"ეს არის რეჟიმი, რომელიც თვით ილია II-ს უსმენდა" - გრიგოლ გეგელია „ქართულ ოცნებაზე“
გორდულაძეს უთქვამს, სიორიძემ იცრუა, რომ თურმე სუს-ი მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენსო - ეს არის რეჟიმი, რომელიც თვით ილია II-ს უსმენდა, არათუ ეკლესიის ყველა სხვადასხვა მაღალ იერარქს,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია სოციალურ ქსელში წერს, რითაც არჩილ გორდულაძის განცხადებას ეხმაურება, რომ „აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაციაა, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენს“.
როგორც გეგელია წერს, „ეს არის რეჟიმი, რომელსაც თავიდანვე მიზნად ჰქონდა მართლმადიდებელი ეკლესიის დასუსტება, რის გამოც მოაწყო ე.წ. ციანიდის საქმე, რადგანაც ივანიშვილის მიზანი იყო ძალაუფლების ყველა კერის დასუსტება“.
„გორდულაძეს უთქვამს, სიორიძემ იცრუა, რომ თურმე სუს-ი მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენსო. აღშფოთებულა კიდევაც, ეს რა ქვეყანაში გვიცხოვრიაო.
გთავაზობთ ამონარიდებს სუს-ის თანამშრომლის, აკაკი ნემსაძის მიერ გაჟონილი ფაილებიდან:
[25.09.19, 13:40:33] Akaki Nemsadze: მ/წლის 25 სექტემბერს, მცხეთის ჯვრის მონასტერთან არსებული საპატრიარქო რეზიდენციიდან ილია მეორე დაუკავშირდა თავის დას, მონაზონ ნატალია შიოშვილს, რომელსაც აცნობა, რომ ცუდი სიზმარი ნახა და ხსენებულიდან გამომდინარე, დაავალა სასწრაფოდ შეამოწმოს საპატრიარქოში არსებული მისი (პატრიარქის) პირადი სეიფი. მოგვიანებით, ნ.შიოშვილმა უწმინდესს განუცხადა, რომ სეიფს რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება.
შენიშვნა: საეკლესიო კანონიკის მიხედვით, პატრიარქები პირად სეიფში ინახავენ ანდერძს, რომელიც იხსნება მათი გარდაცვალების შემდგომ.”
„2020 წლის 18 აპრილი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს დაუკავშირდა მისი და, მონაზონი ნატალია ღუდუშაური, რომელმაც ჰკითხა, თუ რატომ არ ირეკებოდა საეკლესიო ზარები და ხომ არ იყო რაიმე პრობლემა. ილია II-მ უპასუხა, რომ ზარები ჩვეულებრივად უნდა დაირეკოს და აღნიშნულ საკითხზე ნერვიულობა არ არის საჭირო.“
"ინტერპრესნიუსი"