“ზოგი ადამიანი მოხუცად იბადება... ჩემი ყველაზე დიდი ბრილიანტი თვითკმარობაა“ - მხატვარი ოლესია თავაძე ასაკზე, სილამაზესა და ცხოვრებაზე - კვირის პალიტრა

“ზოგი ადამიანი მოხუცად იბადება... ჩემი ყველაზე დიდი ბრილიანტი თვითკმარობაა“ - მხატვარი ოლესია თავაძე ასაკზე, სილამაზესა და ცხოვრებაზე

მხატვარი ოლესია თავაძე AT.ge-ის სტუმარი იყო, სადაც თავისუფლებასა და ცხოვრებისეულ ფილოსოფიაზე ისაუბრა.

ასაკი, სილამაზის საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტები, ქართული თვითმყოფადობა და სხვისი თვალით საკუთარი თავის დანახვა - ამ ყველაფერზე მისი მსჯელობა პირად გამოცდილებას, ირონიასა და ცხოვრებისეულ სიბრძნეს აერთიანებს.

images-2-1793268623.jpg

“დედით ოლესია ვარ, მამით - თავაძე. საქმიანობით მხატვარი ვარ, მწერლობასაც შევეჭიდე.

ჩემთვის ასეთი კანონი შევიმუშავე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვერ მივყვები: თუ რამე არ გაკმაყოფილებს, შენს თავს მოსთხოვე პასუხი - ეგ არის და ეგ. როგორც ჩემი ყველაზე დაუნდობელი კრიტიკოსი მეუბნება, ანუ ჩემი მეუღლე, იმედია, არ მიწყენს, ამას ხმამაღლა რომ ვამბობ - სენტიმენტალური ყოველთვის ვიყავი, ალბათ.

არტურ რუბინშტეინს აქვს ასეთი გამოთქმა: „როგორც გრძნობასა და სენტიმენტებს შორის არ არსებობს საზღვარი, საზღვრის გავლება შესაძლებელია, მაგრამ მისი გადაბიჯება - არა“.

ჩემს შემთხვევაში ყველა ასაკს თავისი მშვენიერება და თავისი მწველი სურვილები ჰქონდა. იმის გარკვევას კი, ღირდა თუ არა ესა თუ ის სურვილი, წლები სჭირდებოდა. დღეს ბევრ რამეზე შემიძლია საკუთარ თავს პასუხი გავცე - სწორედ სენტიმენტების გარეშე.

მე პირადად ასაკს, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეს, ძალიან პირობითად აღვიქვამ.

არ მიყვარს ჩემი ტკივილის, წუხილისა თუ უხასიათობის დემონსტრირება. რატომ უნდა ვაწყენინო იმას, ვისთვისაც წყენის მიყენება არ მინდა? რატომ უნდა გავახარო ის, ვისაც ჩემი ცუდად ყოფნა გაახარებს? ასაკი ჩემთვის პირობითი ცნებაა, იმიტომ, რომ, ჩემი აღქმით, ზოგი ადამიანი მოხუცად იბადება. სიმართლე გითხრათ, მნიშვნელოვანია ისიც, რა მიზეზით არ გააკეთე რაღაც. მიზეზის ხარისხსაც აქვს მნიშვნელობა - ღირს თუ არა, საერთოდ, ამაზე დაფიქრება.

თქვენ წარმოიდგინეთ, შეიძლება აბსურდულად ჟღერდეს, მაგრამ დღეს უკვე აღარ მაინტერესებს, კონკრეტულად რა მაღელვებდა, რა მინდოდა, რა მომწონდა და რა მიზიდავდა 16, 30 თუ 50 წლის ასაკში. მე მგონი, იმის ყველაზე დიდი გარანტია, რომ მდგრადი ხარ - გინდა სულიერად, გინდა ფიზიკურად - თვითკმარობაა ამ სიტყვის ძალიან ღრმა და სულიერი გაგებით.

2-1793268656.jpg

თუ ისეთი ვინმეს არ მოვწონვარ, როგორიც ვარ, ძალიან დიდი ბოდიში! თუ საკუთარ თავს ისეთად არ იღებ, როგორიც ხარ, და იმ სივრცეში, რომელშიც ცხოვრობ, მაინცდამაინც ეს იმპორტირებული ეტალონები გინდა, მოსვენებას ვერასდროს იპოვი. ცხოვრებაში ერთხელ შევედი სილამაზის სალონში, თმა შევიღებე და სახლში რომ მოვედი, სარკეში ჩავიხედე... უკან დავბრუნდი და იგივე თანხა გადავუხადე სტილისტს, ოღონდ ჩემი თმის ფერი დამიბრუნეთ-მეთქი.

მე საკუთარ თავს ისეთს ვიღებ, როგორიც ვარ.

აი, ეს არის ალბათ ჩემი ბრილიანტი, თუკი რამე გამაჩნია, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, მუზეუმებშიც კი არ შემხვედრია ასეთი დახვეწილი ეგზემპლარი. ერთხელ ხევსურეთიდან, სადღაც ბოსლიდან წამოღებული სამოსი მეცვა და ბაზარში რაღაცის საყიდლად შევედი. ჩვენმა ქართველმა კაცმა, აღარ მახსოვს, რას ყიდდა, ისე ვიყავი გაოგნებულმა მითხრა: „ქალო, ეგრე გაცივდებიო!“ და ხელი გამომიწოდა, თან ეს თავისი ჭუჭყიანი ხელი ჩემს კაბაზე ჩამოუსვა.

სხვის ჭკუაზე რომ დავდივართ... რატომღაც მაშინ იმ დახვეწილ ქართველ ქალს არ შეეფერებოდა, ასე რომ მეცვა.

ახლა კი, წლები რომ გავიდა, რუსთაველის პროსპექტზე, შუაგულ ქუჩაში, პატარა მაღაზია გაიხსნა, სადაც საფრანგეთიდან ჩამოტანილ სუნამოებს ყიდდნენ. ერთგვარი გამოფენა-გაყიდვა იყო. მე კი, ამაყი, ჩემი ჩოხით რუსთაველზე მოვდივარ. უცებ იქიდან ფრანგი ქალი გამოვარდა, რაღაცას მეუბნება ფრანგულად, მერე თარჯიმანიც გამოჰყვა და მეუბნება: ეს ქალბატონი გეუბნებათ, ეს სამოსი გაიხადეთო, გვაჩუქეთო და, თუ გინდათ, მთელი მაღაზია სახლში წაიღეთო.

1-1793268675.jpg

აი, მთელი ჩვენი სიბრძნე, მთელი ჩვენი ქართველობა სადღაც ამ ორ შემთხვევას შორის მერყეობს - არც სხვის ჭკუაზე უნდა ვიაროთ და არც ჩვენი საგანძური უნდა შევურაცხვყოთ.

იცვლება გარემო, იცვლება ორიენტირები. დროთა განმავლობაში ხვდები, სად არ ღირს შეჭიდება და რას არ უნდა მიანიჭო ზედმეტი მნიშვნელობა. რაც დრომ მოიტანა, იმავეს წაიღებს კიდეც. შემდეგ ყველაფერი სპირალისებურად დატრიალდება და რაღაც კვლავ განმეორდება.

არ ვიცი, მე ასე აღვიქვამ საერთოდ ცხოვრების დინებას...“