“ლინა გადარეულა სვან ბიჭზე და შეყვარებულისთვის გამოუცხადებია, მასთან ვრჩებიო" - ფლორისტი ზურაბ შევარდნაძე დაუჯერებელ ისტორიას ჰყვება
სამი წლის სიყვარული, ერთი მოგზაურობა სვანეთში და მოულოდნელი გადაწყვეტილება, რომელმაც გერმანელი ახალგაზრდა მარტო დატოვა – ფლორისტი ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში დაუჯერებელ ისტორიას ჰყვება. გერმანიიდან საქართველოში შვებულებით ჩამოსული წყვილის მოგზაურობა მესტიაში მოულოდნელად სასიყვარულო დრამად გადაიქცა: გოგონა ადგილობრივ სვან ბიჭს შეუყვარდა და შეყვარებულს გამოუცხადა, რომ მასთან რჩებოდა.
აი, რას წერს ზურა შევარდნაძე:- "ორი დღის წინ გერმანელმა პროფესორმა მომწერა, ჩემი ვაჟიშვილი საქართველოშია, მგონი პრობლემა უნდა ჰქონდეს და გთხოვ, ყურადღება მიაქციეო, ტელეფონის ნომერი გამომიგზავნა. მასწავლებელი სტუდენტობის მერე აღარ მინახავს და ანტონი სულ პატარა მახსოვს, ბოტანიკურ ექსპედიციაში ჰყავდა წამოყვანილი მაროკოში პროფესორს.
ანტონს და მის შეყვარებულ გოგოს, ლინას ფილმი უნახავთ სვანეთზე და უშგულზე, გადარეულან, მალე უყიდიათ ბილეთები და ორი კვირით ჩამოსულან შვებულებით.
მესტიაში საოჯახო სასტუმროში დაბინავებულან, საშინელი წვიმიანი დღეები დახვედრიათ და გაწვალებულან, რამდენიმე სოფელიც უნახავთ, აღტაცებულან, ფილმში ნანახზე ბევრად დიდი შთაბეჭდილება დაგვიტოვაო. მგონი, მასპინძელი ოჯახის ახლობელთან, მეზობლად, ახალგაზრდა სვანი ბიჭი გაუცნიათ, ძალიან ყურადღებით და პატივისცემით იყო ჩვენს მიმართ, ორი დღე გვატარა მანქანით, ფული არ გამოგვართვა და საოცრებები გვაჩვენაო.
არ ვიცი რა მოხდა, როდის და როგორ მაგრამ ლინა გადარეულა ამ ბიჭზე, ანტონისთვის გამოუცხადებია მე მასთან ვრჩები, მაპატიე მაგრამ სხვანაირად არ შემიძლიაო.
ასე გაუბედურებული, საშინლად იმედგაცრუებული, შეურაცხყოფილი და უსაშველოდ შეწუხებული ანტონი აგერაა ახლა ჩემთან, ბაღში და ვასმევ თაფლის არაყს კაფეში. ვცდილობ დავამშვიდო, ვეუბნები, კიდევ კარგი, ახლა მოხდა ეს ამბავი და არა მაშინ როცა უკვე ოჯახი იქნებოდით, შვილები გეყოლებოდათ. ესმის ყველაფერი, მაგრამ მაინც საშინლად შეწუხებულია.. სამი წელია ერთად ვართ და გაზაფხულზე უნდა გვექორწინაო, დიდი გეგმები გვქონდა და უერთმანეთოდ არ შეგვეძლოო.