"ხვალინდელ ქათამს დღევანდელი კვერცხი გერჩივნოს" - "პეტრიოტის" 500 ანტირაკეტას კი მოგყიდით, მაგრამ როდისთვის?
უკრაინაში ძალზე უნდა გახარებოდათ, რადგან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის 500 ანტირაკეტის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა, თუმცა...
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული შეთანხმების სავარაუდო ღირებულება 2.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელიც მთლიანად პარტნიორებისა და მოკავშირეების მიერ დაფინანსდება.
უკრაინა აღნიშნულ შესყიდვას კანადის, გერმანიისა და ნორვეგიის მიერ JUMPSTART-ის პროგრამის ფარგლებში შეტანილი თანხებით და ეროვნული სახსრებით განახორციელებს, რომელიც უკრაინის მხარდამჭერი ევროკავშირის სესხით ფინანსდება.
"ამ გაყიდვის შეთანხმებაში აშშ-ის საბიუჯეტო სახსრები ჩართული არ არის“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, უკრაინის მთავრობამ აშშ-ს 500 ერთეული PAC-3 რაკეტების შესყიდვის თხოვნით მიმართა.
ასევე, პაკეტში არაძირითადი თავდაცვითი აღჭურვილობაც შედის, მათ შორის, სათადარიგო ნაწილები და პროგრამული უზრუნველყოფის კომპონენტები.
"შეთავაზებული გაყიდვა ხელს შეუწყობს აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნების მიღწევას, რადგან გააძლიერებს პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოებას, რომელიც ევროპაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
მაგრამ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ამ განცხადებაში არაფერია ნათქვამი, თუ როდიდან დაიწყებდა „პეტრიოტების“ ანტირაკეტების პირველი პარტიის მიწოდება იმ უკრაინისთვის, რომელსაც ყოველღამე ათამდე რუსული კვაზიბალისტიკური „ისკანდერი“ აქვს მოსაგერიებელი...
სამაგიეროდ, ამ საკითხში სიცხადე შეაქვს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის- „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ძლიერი გადაწყვეტილება, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების შეძენის ნებართვა მისცეს. PAC-3 ტიპის 500 რაკეტა მნიშვნელოვანია და უკვე ძალიან მალე - შესაძლოა, ამ ზამთრისთვის ეს ძალიან ეფექტური თავდაცვითი პაკეტი ყოფილიყო. თუმცა, როგორც განსაზღვრულია, მიწოდება შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყოს. ამერიკელ პარტნიორებს ვთხოვთ გამოსავალი იპოვონ, მაშინ როცა რაკეტების გამოყენების რეალური საფრთხე და საჭიროება არსებობს“.
ამჟამად აშშ-ში Patriot PAC-3 MSE-ის ტიპის რაკეტების წარმოება თვეში საშუალოდ 60-65 ერთეულს შეადგენს (რაც წელიწადში დაახლოებით 700-800 რაკეტაა). 2025 წელს სულ გამოშვებულ იქნა 620 რაკეტა (თვეში დაახლოებით 51-52 ერთეული), რის შემდეგაც ტემპი ოდნავ გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ეს მარაგი არ არის განკუთვნილი მხოლოდ უკრაინისთვის და ნაწილდება აშშ-ის საკუთარ არმიასა და სხვა გლობალურ მოკავშირეებს შორის.
მზარდი გლობალური დეფიციტის გამო, პენტაგონმა და მწარმოებელმა კომპანია Lockheed Martin-მა გააფორმეს გრძელვადიანი შეთანხმება წარმოების მკვეთრი გაზრდის შესახებ, წარმოება ეტაპობრივად სამჯერ უნდა გაიზარდოს.2027 წლისთვის გეგმა ითვალისწინებს წლიური წარმოების 750 რაკეტამდე გაზრდას,ხოლო 2030 წლისთვის კი წარმოებამ წელიწადში 2 000 რაკეტას უნდა მიაღწიოს (რაც თვეში საშუალოდ 165 რაკეტას ნიშნავს).
ამ გეგმის შესასრულებლად აშშ-მა გააფართოვა ქარხნები და მულტიმილიარდიანი კონტრაქტები გაუფორმა ქვეკონტრაქტორებსაც (მაგალითად, Boeing-ს ანტირაკეტების სამიზნე თავაკების წარმოების გასასამმაგებლად).
აქედან გამომდინარე, თეორიულადაც კი შეუძლებელია,რომ 500 ანტირაკეტა აშშ-ებმა უკრაინას უახლოეს 3-4 წელში მიაწოდოს, ამ პერიოდში კი რუსეთ-უკრაინის ომში ძალიან ბევრი რამ შეიცვლება...
უკრაინამ ამერიკელ პარტნიორებს სთხოვა მხარდაჭერის სპეციალური პაკეტი, რომელიც ამ ზამთრის პერიოდში მიწოდების თვეში 100 რაკეტამდე გაზრდას ითვალისწინებს, რადგან 2026-27 წლების ზამთრის პერიოდი ურთულესი გახდება უკრაინისთვის, რომლის ქალაქებსა და ენერგოობიექტებზე აგრესორი რუსეთი სპეციალურად გააძლიერებს ბალისტიკური რაკეტებით შეტევებს.
ზელენსკის განცხადებით, აშშ უკრაინას თვეში საშუალოდ მხოლოდ 12 Patriot-ის რაკეტას აწვდის (რაც წელიწადში დაახლოებით 150 რაკეტას შეადგენს).
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს რაოდენობა კრიტიკულად მცირეა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მიწოდებული რაოდენობის დაახლოებით მეოთხედს (25%-ს) შეადგენს.
მაგრამ მთავარი პრობლემა ის გახლავთ,რომ თვეში საშუალოდ მიწოდებული 12 ერთეული „პეტრიტის“ რაკეტაც ძირითადად საზენიტო PAC-2 ტიპისაა ანუ ის კი გამოდგება აეროდინამიკური სამიზნეების (თვითმფრინავების, ფრთოსანი რაკეტების,შვეულმფრენებისა თუ დრონების) ჩამოსაგდებად, მაგრამ ჰიპერბგერით რუსულ "ისკანდერებსა“ და "ცირკონებს“ ბევრს ვერაფერს აკლებს.
უკრაინის მხარის განსაკუთრებულ გაღიზიანებს კი ის ფაქტი იწვევს,რომ აშშ-ის ომის მინისტრი პიტ ჰეგსეტი ერთ თვეზე მეტია ხელს არ აწერს უკრაინისთვის „პეტრიოტის“ ორ ათეულამდე ანტირაკეტის სხვა ქვეყნებიდან მიწოდების უბრალო დოკუმენტს, რომელიც აშშ-ებს არაფერს დააკლებს...
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ოქტომბრის ბოლოს საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინა უკვე თითქმის ერთი თვეა ელოდება პენტაგონის ხელმძღვანელისგან ამ ნებართვას.
საუბარია 23 ერთეულ Patriot-ის რაკეტაზე, რომლებიც უკრაინის პარტნიორებმა მესამე ქვეყნების რეზერვებიდან მოიძიეს და საფასურიც უკვე გადაიხადეს, თუმცა ამერიკული კანონმდებლობით, მათ გადასაცემად აშშ-ის ოფიციალური წერილობითი ნებართვაა საჭირო.
თეთრი სახლი სამხედრო დახმარებას შესაძლოა პოლიტიკური ბერკეტად იყენებდეს, რათა აიძულოს კიევი დათმობებზე წავიდეს მოსალოდნელი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ. ასევე არსებობს ვარაუდი, რომ მიწოდება აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდეა შეჩერებული.
თავად პიტ ჰეგსეტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პენტაგონს უკრაინის მიმართ პოზიცია არ შეუცვლია. მისი განმარტებით, შეფერხება ტექნიკურია და უწყება უპირველესად ზრუნავს იმაზე, რომ „ამერიკელ სამხედროებს ჰქონდეთ მაქსიმალურად საკმარისი რაოდენობის ანტირაკეტები“ საკუთარ საწყობებში, ახლო აღმოსავლეთში ირანთან კონფლიქტის ფონზე“.
ზელენსკიმ კი დააზუსტაა, რომ ჰეგსეტმა აშშ-ის მიერ გამოყოფილი 12-რაკეტიანი პაკეტის დოკუმენტს ხელი მოაწერა და „შესაძლოა ფიქრობს, რომ ყველაფერს მოაწერა ხელი, მაგრამ ეს ასე არ არის“.
ერთი მხრივ გასაგებიცაა ამერიკული მხარის პოზიცია, როდესაც დღე-დღეზე შეიძლება განახლდეს დიდი საჰაერო ომი ირანთან და ირანული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად სპარსეთის ყურესა და ისრაელში,ამერიკელ მეზენიტეებს ძალიან ბევრი ანტირაკეტა დასჭირდებათ,გამომდინარე იქიდანაც თუ როგორ... უყაირათოდ ხარჯავდნენ ისინი ამ ანტირაკეტებს აქამდე...
ირანის მიერ ასობით ბალისტიკური რაკეტისა და დრონის მასირებული გაშვებისას, ისრაელმა და აშშ-ის ძალებმა ახლო აღმოსავლეთში პირველივე დღეებში 800-ზე მეტი Patriot-ის რაკეტა გაისროლეს. შედარებისთვის, ეს იმაზე მეტია, ვიდრე უკრაინამ ომის 4 წლის განმავლობაში ჯამურად მიიღო (დაახლოებით 600 ერთეული).
იორდანიის მიმართულებით გაშვებული ირანის მხოლოდ ერთი სარაკეტო ტალღის (დაახლოებით 20 ბალისტიკური რაკეტის) მოსაგერიებლად, აშშ-ის ძალებმა 60-დან 70-მდე Patriot-ის PAC-3 ანტირაკეტა და 10-ზე მეტი THAAD სისტემის ანტირაკეტა გამოიყენეს.
საერთო ჯამში კი, 2026 წლის 28 თებერვლიდან მოყოლებული აშშ-ის ძალებმა რეგიონში 1 060-დან 1 430-მდე Patriot-ის რაკეტა დახარჯეს, რაც ამერიკული არმიის ხელთ არსებული საწყისი მარაგის ნახევარზე მეტია და რაც უკრაინას კიდევ სამი-ოთხი წელი ეყოფობოდა ყველა რუსული „ისკანდერის“ ჩამოსაგდებად,რადგან უკრაინელი მეზენიტეები ისე დახელოვდნენ,რომ თითოეულ რუსულ „ისკანდერს“ ამერიკული „პეტრიოტის“ ერთი, მაქსიმუმ ორი ანტირაკეტით აგდებენ...