ირანთან ომის განახლების წინ პენტაგონმა სამხედრო ოპერაციების მთავარი დამგეგმავი გენერალი სამარცხვინოდ გააგდო - კვირის პალიტრა

ირანთან ომის განახლების წინ პენტაგონმა სამხედრო ოპერაციების მთავარი დამგეგმავი გენერალი სამარცხვინოდ გააგდო

ტრამპის ომის მინისტრი ჰეგსეტი რომ ძველ გენერლებს არ წყალობს, არახალი ამბავია, მაგრამ პენტაგონიდან ასე სამარცხვინოდ და თანაც ირანთან მორიგი დიდი ომის სავარაუდო განახლების წინ, პენტაგონის სამხედრო ოპერაციების მთავარი დამგეგმავი გენერალ-ლეიტენანტის გაგდება მაინც უდიდეს სკანდალს წარმოადგენს...

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა პენტაგონის წამყვანი სამხედრო სტრატეგი და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბრეტ სილვია თანამდებობიდან გაათავისუფლა

პენტაგონი გენერალს მედიასთან საიდუმლო ინფორმაციის განზრახ გაჟონვაში (აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წესების უხეშ დარღვევაში) ადანაშაულებს. გავრცელებული ცნობებით, საქმე ეხება ირანისა და უკრაინის კონფლიქტებთან დაკავშირებულ საიდუმლო მასალებს. უწყებამ გამოძიების მასალები იუსტიციის დეპარტამენტს გადასცა შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის.

ბრეტ სილვია არის აშშ-ის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, რომელიც 2026 წლის ოქტომბრის ბოლომდე იკავებდა უმნიშვნელოვანეს თანამდებობას — იყო აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების გაერთიანებული კომიტეტის სტრატეგიის, გეგმებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის (J-5) ხელმძღვანელი. ამ პოზიციაზე ის უშუალოდ კოორდინაციას უწევდა აშშ-ის სამხედრო ოპერაციების მომავალ დაგეგმარებას.

სილვია 1994 წელს გახდა ვესტ-პოინტის (აშშ-ის სამხედრო აკადემიის) კურსდამთავრებული. მონაწილეობდა ერაყისა და ავღანეთის ომებში, ასევე ოპერაციებში ბოსნიასა და სირიაში. პენტაგონში დაწინაურებამდე, იგი მეთაურობდა აშშ-ის არმიის ერთ-ერთ ყველაზე ელიტურ და ცნობილ, 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიას.

გავრცელებული ინფორმაციით, გენერალმა ბრეტ სილვიამ ვერ გაიარა სამი სხვადასხვა პოლიგრაფის ("სიცრუის დეტექტორის") ტესტი, როდესაც მას მედიასთან საიდუმლო მასალების გაზიარებაზე ჰკითხავდნენ.

კულუარული ინფორმაციის თანახმად კი, გენერალი დაუპირისპირდა თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტსა და თეთრ სახლს ირანში შესაძლო სამხედრო დარტყმების გეგმებთან და უკრაინის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რამაც ადმინისტრაციასთან სერიოზული კონფლიქტი გამოიწვია.

2-pentagoni-1793355791.jpg
პენტაგონში მომუშავე ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებს ჟურნალისტებთან ურთიერთობას კატეგორიულად უკრძალავენ...

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრი განცხადება გააკეთა პენტაგონიდან გათავისუფლებულ გენერალ-ლეიტენანტ ბრეტ სილვიასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მას „დიდი და გრძელვადიანი პრობლემები ექნება“ საინფორმაციო გაჟონვის გამო. ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია აქტიურად ებრძვის და ეძებს სამთავრობო ინფორმაციის გამჟღავნებლებს.

გენერლის მოულოდნელმა გაგდებამ პენტაგონის ბევრი თანამშრომელი აღაშფოთა, რადგან მათ სილვია მიაჩნდათ გამოცდილ, გონიერ და ბრძოლებში გამოწრთობილ ლიდერად, ზოგიერთი მათგანი კი ეჭვქვეშ აყენებს უწყების მიერ გავრცელებულ ვერსიას ინფორმაციის გაჟონვის შესახებ.

პენტაგონის გამოძიების მასალების მიხედვით კი, სილვია სისტემატურად ხვდებოდა ჟურნალისტებს პენტაგონის ტერიტორიის გარეთ და მათ საიდუმლო მასალებს უზიარებდა.

საგამოძიებო ანგარიშების თანახმად, მას შემდეგ, რაც პენტაგონმა მედიასთან კონტაქტზე მკაცრი შეზღუდვები აამოქმედა, გენერალი სილვია ჟურნალისტებს საიდუმლოდ ხვდებოდა არლინგტონში მდებარე ცნობილ რესტორან Silver Diner-ში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გენერალი მედიის წარმომადგენლებთან ოპერატიული ინფორმაციისა და ფაილების გასაცვლელად იყენებდა დაშიფრულ მესენჯერ Signal-ს. მედიისთვის გადაცემული მასალები ეხებოდა აშშ-ის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საკითხებს — კერძოდ, უკრაინისა და ირანის ომების სამხედრო გეგმებს, აგრეთვე ირანზე შესაძლო ახალი დარტყმების შესახებ მოკავშირეების გაფრთხილების დეტალებს.

როგორც გენერლის კოლეგებმა ამერიკელ ჟურნალისტებს განუცხადეს, სილვია კატეგორიულად უარყოფდა სახელმწიფო საიდუმლოების გაცემას, თუმცა ადასტურებდა, რომ პრესის წარმომადგენლებთან სამსახურებრივი კავშირი და კომუნიკაცია ნამდვილად ჰქონდა.

თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტის მმართველობის პერიოდში პენტაგონმა მკვეთრად შეზღუდა ჟურნალისტების მუშაობა, რის გამოც ბევრმა რეპორტიორმა აკრედიტაციაც კი დათმო. გენერალ სილვიას ქმედება უწყებამ აღქვა როგორც ამ წესების უხეში დარღვევა და გამოძიებისას ვიდეოკამერის წინ აღიარების მოპოვების შემდეგ, იგი დაუყოვნებლივ გაათავისუფლა.

P.S.ამერიკელი გენერლების „რისხვას“- ომის მინისტრს პიტ ჰეგსეტს კი თავის მხრივ ემუქრება იმპიჩმენტი, თუკი 3 ნოემბრის აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატებმა უმრავლესობა მოიპოვეს.

კონგრესმენები და სენატორები (როგორც დემოკრატები, ისე გარკვეული რესპუბლიკელები) აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტს კონსტიტუციის დარღვევაში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, სამხედრო დანაშაულებსა და პენტაგონის უპრეცედენტო პოლიტიზებაში ადანაშაულებენ…