მდინარე მტკვარზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მდინარე მტკვარზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება.
მისი თქმით, სამუშაოები შესრულდება ორ ლოკაციაზე: მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრადან“ შოთა შალიკაშვილის ხიდამდე არსებულ მონაკვეთში, ასევე, კოსმონავტების სანაპიროს 13ა-ს მიმდებარედ.
„მინდა, ერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას ეხება. სამუშაოების განხორციელების ძირითადი მიზანი მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლის გამაგრება და არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გაუმჯობესებაა. გასულ წელს გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოხდა ჯებირების ჩანგრევა, მდინარე მტკვარმა საფუძველი გამოაცალა სანაპირო ზოლს, შექმნა გარკვეული პრობლემები, ჩაიტანა ტროტუარი. ჩვენ ჩავატარეთ შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რათა აღნიშნულ მონაკვეთებზე გადაადგილება ყოფილიყო უსაფრთხო. დღესაც გვაქვს ასეთ პრობლემური ადგილები, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება და უსაფრთხოების თვალსაზრისით შესაბამისი ღონისძიებების გატარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ სამუშაოები ითვალისწინებს ორივე მონაკვეთში ხიმინჯოვანი რკინაბეტონის ნაპირსამაგრი კედლების მოწყობას. მისივე თქმით, ასევე განახლდება არსებული მოაჯირები და მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, გათვალისწინებულ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უახლოეს დღეებში დაიწყებს, სამუშაოების შესრულების ვადად კი ექვსი თვეა განსაზღვრული.
"ინტერპრესნიუსი"