"ეს ახალგაზრდა ჩვენ გამუდმებით მოგვიხსენიებს, როგორც „ხანდაზმულ თაღლითებს“, ამიტომ ასეთი ადამიანისგან შენიშვნას ვერ მივიღებთ" - ბადრი ჯაფარიძე არჩილ გორდულაძეზე
ეს ახალგაზრდა [არჩილ გორდულაძე] გამორჩეულია თავისი შეურაცხმყოფელი განცხადებებით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში - ის გამუდმებით მოგვიხსენიებს ჩვენ, როგორც „ხანდაზმულ თაღლითებს“. არაერთხელ ყოფილა ასეთი განცხადება, ამიტომ ასეთი ადამიანისგან შენიშვნას ვერ მივიღებთ, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა ბადრი ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ახსნა -განმარტებითი ნაწილის შინაარსი გააპროტესტა.
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ახსნა-განმარტებითი ნაწილის წარდგენას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ ბადრი ჯაფარიძის სიტყვა პოლიტიკურ განცხადებად შეაფასა და სასამართლოს მოუწოდა, მსჯელობა დაბრუნებულიყო საკონსტიტუციო სარჩელის ირგვლივ.
„არ ვიცი რა, სტრატეგია აქვთ, ბატონო მოსამართლე, დღეს განსხვავებულად წარიმართება ჩვენი პროცესი, განსხვავებით გუშინდელი და გუშინწინდელი დღისგან. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ხმა არ ამოგვიღია გუშინ და გუშინ წინ, მიუხედავად არაერთი ტყუილისა და ფაქტებით მანიპულაციისა, მაგრამ ახლა მოპასუხე იწყებს პოლიტიკური განცხადებით თავისი პოზიციის წარმოდგენას, ამიტომ, გთხოვთ, რომ უზრუნველყოთ, რომ მხარემ მხოლოდ და მხოლოდ ისაუბროს სარჩელის გარშემო და პოლიტიკური განცხადებისთვის არ გამოიყენოს საკონსტიტუციო სასამართლოს მაღალი ტრიბუნა“, - განაცხადა გორდულაძემ.
თავის მხრივ, ის გამოეხმაურა ბადრი ჯაფარიძის განცხადებას „ხანდაზმულ თაღლითებთან“ დაკავშირებით და განმარტა, რომ ჯაფარიძეს სასამართლოს სამივე ინსტანციაში აღნიშნული საქმე წაგებული აქვს.
„არ გვაქვს წაგებული, დაელოდეთ სტრასბურგის გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ განაცხადა, რომ სასამართლო სხდომის დარბაზში, მას მსგავსი ტერმინი არ გაუგია და მხარეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მსჯელობა სარჩელის არსთან ახლოს წარემართათ.
"ინტერპრესნიუსი"