„თუ პარტიები აიკრძალა, სტრასბურგის სასამართლო დაივიწყეთ!“ - გია ხუხაშვილის ანალიზი: რა პროცესები დაიწყება საქართველოში და როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია?!
საკონსტიტუციო სასამართლოში "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა გასულ კვირასაც გაგრძელდა. მოგეხსენებათ, მმართველი ძალა 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასა და აკრძალვას ითხოვს. ექსპერტთა დიდი ნაწილი პროცესის განვითარების 4 სავარაუდო სცენარზე ამახვლებს ყურადღებას: 1. სასამართლოს პროცესის მაქსიმალურად გაჭიანურება და ოპოზიციაზე ზეწოლისთვის გამოყენება; 2. ხუთივე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა; 3. პარტიების ნაწილის აკრძალვა; 4. სარჩელის დაუკმაყოფილება და ამის გაფორმება როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. უკვე განვლილი ორკვირიანი განხილვის შემდეგ, ჩამოთვლილთაგან ყველაზე სავარაუდო სცენარი რომელი შეიძლება იყოს? - ამ კითხვით დავიწყეთ საუბარი ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

- თქვენი ნებართვით, პროგნოზებისგან თავს შევიკავებ მარტივი მიზეზის გამო - არა მგონია, თვითონ ხელისუფლება, უფრო სწორად, ივანიშვილი იყოს ჩამოყალიბებული იმაზე, თუ რომელი სცენარით განავითარებს ამ პროცესს. ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე, რაც დიდწილად შიდაპოლიტიკური კი არა, საგარეო-პოლიტიკურია.
შესაბამისად, რის საშუალებასაც მისცემს ივანიშვილს ახალი მსოფლიო წესრიგი, რომლის დამკვიდრებაც დღეს ხდება, იმ მიმართულებით იმოძრავებს. დარწმუნებული ვარ, რომ მას თვითონ არა აქვს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული - ის მიღების პროცესშია. ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ივანიშვილი შესანიშნავი ტაქტიკოსი, მაგრამ ცუდი სტრატეგია. ის სტრატეგიაზე მაინცდამაინც არც ფიქრობს და მუდმივად ტაქტიკური მონახაზის მიხედვით მოქმედებს. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც საკუთარი ანალიზისა და პროგნოზის საფუძველზე სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო - ეს მოხდა 2022 წელს, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. არადა, მისი პროგნოზი მცდარი აღმოჩნდა და, ფაქტობრივად, გაება ისეთ ხაფანგში, რომლის მძევლადაც თვითონ იქცა. შესაბამისად, ის სტრატეგიულ ნაბიჯებს აღარ დგამს და ისევ ტაქტიკურ მონახაზებს მიჰყვება.
თუ შევხედავთ, როგორ ვითარდებოდა ეს ე.წ. საკონსტიტუციო პროცესი თავიდან, ის მაქსიმალურად ცდილობდა პროცესის გაჭიანურებას. ამას ორი მთავარი მოტივი ჰქონდა: პირველი - მეტად დალაგებულიყო გლობალური საგარეო თემები და იმის მიხედვით ემოქმედა; მეორე - ამ თემით ზემოქმედება მოეხდინა ოპოზიციაზე, მოეხდინა პარტიების ნეიტრალიზება... ასეც მიდიოდა ყველაფერი, მაგრამ ამის შემდეგ რაღაც მოხდა, რამაც ის აიძულა, დაეჩქარებინა პროცესი ან გარკვეული ქმედებების იმიტაცია მაინც ეჩვენებინა.
- რა მოხდა ისეთი, რამაც პროცესი დააჩქარა?
- ეს ისევ საგარეო ფაქტორებს უკავშირდება. თუ თვალს გადავავლებთ ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსულ-ევროპულ და რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში მიმდინარე პროცესებს, ლოგიკას დავინახავთ.
რუსეთის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, მაგრამ დონალდ ტრამპის ბოლო გადაწყვეტილებებმა თითქოს მას გაუხსნა შესაძლებლობის ფანჯარა, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი უძლეველობის მითი. ამასთანავე, რუსეთს მშვენივრად ესმის, რომ 3 ნოემბერს (აშშ-ის არჩევნებზე) ეს ყველაფერი შეიძლება დასრულდეს - თუ ტრამპმა ორივე პალატა წააგო, მოხდება მისი პოლიტიკური „გაკოჭვა“ და რუსეთისთვის დროებითი "თაფლობის თვე" დასრულდება. შესაბამისად, კრემლი ჩქარობს, რომ სადაც ჯერ კიდევ შესაძლებელია, გავლენის სფეროების კონტროლს შეუქცევადი სახე მისცეს.
თუ გადახედავთ ბოლო ერთ თვეს, რუსეთის არაერთი განცხადება მოვისმინეთ საქართველოს შესახებ, როგორც ეკონომიკაზე, ისე საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზეც კი... ეს ოდიოზური პირი, ვინმე ფიფია აქტიურობს ძალიან და იმასაც კი ბედავს და ამბობს, რომ "ერთიან სახელმწიფოში" უნდა ვიცხოვროთ, სადაც ცალ-ცალკე სახელმწიფოებად მოიხსენიებს აფხაზეთს, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს. ეს ყველაფერი ერთი დიდი სურათის ნაწილია. ამის დაჩქარება ხდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს კონტროლის მაქსიმალურად გაძლიერება და საქართველოს ხელისუფლებას მანევრის საშუალება შეეზღუდოს.
პარადოქსია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს ყოველთვის იყენებდა რუსეთის პრესინგის პრევენციისთვის. ის ამბობდა, კი ბატონო, ლოიალური ვარ, მაგრამ არის ხელის შემშლელი ფაქტორები - კონსტიტუცია, პარტიები, არა მაქვს კონსტიტუციური უმრავლესობა ამ ბარიერების მოსახსნელადო. ეს უნივერსალური არგუმენტი იყო მისთვის, რომ შეეჩერებინა რუსეთისგან ულტიმატუმების წამოყენება, მაგრამ ბოლო პერიოდში ზეწოლა ძალიან გაძლიერდა. ის დღესაც ცდილობს მანევრირებას. იმედი აქვს, რომ 3 ნოემბრის შემდეგ მეტი გარკვეულობა იქნება საერთაშორისო პოლიტიკაში. რომელ სცენარს აირჩევს საბოლოოდ - დატოვებს ამ თემას დასავლეთთან დიდი ვაჭრობისთვის, მიიღებს ნაწილობრივ გადაწყვეტილებას სასამართლოს დამოუკიდებლობის იმიტირებისთვის, თუ ბოლომდე გაჰყვება და პროდასავლურ ფლანგს მთლიანად გააუქმებს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოცემულობა გვექნება რუსეთთან დაკავშირებით.
სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრად კობახიძესაც ამის გამო იტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ლურსმანი უკვე ჩაჭედებული აქვს მის პოლიტიკურ კუბოში, არ იცის, ვინ უნდა იყოს შემდეგი. მას ჯერ არა აქვს ჩამოყალიბებული, რა ტიპის პრემიერ-მინისტრი სჭირდება: ისეთი, რომელიც "ტრაქტატი 2"-ს მოაწერს ხელს, თუ შედარებით "დავარცხნილი", რომელიც აზერბაიჯანის ტიპის ავტოკრატიას ჩამოაყალიბებს და დისტანციას შეინარჩუნებს რუსეთთან.
დემოკრატიასა და დასავლეთზე საუბარი მის პოლიტიკურ ცნობიერებაში დახურულია. ის ოცნებობს ისეთ ურთიერთობებზე დასავლეთთან, როგორიც აზერბაიჯანს აქვს: კონტაქტები და სავაჭრო პარტნიორობა, მაგრამ არანაირი ინტეგრაციული პროცესი. ეს არის მისი იდეალური მოდელი, თუ, რა თქმა უნდა, არ გახდა იძულებული, პირდაპირ რუსეთის იმპერიაში რეინტეგრაციისკენ გადადგას ნაბიჯები, საითაც დღეს მივდივართ.
თუმცა, თუ ივანიშვილს საშუალება მიეცა, არ გაუჭირდება პუტინის გადაგდებაც. მას "პატრონის გადაგდება" არასოდეს უჭირდა... მე არ ვიზიარებ კონცეფციას, რომ ის თავიდანვე რუსული პროექტი იყო. მასზე რუსულ პოლიტიკას აქვს სერიოზული გავლენა, მაგრამ არა აბსოლუტური.
- წარმოუდგენელი მგონია, ქართველმა საზოგადოებამ რუსეთთან რეინტეგრაცია ასე უპრობლემოდ მიიღოს...
- ქართველი საზოგადოება თეორიულად ამის წინააღმდეგია, მაგრამ ჩვენი საზოგადოებისთვის დამახასიათებელია ერთგვარი კონფორმიზმი, მათ შორის აგრესიული კონფორმიზმი. ფუჭი იმედებითა და ილუზიებით ვცხოვრობთ, - ეგება ასე არ მოხდესო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინდიკატორი სახეზეა, საზოგადოება კი ამას კონსოლიდირებულად არ აპროტესტებს.
კონფორმიზმის გარღვევას სჭირდება ალტერნატიული ძალის ფორმირება, რომელიც ამ განწყობების კაპიტალიზაციას მოახერხებს. ეს როლი ეკუთვნის პოლიტიკურ ოპოზიციას, მაგრამ აქ დიდი პრობლემა გვაქვს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მაგალითზე ეს ძალიან კარგად ჩანს: ოპოზიცია შევიდა სამართლებრივ პოლემიკაში, ამტკიცებს თავის სიმართლეს და იბრძვის სამართლიანობისთვის. ამას საკმაოდ კომპეტენტურად და კარგად აკეთებს, მაგრამ ოპოზიციის მიზანია აპელირება სიმართლეზე, კომპეტენციის გამოვლენა და საზოგადოებისთვის თავის მოწონება, მაგრამ ხელისუფლებას ეს მიზანი არა აქვს! ხელისუფლებას უკეთესად ესმის კონფორმიზმის ანატომია და სამიზნე საზოგადოების ფსიქოლოგია. მას არა აქვს მიზნად, რომ თავი მოაწონოს ვინმეს. მისი მიზანია ძალის დემონსტრირება. ისინი საზოგადოებას ეუბნებიან, ამათ რამდენიც არ უნდა ამტკიცონ სასამართლოში, რომ 2+2=4-ია, მე მაინც ვიტყვი, რომ 2+2=5-ია და ეს უნდა შეჭამოთ, სხვანაირად ცუდად გექნებათ საქმეო.
ისინი არ ცდილობენ რაციონალური არგუმენტებით ლაპარაკს. მაგალითად, გორდულაძე ყველა გამოსვლაში ამ პარტიებს მოიხსენიებს, როგორც "არაკონსტიტუციურს", როცა გადაწყვეტილება მიღებულიც არ არის. მათი ამოცანაა საზოგადოების დაშინება, შიშისა და ნიჰილიზმის დანერგვა.
- რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ ასეთ შემთხვევაში?
- ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს ეს მოცემულობა. არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ მხოლოდ სიმართლეა საკმარისი ხელისუფლების შესაჩერებლად. უნდა დაიწყოს რეალური პოლიტიკური პროცესი - ძალის ფორმირება. კონფორმისტი თავის ბანაკს იცვლის მაშინ, როდესაც დაინახავს ალტერნატიულ ძალას. ის არ მსჯელობს მხოლოდ იმ პარამეტრით, ვინ მოსწონს და ვინ არა; მან უნდა დაინახოს ძალის ცენტრი, რომ გათავისუფლდეს შიშისა და ნიჰილიზმის მარწუხებისგან. ოპოზიცია იმდენად გაერთო სამართლებრივი დავით, რომ ამ ძალის ფორმირებაზე არ ზრუნავს. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი რომ მიდის, გარეთ 500 ან 1000 კაცი რომ იდგეს ქუჩაში (ხუთი პარტიაა და თითომ 100 კაცი რომ გამოიყვანოს), ადამიანები დაინახავდნენ, რომ პარტიებსა და ხალხს შორის არსებობს ბმა და ეს არ არის სტერილური პარტიული გარჩევა.
სისტემური მუშაობაა საჭირო - არა მხოლოდ დარბაზში, არამედ ყველა ინსტრუმენტის ჩართვით. ხალხს უნდა დაანახო, რომ შენ მხარეს არა მხოლოდ სიმართლე, არამედ ძალაც არის და გაქვს უნარი, შეაჩერო ეს დამანგრეველი პროცესი. მარტო ყვირილი, ხელისუფლება ცუდია, საკმარისი არ არის.
- თუ მაინც აკრძალეს პარტიები (ან ნაწილობრივ), სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რამდენად ექნება გაგრძელება ამ საქმეს?
- სტრასბურგის თემა დაივიწყეთ! პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება თავისთავად ნიშნავს, რომ ჩვენი და დასავლეთის ურთიერთობა შეწყდება და, ფაქტობრივად, კონსტიტუციის მიღმა დავრჩებით. როდესაც დასავლური ვექტორი დახურულია, სტრასბურგი ან ჰააგა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაზე ფიქრიც ზედმეტია. ეს გადაწყვეტილება შეიძლება ვიღაცისთვის გულის მოსაფხანად იყოს საინტერესო, მაგრამ პოლიტიკურად, როგორც კი დასავლეთის კარი დაიხურება, მეორე კარი გაიღება რუსეთისკენ! სხვა კარი არ არსებობს. ვიღაცები ქმნიან ილუზიას, რომ "მესამე გზა" ან დამოუკიდებელი არსებობა შესაძლებელია - არადა, ჩვენ არანაირი რესურსი არა გვაქვს, რომ ამ რთულ რეგიონში დამოუკიდებლად ვმართოთ პროცესები, ან დაბალანსებული პოლიტიკა გავატაროთ. ბალანსი არსებობდა მანამ, სანამ დასავლეთის კარი ღია იყო. როგორც კი ეს კარი დაიხურება, ბალანსზე ლაპარაკიც გაქრება.
- პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ორი საკანონმდებლო ცვლილება: პირველი - საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარება ნებადართული გახდა; მეორე - ენერგოტარიფებთან დაკავშირებით. სამორინეების თემით დავიწყოთ... ამ ხელისუფლების პირობებში წლების განმავლობაში იყო ლაპარაკი სათამაშო ბიზნესის შეზღუდვაზე, თუმცა საბოლოოდ მივიღეთ შედეგი, როდესაც 10 უმსხვილესი კომპანიიდან 8 სათამაშო ბიზნესს წარმოადგენს...
- საქმე ის არის, როდესაც აშენებ ავტორიტარულ სისტემას, ამ "ურჩხულს" სჭირდება მუდმივი კვება. საიდან უნდა იკვებოს? ჩვენ არა გვაქვს ენერგეტიკული ან ბუნებრივი რესურსები, რომლებითაც სხვა ავტორიტარული ქვეყნები იკვებებიან. რაკი ცივილიზებული ეკონომიკის რეალური სექტორი და ბუნებრივი რესურსები არა გაქვს, იწყებ კვაზიეკონომიკის, "რუხი ზონის" აღზევებას. ესენია: ქოლცენტრები; ფულის გათეთრება დეველოპერულ ბიზნესში (სადაც მშენებლობის ბუშტი არაადეკვატურად იბერება); სათამაშო ბიზნესი (კაზინოები და ტოტალიზატორები); უკანონო ტრანზიტები და კონტრაბანდა.
- როგორც უკვე ვახსენე, პარლამენტმა ასევე დაჩქარებული წესით მიიღო "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში ცვლილებები, რომლის თანახმად, სემეკს ენიჭება უფლებამოსილება როგორც წყლის, ასევე ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის დიფერენცირებული ტარიფები დაადგინოს. მიღებული კანონის თანახმად, სემეკი უფლებამოსილი იქნება 2036 წლის 1-ლ იანვრამდე - წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ლ იანვრამდე, ბუნებრივი გაზის ტარიფის დადგენის დროს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მოხმარებული მოცულობის მიხედვით განსხვავებული მომსახურების ღირებულება დაადგინოს.
- ამის ობიექტური მიზეზი ის არის, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ენერგომატარებლებზე ფასები გაიზარდა. თუმცა საქართველოს ჰქონდა შანსი, ეს თემა შეეკავებინა, რადგან ჩვენ გვეკუთვნის უფასო და იაფი სატრანზიტო გაზი.
ტარიფის შენარჩუნება შესაძლებელი იყო, მაგრამ ხელისუფლებას რატომ უნდა დაეკარგა ეს შემოსავლები? არ ჯობია, გააძვიროს და ჩვენი ჯიბიდან ამოიღოს ფული? მერე გამოუშვებენ თავიანთ სპიკერებს და ალაპარაკებენ, როგორ უნდა გავაკეთოთ ეკონომია. მილიონერები აგვიხსნიან, როგორ დავზოგოთ კომუნალური გადასახადები...
თან ამ დიფერენცირებული ტარიფის შემოტანას ფუთავენ "სოციალური სამართლიანობის" საბაბით - თითქოს ვინც ბევრს მოიხმარს, იმას მეტს გადაახდევინებენ. ნახავთ, ისეთ დაბალ ზღვარს დააწესებენ, ფაქტობრივად, ყველა ოჯახი გაძვირებულ კატეგორიაში აღმოჩნდება! მაძღარს ყველა მაძღარი ჰგონია. ხალხს არსებული არაადეკვატურად მაღალი ტარიფებითაც ძლივს გააქვს თავი. ცინიკურია ეს ყველაფერი... ერთხელ ბენდუქიძემ თქვა, რა პრობლემაა, მეც მომდის გაზის გადასახადი და ვიხდი, ასე გადაიხდის ყველაო, და ამაზე ჯვარს აცვეს. ესენიც, როგორც ბენდუქიძე, საქართველოს უყურებენ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ნომრებიდან და სასახლეებიდან... საინტერესოა, რიგითმა ქართველმა რა უნდა ქნას? გამოდის, ზამთარში არ უნდა გათბეს.