“ტრაგედიაა... დღეს დავით დოიაშვილი დარჩენილია უფუნქციოდ, ნინო კასრაძეც...“ - პრემია “თავისუფალს“, რომელიც დამოუკიდებელ თეატრებსა და არტისტებს აჯილდოებს, მხარდაჭერა ესაჭიროება
“დამოუკიდებელი თეატრებისა და არტისტების მხარდასაჭერად და წასახალისებლად შეიქმნა პრემია “თავისუფალი“, - გვეუბნება თეატრის მკვლევარი, თეა კახიანი, რომელიც პრემია “თავისუფალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ორგანიზატორია.
რას წარმოადგენს ეს კონკურსი, ვინ მონაწილეობს მასში და რა პრინციპით გადაეცემათ შემოქმედებით ჯგუფებსა თუ არტისტებს პრემია, ამაზე დამფუძნებლები და ორგანიზატორები გვესაუბრნენ.
პრემია “თავისუფალის“ ორგანიზატორები
თეა კახიანი:
- ჩემ გარდა პრემია “თავისუფალი“ დააფუძნა თეატრის მკვლევარმა გვანცა გულიაშვილმა საორგანიზაციო ჯგუფში ასევე არის ანა კვინიკაძე – ისიც თეატრის მკვლევარია. მოკლედ, ეს ქალთა კოჰორტა შევიკრიბეთ და ჩვენი საქმიანობით დამოუკიდებელ თეატრებსა და არტისტებს ვაძლიერებთ. უკვე მეოთხე წელია, ამას აქტიურად ვაკეთებთ.
- საიდან მოვიდა იდეა?
- ჩვენთვის დამოუკიდებელი თეატრები საქართველოში ძვირფასი სივრცეებია, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს ჩამოყალიბების შემდეგ გაჩნდა. ისინი თანდათანობით იზრდებოდა. ყველას ახსოვს ჭოლას (ლევან წულაძის) მიერ შექმნილი და დაარსებული “თეატრალური სარდაფი რუსთაველზე“. მასთან ერთად იყვნენ სხვა, ასევე დასაფასებელი და გამორჩეული თაობის რეჟისორები, რომლებსაც კარგად იცნობს საზოგადოება: ავთო ვარსიმაშვილი, მას ახლაც დამოუკიდებელი თეატრი აქვს “თავისუფალი თეატრის“ სახით და მრავალი წელია აძლიერებს ამ დამოუკიდებელ სცენას, მათთან ერთად იყო რეჟისორი ოთარ ეგაძეც.
ეს მოძრაობა, 90-იანი წლებიდან დაწყებული, დღეს საკმაოდ ძლიერია – ბევრი დამოუკიდებელი თეატრია საქართველოში. ტალღა, ვხედავთ, რომ სულ უფრო იზრდება და მეტი ადამიანი ერთვება ამ შემოქმედებით პროცესში... ჯერ ერთი, ამ პროცესის კვლევაა საინტერესო და თან წახალისება - ძალიან მნიშვნელოვანი.
პრემიის ორგანიზებისას, საკმარისი ინფორმაცია დაგროვდა. საერთოდ არ ვიცნობდით კონკრეტულ შემოქმედებით ჯგუფებს და ამ პროცესში, რომელიც ყოველწლიურად სეზონს აჯამებს, გამოიკვეთნენ შემოქმედებითი ჯგუფები, მოხდა მათი პრეზენტაცია.
ჯამში, ეს სტატისტიკა წონიანი აღმოჩნდა: სამი წლის განმავლობაში ყოველ წელს იკრიბება სხვადასხვა პროფესიონალისგან დაკომპლექტებული ჟიური (შემადგენლობა ყოველ წელს განსხვავებულია), რომლებიც სპექტაკლებს საქართველოს მასშტაბით ნახულობს. სამი წლის განმავლობაში ჟიურის უკვე 58 სპექტაკლი აქვს შეფასებული, - წელს კი 12 განაცხადია შემოსული.