეს თბილისი-მოსკოვის ავიარეისებზე?! - კვირის პალიტრა

17 რუსულ აეროპორტს „ხალიჩა“ გადააფარეს: უკრაინელებმა რუსებს მუქარა აუსრულეს - როგორ აისახა ეს თბილისი-მოსკოვის ავიარეისებზე?!

17 რუსულ აეროპორტს „ხალიჩა“ გადააფარეს...

28-29 ოქტომბრის ღამეს რუსეთის ფედერაციის 17 აეროპორტში გეგმა Ковёр-ი გამოცხადდა და დროებით დაიკეტა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ასეულმა უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა მასიური საჰაერო შეტევები განახორციელა რუსეთის ტერიტორიის დიდ სიღრმეში.

გეგმა Ковёр-ი(„ხალიჩა“) არის რუსეთის ავიაციაში მოქმედი საგანგებო რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებს საჰაერო სივრცის მყისიერ და სრულ ჩაკეტვას ყველა სამოქალაქო თვითმფრინავისთვის კონკრეტულ ზონაში, გარდა სამაშველო და სამხედრო საჰაერო ხომალდებისა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ეს გეგმა რუსეთის ტერიტორიაზე ყოველდღიურობად იქცა უკრაინული დრონების სისტემატური თავდასხმების გამო.

სახელწოდება მომდინარეობს სამხედრო ტერმინოლოგიიდან და ნიშნავს, რომ საჰაერო სივრცე "იფარება" (როგორც ხალიჩა) საჰაერო თავდაცვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით. ამ დროს ცა სრულად თავისუფლდება სამოქალაქო ავიაციისგან, რათა სამხედროებს ჰქონდეთ მოქმედების სრული თავისუფლება საფრთხის გასანეიტრალებლად და გამოირიცხოს სამგზავრო ლაინერების შეცდომით ჩამოგდება.

29 ოქტომბრის დილისთვის კალუგისა და პერმის გარდა, დრონების საშიშროების გამო საჰაერო სივრცე და ადგილობრივი აეროპორტები დროებით ჩაიკეტა უდმურტეთში, ბაშკირეთში, კიროვისა და ორენბურგის ოლქებში,ასევე მოსკოვის ოთხივე საერთშორისო აეროპორტში.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დღიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან თავად კრემლის ბრძანებით დაიკეტა უკრაინის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ საზღვრის სიახლოვეს მდებარე 11 რუსული აეროპორტი (როსტოვი,კრასნოდარი,ანაპა,გელენჯიკი,ბელგოროდი,ბრიანსკი,კურსკი,ვორონეჟი,ლიპეცკი,ორიოლი,სიმფეროპოლი (ოკუპირებულ ყირიმში)), გამოდის, რომ რუსეთის ფედერაციის დასავლეთ და ცენტრალურ რაიონებში სამოქალაქო ავიაციის ფუნქციონირება დროებით, ფაქტობრივად სრულად პარალიზირებულია ანუ ხდება ის, სწორედ რითაც დაემუქრა კიევი მოსკოვს ორი თვის წინ...

თავად რუსეთის ოფიციალური ორგანოს-„როსავიაციის“ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, მარტო 2026 წლის პირველ რვა თვეში რუსეთის აეროპორტები დრონების საფრთხის გამო 2 860-ჯერ დაიხურა, რაც 4.5-ჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

ყველაზე კრიტიკული პერიოდი იყო 2026 წლის აგვისტო, როდესაც რუსულმა აეროპორტებმა 993 დროებითი დახურვა დააფიქსირეს (დღეში საშუალოდ 32 შემთხვევა).

პერიოდულად იკეტება რუსეთის 32 მსხვილი აეროპორტი. მათ შორისაა მოსკოვის საავიაციო კვანძის ოთხივე მთავარი აეროპორტი (შერემეტიევო, დომოდედოვო, ვნუკოვო და ჟუკოვსკი), სანქტ-პეტერბურგის პულკოვო, ასევე ყაზანის, სამარას, იაროსლავლისა და კალუგის აეროპორტები.

გეგმა „ხალიჩას“ ააქტიურებენ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ორგანოები ან საავიაციო უსაფრთხოების სამსახურები, როდესაც საჰაერო სივრცეში ფიქსირდება დაუდგენელი ობიექტი (დრონი, საჰაერო ბურთი ან რაკეტა) ან არსებობს თავდასხმის რეალური საფრთხე. რეჟიმის გამოცხადებისთანავე, მოცემულ ზონაში მყოფმა ყველა სამოქალაქო თვითმფრინავმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს საჰაერო სივრცე ან დაეშვას უახლოეს უსაფრთხო აეროდრომზე. აეროპორტები წყვეტენ თვითმფრინავების მიღებასა და გაფრენას. რეისები გადამისამართდება სათადარიგო აეროპორტებში (მაგალითად, მოსკოვის აეროპორტების ჩაკეტვისას რეისები ხშირად მიფრინავენ ნიჟნი ნოვგოროდში ან სანქტ-პეტერბურგში).

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ფრონტის ხაზიდან შორს არის, ის უკრაინული დრონების მთავარი პოლიტიკური და სტრატეგიული სამიზნეა. რადგან მოსკოვის თავზე საჰაერო მოძრაობა უკიდურესად ინტენსიურია, თუნდაც ერთი დრონის გამოჩენა მეზობელ ოლქებში (მაგალითად, კალუგაში ან ტულაში) მყისვე იწვევს გეგმა „ხალიჩის“ გააქტიურებას ერთ ან რამდენიმე მოსკოვურ აეროპორტშიც.

რუსული ავიაციისთვის გეგმა „ხალიჩა“ უზარმაზარი და დაუგეგმავი ფინანსური ტვირთია. ზარალი რამდენიმე ფაქტორისგან შედგება:

დამატებითი საწვავის ხარჯი: როდესაც თვითმფრინავი დანიშნულების აეროპორტის ჩაკეტვის გამო იძულებულია ჰაერში იფრინოს (მოცდის ზონაში) ან გადაფრინდეს სათადარიგო აეროდრომზე (მაგალითად, მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში ან ნიჟნი ნოვგოროდში), იხარჯება ტონობით ზედმეტი საწვავი. რუსული საავიაციო ექსპერტების შეფასებით, მსხვილი ლაინერისთვის (მაგალითად, Boeing 777 ან Airbus A330) რეისის გადამისამართება ავიაკომპანიას ყოველ ჯერზე ათი ათასობით დოლარი უჯდება.

ლოგისტიკური კოლაფსი და კომპენსაციები: სათადარიგო აეროპორტში დაფრენის შემდეგ ავიაკომპანია ვალდებულია მგზავრები უზრუნველყოს საკვებით, სასმელით, ხოლო ხანგრძლივი დაგვიანებისას — სასტუმროთი.

„დომინოს ეფექტი“ განრიგში: ერთი თვითმფრინავის დაგვიანება ნიშნავს, რომ ის დროულად ვერ შეასრულებს მომდევნო 3-4 რეისს, რაც იწვევს განრიგის მასობრივ ჩაშლას მთელ ქვეყანაში.

საერთო ჯამური ზარალი: რუსეთის საავიაციო სექტორის შიდა გათვლებით, მხოლოდ საწვავის დამატებითი ხარჯებისა და რეისების გადატანის გამო, წლიური ჯამური ზარალი ათეულობით მილიონ დოლარს (მილიარდობით რუბლს) აღწევს, რაც ისედაც სანქციების ქვეშ მყოფი რუსული ავიაკომპანიებისთვის (რომლებსაც სათადარიგო ნაწილების დეფიციტიც აქვთ) უმძიმესი დარტყმაა.

ეს ყველაფერი კი წარმოადგენს უკრაინის მხრიდან აგრესორ რუსეთში ომის დაბრუნების ერთ-ერთ ყველაზე „ჰუმანურ“ ხერხს...

გეგმა „ხალიჩა“ საქართველოდან რუსეთში და პირიქით შესრულებულ ავიარეისებს პირდაპირ და ძალიან ხშირად ეხება.

საქართველოდან მოსკოვის მიმართულებით ფრენების უდიდესი ნაწილი (როგორც ქართული Georgian Airways, ისე რუსული Azimuth-ის და Red Wings-ის რეისები) სრულდება მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში

.ვნუკოვო გეოგრაფიულად მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს — ზუსტად იმ მიმართულებაზე, საიდანაც უკრაინული დრონები ყველაზე ხშირად უახლოვდებიან დედაქალაქს.

ამის გამო, ვნუკოვოს აეროპორტი ერთ-ერთი პირველია, სადაც გეგმა „ხალიჩას“ ააქტიურებენ, რაც ავტომატურად იწვევს საქართველოდან გაფრენილი თვითმფრინავების ბლოკირებას.

მაგალითად, 21-22 სექტემბრის ღამეს Georgian Airways-ის თვითმფრინავი 200 მგზავრით თბილისიდან მოსკოვისკენ გაფრინდა, თუმცა დაფრენამდე სულ რაღაც ერთი საათით ადრე, ვნუკოვოში გამოცხადებული შეზღუდვების გამო, იძულებული გახდა უკან შემობრუნებულიყო და თბილისში დაშვებულიყო.

რადგან უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე რუსული საჰაერო სივრცე (დონის როსტოვი, კრასნოდარი) ომის დასაწყისიდანვე სრულად ჩაკეტილია, საქართველოდან მოსკოვში მფრენი ლაინერები იძულებულნი არიან შემოუარონ კასპიის ზღვისა და ვოლგოგრადის მხრიდან.

უკრაინამ არაერთხელ განაცხადა,რომ საომარ მდგომრეობაში მყოფი რუსეთის საჰაერო სივრცეში სამგზავრო რეისების შესრულება დიდ რისკთანაა დაკავშირებული და მოუწოდა სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანიებს თავი შეიკავონ რუსეთის აეროპორტებში რეისების შესრულებაზე,რომ არ განმეორდეს აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) Flight 8243 რეისის კატასტროფა, რომელიც მოხდა 2024 წლის 25 დეკემბერს. სამგზავრო ლაინერი Embraer E190, რომელიც ასრულებდა რეისს ბაქოდან გროზნოს (ჩეჩნეთი) მიმართულებით, შეცდომით ჩამოაგდო რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ,რადგან უკრაინულ დრონად „აღიქვა“...